Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიდეოკომპრომატები ჯაშუშობის საქმეზე


გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე
გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე
ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ რეპორტიორების საქმის ორი დეტალი გამოაქვეყნა. კერძოდ, გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებიც ნათელყოფს, რომ გიორგი აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის მიერ ადვოკატების აცილება იძულების წესით მოხდა. ფოტორეპორტიორების საქმის გამოძიების მოთხოვნა პროკურატურაში ჯერ არ შესულა. სარჩელის მასალებში, სავარაუდოდ, ზემოხსენებული ვიდეოკადრებიც მოხვდება.

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე არ ამხელს იმ პირის ვინაობას, ვისი დახმარებითაც მას ხელთ ჩაუვარდა მასა და მის მეგობარზე განხორცელებული ზეწოლის ამსახველი კადრები, თუმცა აზუსტებს, რომ უახლოეს დღეებში სხვა მასალებიც გამოქვეყნდება - მათ შორის, ისეთ გახმაურებულ საქმეზე, როგორიც ”ენვერია”. უშუალოდ ფოტორეპორტიორების საქმეს რაც შეეხება, გიორგი აბდალაძე ამბობს, რომ მტკიცებულებების შეკრებისა და ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ პროკურატურაში, ფოტორეპორტიორების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, სარჩელი შევა. პროკურატურა გადაწყვეტს, მტკიცებულებად გამოდგება თუ არა ის ვიდეოკადრები, რომლებიც უკვე გამოქვეყნდა, - ამბობს გიორგი აბდალაძე. ვიდეოკადრებიდან კი ირკვევა, რომ ადვოკატების აცილება დაკავებულთა სურვილი არ ყოფილა და კარნახით მოხდა:

” ახლა პროცედურულად ესეთ რაღაცას გავაკეთებთ. შენ დაწერ განცხადებას გამომძიებლის სახელზე და ტექსტს დაწერ ასეთს - მოიცა, ჯერ წაგიკითხავ: 21 ივლისს, ჩემი დაკითხვის დასრულების შემდგომ, როგორც იყო, პროკურატურას მოვმართე განცხადებით, რაზეც ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატები ბესელია, მაჭარაშვილი, ჩინჩაბაძე და ჩიქოვანი არ დამეთანხმნენ და აღნიშნული უარი დავაფიქსირე ჩემს განცხადებაში. ვინაიდან ჩემი პოზიცია არ ემთხვევა ადვოკატების პოზიციას და ისინი მოქმედებენ ჩემი ინტერესების საწინააღმდეგოდ, მათ მიმართ ვაყენებ აცილებას და არ მსურს მათ დაიცვან ჩემი ინტერესები”.
მისი ბრძანებით და პირადად ის კურირებდა ყველაფერს ჩვენს საქმეებთან დაკავშირებით. პროკურატურა გადახედავს მტკიცებულებების ამბავს ...

იმავე შინაარსისაა ვიდეოჩანაწერი ზურაბ ქურციკიძის შესახებაც. ვიდეოჩანაწერები ფოტორეპორტიორების გლდანის ციხეში ყოფნის პერიოდს ასახავს.გაზეთ „ალიას“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი აბდალაძე, სააგენტო EPA-ს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე და პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 21 ივლისს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მათ განცხადება დაწერეს. 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ზურაბ ქურციკიძეს 3 წლით, ხოლო გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს 4-4 წლით თავისუფლების პირობითად აღკვეთა შეეფარდათ. ფოტოგრაფების საქმის ხელახალი გამოძიების საკითხი საჯარო განცხადებების დონეზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთანავე დადგა. გიორგი აბდალაძე ამბობს, რომ ფოტოგრაფების საქმეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რადგან საქმეს პირადად იგი კურირებდა:

”მისი ბრძანებით და პირადად ის კურირებდა ყველაფერს ჩვენს საქმეებთან დაკავშირებით. პროკურატურა გადახედავს მტკიცებულებების ამბავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უშუალოდ ვანო მერაბიშვილი, ზურა ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან საქმეში”.

გიორგი აბდალაძე აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებული უფრო მწვავე და სერიოზული მასალები გამოქვეყნდება.

”მე მზად ვარ პასუხი ვაგო და გავცე ყველა იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც საზოგადოებას ან მართლმსაჯულებას აინტერესებს,” - განაცხადა, თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა 25 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში ”პ.ს.”. შეკითხვა უშუალოდ ფოტორეპორტიორების საქმეს არ შეეხებოდა, ზოგადია პასუხიც:

ესე ლექსივით ჩამოარაკრაკა გამომძიებელმა მის მიერ შეთითხნილი რაღაცა ჩვენება და უთხრა, შენ ამას ხელი უნდა მოაწერო, შენ ესე უნდა გააკეთო და ასე შემდეგ ...

”ყველა ამ საქმეში, ჩემის აზრით და ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი არის გარკვეული, დასკვნები დადებულია და, რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ხელისუფლებაში ვიყავით, დამაჯერებლობა ამ საქმეების სამართლიანად განხორციელებაზე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ეჭვს იწვევდა და სწორედ დღეს დადგა დრო, მე მგონი, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ ეს საქმეები ხელახლა გამოიძიოს, თუ საჭიროდ ჩათვლის გამოაქვეყნოს მასალები. მე ვთვლი, რომ ამ თქვენს მიერ ჩამოთვლილ საქმეებში და ნებისმიერ სხვა საქმეში ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს”.

ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ საზოგადოება სულ მალე დარწმუნდება, რომ ცალკეულ საქმეებთან დაკავშირებული ეჭვები უსაფუძვლო იყო. ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი იხსენებს 2011 წლის 13 ივლისს, როდესაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმისათვის გრიფით ”საიდუმლოს” მოხსნისა და მათი თავდებით გამოშვების მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ჟურნალისტების შეხვედრა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ მაშინ გაჩენილი ეჭვები დღეს ფოტორეპორტიორების მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალებით, გაქარწყლების ნაცვლად, გაუმყარდა:

”ესე ლექსივით ჩამოარაკრაკა გამომძიებელმა მის მიერ შეთითხნილი რაღაცა ჩვენება და უთხრა, შენ ამას ხელი უნდა მოაწერო, შენ ესე უნდა გააკეთო და ასე შემდეგ. დიახაც, ჩანს ამ ვიდეოდან, როგორი წნეხი ხორციელდებოდა ფოტორეპორტიორებზე და ჩვენ ვიყავით მართლები, როდესაც არ ვუჯერებდით შინაგან საქმეთა სამინისტროს”.

ხელახალი გამოძიება ფოტორეპორტიორების საქმეზე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება. რა უნდა გააკეთოს პროკურატურამ იმისათვის, რომ საქმეს პოლიტიკური სახე არ მიეცეს? ამ შეკითხვით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატს, მიხეილ ღოღაძეს მივმართეთ. გამოძიება ობიქეტურად უნდა ჩატარდეს, - გვითხრა მან და დასძინა, რომ ჯერჯერობით უჭირს იმის თქმა, როგორ წარიმართება საგამოძიებო პროცესი.
XS
SM
MD
LG