Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩი გადაყენებულია, უკრაინას პარლამენტი მართავს


პარლამენტის ახალი სპიკერი ალექსანდრ ტურჩინოვი (ცენტრში) ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებთან ერთად

პარლამენტის ახალი სპიკერი ალექსანდრ ტურჩინოვი (ცენტრში) ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებთან ერთად

შაბათ დილით უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, „ვერხოვნა რადაში“, უმტკივნეულოდ ჩამოყალიბდა ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელმაც უფლებამოსილება შეუჩერა ქვეყნის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებამდე ძალაუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ ცენტრად იქცა.

„ვერხოვნა რადაში“ შაბათ დილით მისულ უკრაინელ დეპუტატებს სამდივნოში უკვე დახვდათ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, იანუკოვიჩის მომხრე ვლადიმირ რიბაკის განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობიდან მისი საკუთარი ნებით გადადგომის შესახებ. ვაკანსია კი სწრაფად შეივსო.

„ვერხოვნა რადამ“ საკანონმდებლო ორგანოს ახალ თავმჯდომარედ პარტია „ბატკივშჩინის“ წევრი, დეპუტატი ალექსანდრ ტურჩინოვი აირჩია.

„უკრაინის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები იწყებენ მუშაობას, ისინი იწყებენ მუშაობას უკრაინის სტაბილიზებისათვის. უკრაინის ძალაუფლების ცენტრს უკრაინის პარლამენტი წარმოადგენს,“ განაცხადა ალექსანდრ ტურჩინოვმა, რომელმაც, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ, სულ მალე კენჭისყრაზე დააყენა გენერალური პროკურორის, ვიქტორ პშონკასათვის უნდობლობის გამოცხადებისა და ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის არჩევის საკითხი.

უკრაინელმა კანონმდებლებმა, კონსულტაციების შემდეგ,
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩიეს არსენ ავაკოვი, პარტია „ბატკივშჩინის“ წევრი, რომელმაც პირობა დადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თანამშრომლებთან და ოპოზიციის მომხრე „მემარჯვენე სექტორისა“ და თავდაცვის რაზმების წევრებთან ერთად ქვეყანაში მალე აღადგენს წესრიგს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო დილიდანვე ითხოვდა კენჭისყრაზე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას, უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ ჩქარობდა ამ საკითხის ფორსირებას, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი თავად აპირებდა გადადგომას. თუმცა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელმაც შაბათს გამთენიისას დატოვა მეჟიგორიის საპრეზიდენტო რეზიდენცია, დღის მეორე ნახევარში ხარკოვიდან მიმართა მოსახლეობას და განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. მეტიც, უკრაინულ ტელეარხ UBR-თან ინტერვიუში ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა და შეთანხების დარღვევაში დაადანაშაულა ოპოზიციონერები, რომელთაც „ბანდიტები“ უწოდა.

„ეს არ არის ოპოზიცია, ისინი ბანდიტები არიან. მე არაფრის ხელმოწერას არ ვაპირებ. ჩვენ ვხედავთ ნაციზმის განმეორებას, როდესაც 30-იან წლებში გერმანიასა და ავსტრიაში ნაცისტები მოდიოდნენ ხელისუფლებაში. ეს მეორდება. მაშინაც კრძალავდნენ პარტიებს და ახლაც იგივე ხდება. კრძალავენ კომუნისტურ პარტიას, „რეგიონების პარტიას“, იარლიყებს აკრავენ, დევნიან და სცემენ ხალხს,“ განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც ხარკოვიდან, როგორც თავად თქვა, აპირებს გაემგზავროს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც მომხრეებსა და თანამოაზრეებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, თუ როგორ იმოქმედოს.

ვიქტორ იანუკოვიჩის ეკრანზე გამოჩენას და მის მიმართვას უმალვე მოჰყვა რეაქცია უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც უკვე ახალი კონსტიტუციური უმრავლესობა ყალიბდება იმ დეპუტატების ხარჯზე, რომლებმაც ბოლო ორ დღეში დატოვეს „რეგიონების პარტია“.

შაბათსვე, 328 ხმით, უკრაინის პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა ქვეყნის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და 25 მაისს დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. უკრაინის პარლამენტის სპიკერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა უკრაინას იანუკოვიჩისაგან განთავისუფლება მიულოცა:

„უკრაინელებო, ჩვენი ქვეყანა აღარ არის დამოკიდებული იმ პრეზიდენტის ნება-სურვილზე, რომელმაც უარი თქვა საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე და რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია.“

ამ ნაბიჯების გარდა, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ შაბათს კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო აქტს, რომლის საფუძველზეც ხარკოვის ციხის საავადმყოფოდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობაში მყოფი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. სასამართლომ 2011 წელს ტიმოშენკოს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებების საფუძველზე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან მსოფლიოში, პირველ რიგში, ევროპის იმ ქვეყნებში, რომელთა საგარეო საქმეთა მინისტრების შუამავლობითაც დაიდო 21 თებერვლის ორმხრივი ანტიკრიზისული შეთანხმება პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შორის.

კერძოდ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ შტაინმაიერი, რომელმაც ოპოზიციას და ხელისუფლებას ახალი მთავრობის ფორმირებისაკენ მოუწოდა:

„შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი შეთანხმების შემდგომი 10 დღის განმავლობაში გვსურს გადაიდგას, ახალი მთავრობის დანიშვნაა. დარჩენილი 9 დღე მხოლოდ ამას უნდა მოხმარდეს. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტი ჩვენი შეთანხმებისა და მთავრობას და ოპოზიციას უნდა ესმოდეთ, რომ მათ უნდა შეასრულონ ეს უმთავრესი პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინაში მოსალოდნელია არასტაბილური ვითარება“.

დღის ბოლოს უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის ახალი გენერალური პროკურორი და თავდაცვის მინისტრიც დანიშნა, რომლებმაც ახალ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად უნდო უზრუნველყონ ქვეყანაში მართლწესრიგი და სიმშვიდე.

რუსეთი კი უკრაინაში კვლავ „ექსტრემიზმის“ საფრთხეს ხედავს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ოპოზიციამ არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და აჰყვა იმ შეიარაღებული ექსტრემისტებისა და მაროდიორების მოთხოვნებს, რომელთა ქმედებებიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტსა და კონსტიტუციურ წყობას.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ ამ მოვლენებს არაფერი აქვთ საერთო სახელმწიფო გადატრიალებასთან.
XS
SM
MD
LG