Accessibility links

logo-print

აშშ-ის ელჩი გაეროში: რუსეთს იზოლაცია მოელის


სამანთა პაუერი გაეროში აშშ-ის ელჩი

სამანთა პაუერი გაეროში აშშ-ის ელჩი

გაეროში აშშ-ის ელჩი, სამანთა პაუერი რუსეთს უწინასწარმეტყველებს „გაცილებით უფრო ღრმა პოლიტიკურსა და ეკონომიკურ იზოლაციას“, თუ ის შეეცდება, სამხედრო გზით მოაგვაროს ყირიმის კრიზისი. პაუერმა ამის შესახებ განაცხადა ჩვენს რადიოსთან სატელეფონო ინტერვიუში, რომლის ფონსაც ქმნის რუსეთსა და დასავლეთს შორის მწვავე უთანხმოება უკრაინის გარშემო.

შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოიყენებს მისთვის შეთავაზებულ წინადადებებს, რომლებიც ემსახურება ყირიმის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას. ამ წინადადებებს შორის, გაეროში აშშ-ის ელჩი სამანთა პაუერი ასახელებს გაეროს შუამავლობასა და უცხოელი მეთვალყურეების განთავსებას.

„მისი მხრიდან, ვფიქრობ, შეცდომა იქნება, თუ გადაწყვეტს, გამოცადოს საერთაშორისო თანამეგობრობა და შეამოწმოს, რა შედეგებს გამოიღებდა რუსეთისათვის სამხედრო გზის არჩევა“, ამბობს მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი.

ჩემი აზრით, ის, რაც გვესმის გაეროს უშიშრობის საბჭოში, რაც გვესმის აქ, გაეროს დერეფნებში, ასახავს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას ორი თვალსაზრისით. პირველი: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობისა და ერთიანობის მხარდაჭერას...
ოთხშაბათს, მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე დასრულდა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრა რამდენიმე დასავლელ კოლეგასთან, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან. შეხვედრა პარიზში გაიმართა მაშინ, როცა საკუთრივ ყირიმში საფრთხეში აღმოჩნდა გაეროს წარმომადგენელი რობერტ სერი - მას დაუდგენელი შეიარაღებული პირები დაემუქრნენ, რის შემდეგაც დიპლომატმა თავისი მისია შეწყვიტა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში, გაეროში აშშ-ის ელჩმა დაგმო ეს ინციდენტი. მისი აზრით, პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლა იმატებს, თუ მისი ჯარები იმოქმედებენ, მაგალითად, ისე, როგორც იმოქმედეს ყირიმში გაეროს წარმომადგენლის მიმართ:

„ჩემი აზრით, ის, რაც გვესმის გაეროს უშიშრობის საბჭოში, რაც გვესმის აქ, გაეროს დერეფნებში, ასახავს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას ორი თვალსაზრისით. პირველი: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობისა და ერთიანობის მხარდაჭერას; და მეორე: თითქმის ერთსულოვან მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს თავისი ჯარი და დაადგეს დაძაბულობის განმუხტვის გზას“.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯგუფმა - „დიდმა შვიდეულმა“ - ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე გაერთიანებამ, რომელშიც „დიდი რვიანისაგან“ განსხვავებით, არ შედის რუსეთი - 2 მარტს გაკეთებული განცხადებით დაგმო მოსკოვის მოქმედება, მიმართული უკრაინის სუვერენობის „აშკარა დარღვევისკენ“ და განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ წევრები არ მიიღებენ მონაწილეობას სოჭში დაგეგმილი, „დიდი რვიანის“ სამიტის მოსამზადებელ მოლაპარაკებებში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოსკოვი გააფრთხილა, რომ მან, შესაძლოა, დაკარგოს ადგილი „დიდ რვიანში“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კი გამოაცხადა, რომ ალიანსი წყვეტს რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს და გადასინჯავს რუსეთთან ალიანსის თანამშრომლობის საკითხს.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩის აზრით, რუსეთზე ზეწოლა თანდათან კიდევ უფრო იმატებს: „ვფიქრობ, სულ უფრო იმატებს მათი რიცხვი, ვინც მკაცრსა და მიზანმიმართულ ზომებს მოითხოვს, თუ კრიზისი გაგრძელდა და, მით უმეტეს, თუ ესკალაცია მოხდა აღმოსავლეთ უკრაინაში“, აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა, სამანთა პაუერმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
XS
SM
MD
LG