Accessibility links

logo-print

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ფარულ საქმეთა ძიებაში


ვიქტორ იანუკოვიჩი

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინიდან ვიქტორ იანუკოვიჩმა გაქცევა მოასწრო, მაგრამ არ დასცალდა გაენადგურებინა უამრავი დოკუმენტი, მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ქაღალდი, რომლებიც უპირატესად მის ეკონომიკურ, საფინანსო საქმიანობას ასახავს. გაქცევის წინ ჯერ დაუდგენელმა პირებმა დოკუმენტები, მოსპობის მიზნით, წყალში გადაყარეს.

ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი ნატალია სელეცკაია იმ 21 ჟურნალისტისა და მოხალისისგან შემდგარ ჯგუფშია, რომლებიც იანუკოვიჩის რეზიდენციაში მუშაობენ მასალების გასაშრობად. სელეცკაიას ნაამბობი ცხადყოფს, რომ ვიღაცას არ სურდა ის დოკუმენტური მასალა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში ინახავდა, გადარჩენილიყო. ამიტომ 22 თებერვალს ეს დოკუმენტები, კვალის მოსასპობად, კიევის წყალსატევში ჩაყარეს, კიევის ზღვასაც რომ უწოდებენ. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ უამრავი დოკუმენტი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა, სულ რამდენიმე საათში ამუშავდნენ მყვინთავები და დოკუმენტები წყლიდან ამოიტანეს. პირველი ხუთასზე მეტი გვერდის ფოტოაპარატებით გადაღებული ასლი მალევე გამოაქვეყნეს საგანგებო საინტერნეტო გვერდზე. სელეცკაიას თანახმად, სულ, დოკუმენტების 200 საქაღალდეს მიაკვლიეს. ისინი მთლიანად სველი იყო:

„შაბათს ეს მასალები ჯერ კიდევ მთლიანად სველი იყო. მათი ნაწილი კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ნაწილი შეიცავდა საშიშროებას, რომ დაიკარგებოდა. ჟურნალისტებისა და მოხალისეების ჯგუფი გაერთიანდა, ეს მასალები საიმედო ადგილზე გადაიტანა და დაიწყო მათი რესტავრირება. ჯგუფმა უზრუნველყო გაშრობის პროცესი, შემდეგ მათი თემატურად დალაგება და დიგიტალიზება“.

დოკუმენტები ახლა ჟურნალისტებს და მერე კი, შესაძლებელია, გამომძიებლებს მოუთხრობენ მეჟიგორიის რეზიდენციის პრივატიზების ისტორიას, იმას, თუ როგორ განაახლეს ის და რა დიდი თანხები დაჯდა ეს ყველაფერი. სხვა დოკუმენტები გვიამბობენ იანუკოვიჩის სანადირო სახლისა და მის საკუთრებაში არსებული სხვა შენობების შესახებ. შუა კვირისთვის თითქმის ყველა დოკუმენტი უკვე გამშრალი იყო და მათი ასლების გადაღება მიმდინარეობდა. თავიდან ჟურნალისტები, იმის შიშით, რომ უფლებადამცავები მალე წაართმევდნენ უფლებას, ეხილათ ეს დოკუმენტები, დღე და ღამე მუშაობდნენ და ყველა გვერდს, ყველა დოკუმენტს ფოტოაპარატებით იღებდნენ. ჩვენი კოლეგა განმარტავს:

„ამ წუთამდე სამართლდამცავი ორგანოებიდან არავინ დაინტერესებულა ამ ქაღალდებით. ამიტომ ვისარგებლეთ იმ ნდობით, რომელიც მოვიპოვეთ წლების განმავლობაში დამოუკიდებელ გამოცემებში მუშაობით, ჩვენ მიერ საგამოძიებო თემებზე გამოქვეყნებული მასალებით, რომლებსაც სხვა მედია არ აშუქებდა, ვისარგებლეთ საზოგადოებრივი სექტორის მხარდაჭერით და ვიკისრეთ პასუხისმგებლობა, სანამ სამართალდამცავები ამ დოკუმენტებით არ დაინტერესდებიან, გავაანალიზოთ ისინი, მათი ასლი გავაკეთოთ, რაც უმთავრესია, და ასე უზრუნველვყოთ, რომ არანაირი ინფორმაცია არ დაიმალოს“.

როგორც სელეცკაიამ განგვიმარტა, რეზიდენციაში იანუკოვიჩს მოწყობილი ჰქონდა საგანგებო ოფისი, სადაც ინახებოდა ძირითადად მისი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი მასალები, მისი ფირმების, ამ რეზიდენციის მუშაობაში, შენახვა-შეძენაში ჩართული კომპანიების საბუთები. არაერთი დოკუმენტი დიდი თანხების საბანკო გადარიცხვებს წარმოადგენს. ერთ-ერთი საბუთის მიხედვით, 2010 წლის სექტემბერში 12 მილიონი დოლარი გადაირიცხა დაუდგენელი მიზნით. მოპოვებულ მასალებში ნახავთ ასევე შავ სიებს, რომლებშიც შეყვანილი არიან იანუკოვიჩის მოწინააღმდეგეები, ჟურნალისტები, ფემენის აქტივისტები, უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციების წევრები.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტთა ეს ჯგუფი, რომელმაც ვიქტორ იანუკოვიჩის რეზიდენციაში მასალებს ახარისხებს და მის ასლებს ამზადებს, ყველა დოკუმენტს აქვეყნებს საიტზე – http://yanukovychleaks.org.
XS
SM
MD
LG