Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესიდან საქართველოსთან დაკავშირებულ 3 ინტერნეტპუბლიკაციას გაგაცნობთ. “ოუპენ დემოკრასიმ” და “იურეიჟა ვიუმ” პუბლიკაციები მიუძღვნეს აფხაზებსა და ოსებთან საქართველოს შესაძლო მოლაპარაკებების დაწყებას. “კომონსპეისმა” სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც, სხვა თემებთან ერთად, სომხეთზე საქართველო-რუსეთის ომის გავლენის შესახებაა საუბარი.

ონლაინგამოცემა “ოუპენდემოკრასი” გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც იგი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ავტორის აზრით, რუსეთ-საქართველოს ომი დასავლელი პოლიტიკოსებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს და, შესაბამისად, საქართველო თავად უნდა ეურთიერთოს რუსეთს. ამ თვალსაზრისით, იგი დადებით შეფასებას აძლევს ივანიშვილის მცდელობას, გააუმჯობესოს ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ, ამავდროულად, ავტორი ხაზს უსვამს აფხაზებსა და ოსეთთან მოლაპარაკების აუცილებლობას:

“პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი პრაგმატულია – მას ესმის, რომ მარტო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ თბილისი, სოხუმი და ცხინვალი პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდნენ, საჭიროა სეპარატისტულ რეგიონებთან ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება. პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანი პირველი გადადგმული ნაბიჯია იმის დაშვებისკენ, რომ სოხუმი და ცხინვალი პოლიტიკური მოთამაშეები არიან, რომელთაც თავიანთი ინტერესები და მისწრაფებები აქვთ”.

“ოუპენ დემოკრასის” სტატიისგან განსხვავებით, “იურეიჟა ვიუს” ავტორი სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის ურთიერთობას. ის ყურადღებას ამახვილებს რუსეთის პოლიტიკის მნიშვნელობასა და რეგიონების უარყოფით განწყობაზე, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას:

“იმის მიუხედავად, რომ პირდაპირი კონტაქტი და დიალოგი ნებისმიერი საერთაშორისო სამშვიდობო შუამავლის მთავარ ამოცანათა სიაში შედის, სავარაუდოდ, პატარაა იმის შანსი, რომ სოხუმს ან ცხინვალს ახლა თბილისთან ერთი-ერთზე საუბრის განსაკუთრებულად დიდი სურვილი ჰქონდეს... სოხუმი და ცხინვალი საუბარზე რომც დათანხმდნენ, ბუნდოვანია, რამდენად იქნება შესაძლებელი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის ამ ორ რეგიონთან თბილისის პრობლემის ნაწილი, მაგრამ მოსკოვი ომში ჩაება სამხრეთ ოსეთისთვის, ორივე ტერიტორია ძლიერი სამხედრო დაცვის ქვეშ ჰყავს (გადაწყვიტა ღობე ააშენოს, რათა სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე გარკვეული სახლები და მინდვრები, რომლებიც თბილისის კონტროლის ქვეშაა, თავისი მეთვალყურეობის ქვეშ მოაქციოს) და ტერიტორიების დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისთვის იღვწის”, -- წერს “იურეიჟა ვიუ”.

დაბოლოს, ონლაინგამოცემა “კომონსპეისის” ინტერვიუ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, შარვაშ ქოჩარიანთან. ინტერვიუში საუბარია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ომსა და აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნაზე. ქოჩარიანის თქმით, სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებით. ეკონომიკის მხრივ, მათთვის ხელსაყრელია, საქართველოს მიერ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა, რადგან ის მათ ვაჭრობის წარმოებას გაუადვილებს. ქოჩარიანმა აღნიშნა, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომმა უარყოფითად იმოქმედა სომხეთის ეკონომიკაზე:

“ომს მნიშვნელოვნად ნეგატიური ეკონომიკური გავლენა ჰქონდა ჩვენზე, რადგან სომხეთის ვაჭრობის 75%-იდან 80%-მდე საქართველოს გზით გადის, ხოლო 20-25% _ ირანის გავლით. როგორც იცით, საზღვრები ჩაკეტილია აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ამიტომ ჩვენი კავშირი საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანია. მისი გავლით, გარე სამყაროსთან ვაწარმოებთ ვაჭრობას”.

ქოჩარიანმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე ქვეყნებისგან განსხვავებულ პოლიტიკაზე. სომხეთი, უსაფრთხოებისა და ვაჭრობის თვალსაზრისით, მჭიდროდ არის რუსეთთან დაკავშირებული, მაგრამ, ამავდროულად, სომხეთის მთავრობა ცდილობს ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმოს ევროკავშირთან. გასულ კვირაში მათ თითქმის დაამთავრეს მოლაპარაკება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის თაობაზე შესათანხმებლად. ასევე, სომხეთი თანამშრომლობს ნატოსთან. ქოჩარიანი აცხადებს, რომ სომხეთს სურს დასავლეთთან ურთიერთობა, თუმცა არასდროს გამოუთქვამს სურვილი ნატოსა ან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

“რუსეთი ჩვენი არჩევანია სამხედრო-უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც “ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა” ევროკავშირთან ჩვენი ეკონომიკური არჩევნია. ეს ურთიერთსაპირისპირო არ არის”, ამბობს ქოჩარიანი.
XS
SM
MD
LG