Accessibility links

logo-print
მიშელ უელბეკს ქართველი მკითხველისათვის უცხო სახელი უკვე აღარ ეთქმის. მისი რომანები - ,,ელემენტარული ნაწილაკები“, ,,პლატფორმა“, ,,რუკა და ტერიტორია“, ,,ბრძოლის ველის განვრცობა“ - სხვადასხვა დროს და სხვადასხვაგვარი წარმატებით თარგმნეს გიორგი ეკიზაშვილმა, ირმა ტაველიძემ და დავით კახაბერმა. ცოტა ხნის წინათ კი მერაბ ფიფიას მიერ თარგმნილი ,,ლანსაროტეც“ დაისტამბა ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“.

ჩამოთვლილ რომანებთან შედარებით, ,,ლანსაროტე“ გაცილებით მცირე ტექსტია, მაგრამ ის თითქოს ერთგვარი კონსპექტია ყველა იმ თემისა თუ განწყობილების, რომელიც მოგვიანებით უელბეკმა თავის დიდ რომანებში გაშალა.

წიგნის მთარგმნელმა, მერაბ ფიფიამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა:

,,ეს არ არის უელბეკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები. მე ვთვლი, რომ „ლანსაროტე“ არის უელბეკის ერთგვარი შემზადება, მოსამზადებელი პერიოდი კიდევ უფრო სერიოზული ნაწარმოებებისათვის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს უმნიშვნელო მერაბ ფიფია

მერაბ ფიფია

ნაწარმოებია, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ, საერთოდ, უელბეკის ყველა ნაწარმოები არის ერთი დიდი სტურქტურის, ერთი დიდი შენობის ცალ-ცალკე ნაწილები. ამიტომაცაა, რომ იქიდან რამე რომ ამოვიღოთ, მე ვფიქრობ, მთლიანობა დაირღვეოდა“.

რაც მთავარია, ,,ლანსაროტეში“ რიტმიც უფრო დინამიკურია და, შეიძლება ითქვას, ამ მწერლის თხზულებათა თანამიმდევრულ შტუდირებას თუ გადავწყვეტთ, ალბათ, ჯობს, ყველაფერი მაინც ,,ლანსაროტეთი“ დავიწყოთ. აქ გამოკვეთილად ჩანს უელბეკის პროზის ყველა არსებითი ნიშანი: ექსპრესიული რიტმი და ამის ფონზე კიდევ უფრო გამძაფრებული აპათია მწერლის ორმოც წელს მიტანებული პერსონაჟისა, რომლისთვისაც სექსი ყოველდღიური ერთფეროვნებისაგან თავის დახსნის ისეთივე საშუალებად ქცეულა, როგორც ნარკოტიკი ან სხვა ნებისმიერი სტიმულატორი.

ადამიანის გაუცხოების თემა, რაც ფრანგული ეგზისტენციალიზმის დიდმა წარმომადგენლებმა ამომწურავად დაამუშავეს საკუთარ თხზულებებში, უელბეკთან სრულებით ახალ რეგისტრშია გადამტყდარი. მწერალი თითქოს გადაწყვეტს ბოლომდე ჩამოხსნას ნიღაბი ადამიანის მარტოობას, რომელსაც ის სხვადასხვა საშუალებებით, ხშირად, მეტად ზედაპირული გრძნობების მეშვეობით, თავის თავსაც კი უმალავს და ამით ცდილობს, საკუთარ მნიშვნელობასა და სიცოცხლის მობარბაცე საზრისს ხელი შეაშველოს. უელბეკი, პირიქით, ხელის შეშველებას ხელის კვრას ამჯობინებს, რომ კიდევ უფრო ააბარბაცოს და გულისრევამდე მიიყვანოს ეს საზრისი და მნიშვნელობა, რათა ეგებ ამის მერე მაინც დაიწყოს აუცილებელი კათარზისი.

უნდა ითქვას, რომ მკითხველის გულის არევას უელბეკი შესანიშნავად ახერხებს. ამისთვის მას მხატვრული საშუალებების მთელი არსენალი აქვს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია არგოტიზმის, არგოსა და არანორმატიული ლექსიკის უხვი გამოყენება. ამ მოვლენასაც, ისევე როგორც ყველაფერ სხვას, უელბეკის ტექსტებში გააზრების რამდენიმე დონე აქვს.

ერთი მხრივ, თუ შოკის მომგვრელია ასეთი ზედმეტი გულახდილობა, მეორე მხრივ, სიტყვები თითქოს დაკარგულ, მიჩუმათებულ უფლებებს იბრუნებენ და უარს აცხადებენ, ამიერიდან იყვნენ ევფემიზებულნი. პირველი ელდის გადავლისა თუ გაცნობიერების მერე კი მკითხველი იმასაც აღმოაჩენს, თუ როგორ გაშინაურდნენ ეს უწმაწური სიტყვები და რამდენი რამე იკარგება ტექსტში, თუ მათ შედარებით ,,უწყინარი“ სინონიმები ჩაენაცვლა. უპირველსად კი, იკარგება სიცარიელის ის შეგრძნება, რასაც არგოტიზმის უხვად გამოყენება ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო ეფექტიანად გადმოსცემს - მარტივად რომ ვთქვათ, როცა მწერალი აღარ ცდილობს სექსს ,,სიყვარული“ დაარქვას და ამით ამ აქტს, ხშირად სრულიად შემთხვევითს, ისეთი მნიშვნელობა მიანიჭოს, რომ ვიქტორიანული ეპოქის სასახლეებში გადაგვტყორცნოს.

უელბეკთან ჩვენ სრულებითაც აღარა ვართ შარლოტა ბრონტეს ,,ჯეინ ეარის“ ან, თუნდაც, ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ მკითხველები. მის ტექსტებში საკუთარ თავსა და ჩვენს ეპოქას ვხედავთ - დაცლილს, გამოფიტულს, პოეტურობისაგან განძარცულსა და ყოველდღიური რუტინის რიტმში გულისრევამდე მობარბაცეს, საიდანაც თავის დახსნის ერთადერთ გზად ყოველწლიური შვებულება და ესპანეთის სანაპიროებზე მიკარგული რომელიმე კუნძული - ვთქვათ, იგივე ლანსაროტე - გვესახება.
რაც შეეხება მერაბ ფიფიას თარგმნილ ეროტიკულ სცენებს, ეს არის საოცრად ზუსტი მიგნება. მე არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა, მე რომ ვმდგარიყავი მსგავსი ფაქტის წინაშე, როგორ მოვახერხებდი, აი, ასე შემერია ჟარგონი, ასე ვთქვათ, გაცვეთილი ქუჩური სიტყვები, აკადემიურთან, თან შემესრულებინა ეს ყველაფერი ლამაზად, ისე, რომ არ დაკარგულიყო რაღაცა ისეთი პეწი, რომელიც ახასიათებს უელბეკს...

ამ ლანსაროტეზე, სხვათა შორის, ბუნებაც ისეთივე არაბუნებრივია, როგორიც ადამიანის სულში მიმდინარე პროცესები. კუნძულზე ყველაფერი მოვლილია, შეკრეჭილ-გალამაზებული, მაგრამ არაპირველქმნილი და, რაც მთავარია, ვაჭრობისა და რეკლამის საყოველთაო ველში მაცდურად და საშიშად ჩართული.

ნაწარმოებში თითქოს ისეთი განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ უელბეკი ამ მცირე ტექსტის მეშვეობით ახერხებს თავზარი დაგვცეს სწორედ იმით, რომ ბოლომდე და ულმობლად გვიჩვენოს ჩვენივე სიცარიელე, რომელიც ჰარმონიაშია დეკორატიულად შეკრეჭილი და ტურისტული სეზონისათვის გამზადებული კუნძულის ბუნებასთან. უნდა ითქვას, რომ მერაბ ფიფიას თარგმნილ ქართულ ტექსტში მთელი ეს განწყობილება არაჩვეულებრივი სიცხადით არის შენარჩუნებული. საერთოდ, ფიფიას ნამუშევარი აღგაფრთოვანებთ არგოტიზმებთან და არანორმატიულ ლექსიკასთან შემოქმედებითი დამოკიდებულებით. საქმე ისაა, რომ ქართულ ლიტერატურას ამ ტიპის ლექსიკის დამუშავებისა და ასეთი შიშველი სიტუაციების აღწერის დიდი გამოცდილება არ ჰქონია. მეოცე საუკუნის ქართულ პროზაში სექსუალური სცენების აღწერას, ძირთადად, თან ახლდა, ერთი მხრივ, ძალადობისა და, მეორე მხრივ, კომიკურამდე მისული რომანტიულობის ქვეტექსტი, რომლის გარღვევაც და ახალ, ნეიტრალურ ინტონაციებში გადატანა დღეს უკვე ლამის შემოქმედებით გმირობას უტოლდება.

კაცმა რომ თქვას, ჩვენი ბელეტრისტიკიდან ვინმეს ვარდისახარის დაკბენილი ძუძუ თუ გაახსენდება ანდა გურამ ფანჯიკიძის ,,სპირალის“ ლალის შოკოლადისფერი მკერდი. სერიოზული მხატვრული მიმართებების კონსტრუიერებისათვის ეს და ამის მსგავსი შემთხვევები დიდი ვერაფერი მასალა და ნუგეშია.

დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში თითქოს გაჩნდა სიახლეები, პრინციპულად განსხვავებული მიმართულებები ამ თვალსაზრისით, მაგრამ უცვლელი დარჩა ერთი რამ: სექსის, როგორც ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის დამცირების, პატივის აყრის, წარტყვევნის გაგება. ქართულ ლიტერატურაშიც, ქართული კინოს მსგავსად, ვერაფრით გადმოსცემენ სექსუალური ურთიერთობების მრავალწახნაგოვან ასპექტებს და მხოლოდ ამ ერთ პრიზმაზე, ამ პრინციპულად არასწორ გაგებაზე არიან მიჯაჭვულნი. ბელეტრისტიკაში ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ენის შესაბამისი ლექსიკური მარაგი მხატვრულად არასათანადოდ არის დამუშავებული. ამ ფონზე ნებისმიერ ნიუანსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მშობლიური ენის ძალიან ფაქიზი შეგრძნება, გნებავთ, მდიდარი სექსუალური ფანტაზიაც (გამოცდილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, ვინც ამ საკითხისთვის ხელის მოკიდებას გადაწყვეტს.

უელბეკს ქართველ მთარგმნელებში ნამდვილად გაუმართლა. მის ტექსტებზე - სექსუალური არ ვიცი, მაგრამ - ისეთი დიდი ლიტერატურული გამოცდილებისა და გემოვნების მთარგმნელები მუშაობდნენ, რომ ამან თვითონ ჩვენს მწერლობასვე სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მწერალმა ლელა კოდალაშვილმა ამის თაობაზე განაცხადა:

,,საერთოდ, ბოლო ხანებია, ძალიან გამოსწორდა ქართული თარგმანი, განსხვავებით ძალიან ბევრი შემთხვევისაგან, რაც საერთოდ ახასიათებდა საბჭოთა პერიოდს, და ერთ-ერთი საუკეთესო, რაც მგონია, რომ არსებობს ქართულ თარგმანებში, ეს არის უელბეკის ნაწარმოებები. აქ არის გიორგი ეკიზაშვილი, აქ არის ირმა ტაველიძე, აქ არის მერაბ ფიფია. თითოეულ თარგმანს რაღაც თავისი დამახასიათებელი აქვს, მაგრამ თითოეული თარგმანი გაძლევს იმის შეგრძნებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მთარგმნელის შესრულებულია, მაინც ერთი და იგივე მწერალთან გაქვს საქმე, ერთი და იგივე სტილისტიკასთან, ერთი და იგივე ენასთან და ენის მიმართ მიდგომასთან“.

შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მეჩვენება, რომ ქართველ მთარგმნელთაგან უელბეკის ჟარგონისა და არგოს მოთვინიერება ყველაზე უკეთ მაინც მერაბ ფიფიამ მოახერხა. ამასვე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მწერალი ლელა კოდალაშვილი:

ლელა კოდალაშვილი

ლელა კოდალაშვილი

,,არ შემიძლია არ გამოვყო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მთარგმნელის დამსახურებაა და რაც, საერთოდ, ჭირს ხოლმე ქართულ ენაზე. ეს არის ეროტიკული მომენტების, ეროტიკული სცენების აღწერა, რასაც ვერ ართმევს თავს ქართული ლექსიკა - არა იმიტომ, რომ ქართული ლექსიკა ღარიბია, მე ვფიქრობ, უფრო იმიტომ, რომ არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და ტრადიცია. თვითონ ქართველი მწერლების ორიგინალური ნაწარმოებებიც თავგაურთმეველია, ყალბია, ხშირად პათეტიკურია, ზედმეტად შემოსილია, ხშირად საგანგებოდ, და გააკადემიზირებული, ან, პირიქით, ზედმეტად ,,გაპახაბნებული“. რაც შეეხება მერაბ ფიფიას თარგმნილ ეროტიკულ სცენებს, ეს არის საოცრად ზუსტი მიგნება. მე არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა, მე რომ ვმდგარიყავი მსგავსი ფაქტის წინაშე, როგორ მოვახერხებდი, აი, ასე შემერია ჟარგონი, ასე ვთქვათ, გაცვეთილი ქუჩური სიტყვები, აკადემიურთან, თან შემესრულებინა ეს ყველაფერი ლამაზად, ისე, რომ არ დაკარგულიყო რაღაცა ისეთი პეწი, რომელიც ახასიათებს უელბეკს“.

უელბეკის პეწი კი სწორედ ისაა, რომ მწერალი, რაც უნდა მდაბალ ხორციელ ვნებებზე საუბრობდეს, რაც უნდა გულის შემზარავად გადმოსცემდეს თანამედროვე ყოფის მთელ სიცარიელეს, მაინც არ ივიწყებს, ვისთვის იწერება მისი ტექსტები - ადამიანისთვის, რომელსაც ხელი შეიძლება იმით შეაშველო, რომ პრინციპულ მომენტში ხელი ჰკრა და გული კიდევ უფრო მეტად აურიო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG