Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოს როლი რელიგიური კონფლიქტების მოგვარებაში


„სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტი ჯგუფის მიმართ“ - ასეთი სახელწოდება აქვს გამოკვლევას, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე სოფელ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში ბოლო დროს მუსლიმი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება. გამოკვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოამზადა და 5 დეკემბერს გააცნო საზოგადოებას. გამოკვლევის ავტორთა შეფასებით, ყველა ზემოთ ნახსენებ შემთხვევაში სახელმწიფოს პოლიტიკა სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის უმთავრეს სტანდარტებს ასცდა, რელიგიურ კონფლიქტებში სახელმწიფოს მონაწილეობის ანალიზმა კი აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნდა კონფლიქტების კომპლექსურად და, რაც მთავარია, სამართლიანად გადაწყვეტის სტრატეგია, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ კონფლიქტების მოგვარება დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას - ეკლესიას - გადააბარა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თავის გამოკვლევაში თანმიმდევრულად მოგვითხრო, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები მუსლიმებით დასახლებულ საქართველოს სამ სოფელში, სადაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში რელიგიურ ნიადაგზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა; შეაფასა კონფლიქტის მოგვარებაში სახელმწიფოს როლი და დაგვანახვა, რა პრობლემები არსებობს დღემდე მუსლიმურ თემში. გამოკვლევის ავტორმა თამთა მიქელაძემ 5 დეკემბერს „ჰაინრიხ ბიოლის ფონდში“ გამართულ ამ გამოკვლევის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ გაახსენა შეკრებილ საზოგადოებას, რა მოხდა ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში.

ნიგვზიანში 2012 წელს, ბაირამის დღესასწაულზე, პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ, მუსლიმებს გზა 150-მა ქრისტიანმა გადაუღობა და სამლოცველოს გაუქმება მოსთხოვა. კონფლიქტი თითქმის ორი კვირა გაგრძელდა. სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ ვითარება განიმუხტა.

სოფელ წინწყაროში კონფლიქტი გამწვავდა 2012 წლის 30 ნოემბერს, როცა მუსლიმების სამლოცველოში ლოცის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ადგილობრივმა ქრისტიანებმა მუსლიმ მრევლს ასევე აუკრძალა ლოცვის ჩატარება. ამ ამბავს კი წინ უძღოდა სასაფლაოს ჭიშკარზე ჯვრის მოჭრა, რამაც ადგილობრივი მართლმადიდებლების გაღიზიანება გამოიწვია და რასაც ისინი ადგილობრივ ხოჯას აბრალებდნენ.

ცოტა მოგვიანებით ვითარება დაიძაბა სოფელ სამთაწყაროშიც. კონფლიქტის ყველაზე დაძაბული ფაზა 2 თვეს გრძელდებოდა. იქაც დაპირისპირების მიზეზად მუსლიმთა სამლოცველო იქცა.

ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებამ შექმნა კომისია, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, თუმცა ის დებულება და განცხადებები, რაც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, არ არის ადეკვატური - მას არა აქვს სათანადოდ გააზრებული პრობლემები...
თამთა მიქელაძე
გამოკვლევის ავტორის თამთა მიქელაძის განცხადებით, ამ კონფლიქტების მოგვარებაში სახელმწიფოს პასიურმა როლმა და იმან, რომ პრობლემის მოგვარება სახელმწიფომ რელიგიურ ლიდერებს ანდო, მსგავსი დაპირისპირებების განმეორება განაპირობა. მაშინაც და დღესაც სახელმწიფოს მიმართ EMC-ის ერთ-ერთ მთავარ მოწოდებად რჩება, გადახედოს რელიგიის პოლიტიკას.

„ასევე აღმოფხვრას ის დისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც გვხვდება ადმინისტრაციულ პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებამ შექმნა კომისია, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, თუმცა ის დებულება და განცხადებები, რაც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, არ არის ადეკვატური - მას არა აქვს სათანადოდ გააზრებული პრობლემები, რომელიც რეალურად არსებობს“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

გამოკვლევაში, ცნობილი ფაქტების შეფასების გარდა, გაანალიზებულია რამდენიმე ტენდენცია, რომელთაც თამთა მიქელაძე და მისი კოლეგები შემაშფოთებლად მიიჩნევენ - მაგალითად, ადგილობრივ სკოლებში პროზელიტიზმის ფაქტები:

„საჯარო სკოლის მასწავლებლები პირდაპირ, ღიად საუბრობდნენ იმაზე,რომ მათთვის მიუღებელია მუსლიმი ქართველის იდენტობა, რომ, დიახაც, მუსლიმმა ბავშვებმა ქრისტიანულად უნდა ილოცონ და რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ისინი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაბრუნდნენ“.

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე
ნიგვზიანის მუსლიმი მოსახლეობა ჩიოდა იმაზეც, რომ არც ერთი მუსლიმი საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის. გადაწვეტილებები სოფელში მათი გვერდის ავლით მიიღება:

„დამლაგებლებიც კი არ არიან მუსლიმები, ან სკოლის მასწავლებლები. ისევე როგორც ადგილობრივი რაღაც გადაწყვეტილებების მიღებისას მათი აზრი უგულებელყოფილია“.

და კიდევ ერთი გავრცელებული და, თამთა მიქელაძის შეფასებით, ასევე შესაცვლელი მიდგომა, რაც გამოკვლევაში აისახა:

„საუკეთესო შემთხვევაში, სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ მუსლიმებს შეუძლიათ საკუთარ სახლებში იცხოვრონ და ილოცონ, მაგრამ საჯარო სივრცის დაკავების უფლება მათ არ გააჩნიათ“.

რამ გამოიწვია ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ რამდენჯერმე მუსლიმებით დასახლებულ რეგიონებში ვითარების გამწვავება? - ვკითხეთ ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დამფუძნებელს, იურისტ გიორგი მშვენიერაძეს. მისი აზრით, ისლამობოფიური, უფრო დაზუსტებით კი, თურქოფობიური კამპანია საქართველოში არჩევნებამდე დაიწყო და ის იყო ნაწილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების წინასაარჩევნო პროგრამისა:

სახელმწიფოს ქმედებებმა გარკვეულწილად იმედები გააჩინა, მაგრამ ეს ქმედება ერთია და პარალელურად ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საკანონმდებლო ინიციატივებს, გარკვეულ ძვრებს. დომინანტი რელიგიური ჯგუფი არ თმობს თავის შესაძლებლობებს, რაც მას დღეს გააჩნია...
გიორგი მშვენიერაძე
„ჩემი აზრით, ეს პროცესები გაგრძელდა არჩევნების შემდეგაც სწორედ იმ ამომრჩეველში, რომელიც მხარს უჭერდა ასეთ დამოკიდებულებას და, როგორც გამარჯვებულებმა, თავს უფლება მისცეს გამოეჩინათ ეს აგრესია რელიგიური უმცირესობის, ამ შემთხვევაში, მუსლიმთა თემის მიმართ; თანაც დაინახეს, რომ პოლიციას ამ ყველაფერზე რეაქცია, ფაქტობრივად, არ ჰქონდა“.

გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან მუსლიმი მოსახლეობის დასაცავად გარკვეული ნაბიჯები გვიან, მაგრამ მაინც გადაიდგა, მისი აზრით, მას შემდეგ, რაც მთავრობის ხელმძღვანელებს ზუსტი ინფორმაცია მიეწოდათ; თუმცა, მიუხედავად ამისა, პრობლემად რჩება ეკლესიის ჩარევის მცდელობა სახელმწიფო მართვის პროცესში:

„სახელმწიფოს ქმედებებმა გარკვეულწილად იმედები გააჩინა, მაგრამ ეს ქმედება ერთია და პარალელურად ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საკანონმდებლო ინიციატივებს, გარკვეულ ძვრებს. დომინანტი რელიგიური ჯგუფი არ თმობს თავის შესაძლებლობებს, რაც მას დღეს გააჩნია. ცუდი ამაში შესაძლოა არაფერი იყოს, რომ არა ის ფაქტი, რომ ბოროტად იყენებენ ამ შესაძლებლობებს, ანუ მათ სურთ თავად აიღონ მართვის სახელისუფლებო ბერკეტები, რისი ნათელი მაგალითიცაა თვითმმართველობის კოდექსის მიმართ გაკეთებული პატრიარქის ბოლო განცხადება, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად, მან გვითხრა, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ისე, როგორც იმართებოდა საბჭოთა კავშირის დროს, ცენტრალიზებულად“.

გამოკვლევის პრეზენტაციაზე საპატრიარქოს წარმომადგენელმა მაგდა კოტრიკაძემ, რომელიც, ამავე დროს, მუშაობს ორგანიზაციაში „იურისტები დემოკრატიის განვითარებისა და სამართლებრივი დახმარებისათვის“, სამთაწყაროს მოსახლეობის ერთი ნაწილის განცხადება ჩაიკითხა, რომელშიც ადგილობრივები - სულ 400 ადამიანი - წერენ, რომ რამდენიმე ხნის წინ მოსახლეობაში ჩამოიარეს პიროვნებებმა, რომლებიც სოფლის მცხოვრებთაგან აგროვებდნენ ხელმოწერებს იმის თაობაზე, აჭარულ ოჯახებში სრულდებოდა თუ არა მუსლიმური ადათ-წესები. თუმცა მოგვიანებით ამ პირებმა ეს ხელმოწერები სულ სხვა მიზნით გამოიყენეს და დაურთეს სამთაწყაროში მუსლიმური სამლოცველოს აშენების მოთხოვნის წერილს:

„მე ხელში მიჭირავს 400 ადამიანის ხელმოწერა და როცა ასეთ კვლევებს ატარებთ, გადაამოწმეთ ხოლმე ასეთი რამეებიც. ჩემი აზრით, გადაჭარბებულია ის შეფასებები, რაც თქვენს გამოკვლევაშია წარმოდგენილი. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ასეთი სენსიტიური საკითხის მიმართ? ეს ხომ ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა?“

ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენც ქართველები ვართ, ძმები, და ვფიქრობთ, რომ რელიგია არ უნდა წარმოადგენდეს გამყოფ ფაქტორს ჩვენს ურთიერთობაში...
ტარიელ ნაკაიძე
საქართველოში მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ პრობლემები არსებობდა ადრეც, 90-იან წლებში, თუმცა მაშინ, იმის გამო, რომ რელიგიური განათლებაც ნაკლები იყო და მუსლიმთა თემში საზოგადო მოღვაწეების ნაკლებობაც შეიმჩნეოდა, ვინც ამ პრობლემას სააშკარაოზე გამოიტანდა, პროტესტი იყო ფარული და მოსახლეობაში რჩებოდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მუსლიმთა თემმა საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა გაააქტიურა. 2007-2008 წლებამდე, მაშინდელი ხელისუფლების მხარდაჭერით, ზოგიერთი პრობლემის მოგვარება დაიწყო. დაპირისპირება ღიად არც მაშინ ჩანდა, მაგრამ არსებობდა. მაგალითად, ნიგვზიანში ვითარება, ტარიელ ნაკაიძის თქმით, ჯერ კიდევ 2010 წელს დაიძაბა, როდესაც ადგილობრივ მუსლიმებს რაიონის გამგებელმა მეჩეთის აშენების უფლება არ მისცა. 2012 წელს უარყოფითი განწყობა ადგილობრივმა ქრისტიანმა მოსახლეობამაც გამოხატა და მოხდა ის, რაც მოხდა. ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს:

„თუ რაღაც კანონით აკრძალულია, უნდა იყოს ყველასათვის აკრძალული, ხოლო თუ არ არის აკრძალული, მაშინ გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ ვიღაცის სურვილის მიხედვით: მე მინდა ასე და ავკრძალოთ. ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და ეს მისასალმებელია, მაგრამ ნაწილი მართლმადიდებელი მრევლისა და, სამწუხაროდ, ხშირად სასულიერო პირებიც ცდილობენ უარყოფითი მუხტის შემოტანას. მაგალითად, სოფელ ჭელის შემთხვევა სწორედ ამის დასტური იყო, ან სულ ბოლო ფაქტი, ებრაელების მიმართ რაც მოხდა თბილისში. აქ სახელმწიფოს როლია მთავარი. მან სამართლებრივად უნდა შეაფასოს ყველა მომხდარი ფაქტი, რომ პრეცედენტი აღარ განმეორდეს“.

ნაკაიძეს მოჰყავს სოფელ ჭელის მუსლიმთა იმამის მაგალითი, რომელმაც ადგილობრივი ქრისტიანი სასულიერო პირები მეჩეთში მიიწვია და იქ სანთლის დანთება და ლოცვა შესთავაზა დ ამ გზით დაძაბულობის განმუხტვას შეეცადა:

„ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენც ქართველები ვართ, ძმები, და ვფიქრობთ, რომ რელიგია არ უნდა წარმოადგენდეს გამყოფ ფაქტორს ჩვენს ურთიერთობაში“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის გამოკვლევას ახლავს რეკომენდაციების ნუსხა შსს-ს, განათლების იუსტიციის სამინისტროების, ასევე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, რეგიონალური განვითარების სამინისტროს, პარლამენტისა თუ პოლიტიკური პარტიების მიმართ. სეკულარიზმის პრინციპების დაცვა და სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავის შეკავება, დამნაშავეების დასჯა, პროზელიტიზმის აკრძალვა და საინფორმაციო პოლიტიკის გაძლიერება კონფლიქტის ადგილებში - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გრძელი ნუსხიდან, რომლის გათვალისწინებასაც ურჩევს ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG