Accessibility links

logo-print
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჯარი განეთავსებინა ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინის ტერიტორიაზე, საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა. და არა მხოლოდ დასავლეთში, რუსეთშიც გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც კრემლის ქმედებას არათუ არ მიესალმებიან, მკაცრადაც აკრიტიკებენ. ასეთია ანდრეი ზუბოვი, პოლიტიკური მიმომხილველი, ისტორიკოსი, რელიგიათმცოდნე, ფილოსოფიის პროფესორი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის ინსტიტუტში, სახელგანთქმულ „მგიმოში“ კათედრაზე მუშაობდა - ყოველ შემთხვევაში, „ვედომოსტიში“ სტატიის გამოქვეყნების დროს, პირველ მარტს. შემდეგ ზუბოვმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ კათედრის გამგემ მისი განთავისუფლების თაობაზე რექტორის განზრახვა ამცნო. ამის შემდეგ, ხუთ მარტს, „ინტერფაქსს“ „მგიმოს“ რექტორმა, ანატოლი ტორკუნოვმა უთხრა, რომ ზუბოვი არ გაუთავისუფლებიათ, რომ ის განაგრძობს მუშაობას. მანამდე ზუბოვის დასაცავად უმაღლესი სკოლების მასწავლებლებმა და ისტორიკოსებმა ღია წერილი გაავრცელეს. „მგიმოს“, პროფესორის მიმართ ეს ინტერესი მოჰყვა სწორედ „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებულ წერილს, რომლის გარშემოც მან ინტერვიუ მისცა ჩვენს კოლეგას, კლეარ ბიგს, და თავისი მოსაზრებები დააზუსტა. ანდრეი ზუბოვმა თავის სტატიაში ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, ყირიმში რუსეთის ჯარი შეეყვანა, შეადარა ჰიტლერული გერმანიის მიერ ფიურერის სამშობლოს - ავსტრიის - „ანშლუსად“, მიერთებად წოდებულ ანექსიას და ჩეხოსლოვაკიისა და ლიტვის გერმანელებით დასახლებული ტერიტორიების დაკავებას, რაც 1938-1939 წლებში მოხდა. ზუბოვი განმარტავს, რატომ გაუჩნდა ასეთი პარალელის გავლების სურვილი:

„ამ ტერიტორიებზე გერმანელები ეთნიკური უმრავლესობა იყვნენ. იქ მათ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდათ. ავსტრიაში ისინი მთავარ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. ჩეხოსლოვაკიაში, სუდეტში, მათ ჰქონდათ თვითმმართველობა, შეეძლოთ მშობლიური ენის გამოყენება, მოქმედებდა გერმანული სკოლები, გამოდიოდა გერმანულენოვანი პრესა. ასევე იყო ლიტვის მემელის მხარეში, სადაც მათ ავტონომიაც ჰქონდათ და საკუთარი პარლამენტიც. მაგრამ ჰიტლერს ამოძრავებდა მანიაკალური სურვილი, აღედგინა რაიხი, იმპერია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა. ზუსტად ამის გამო მოხდა ეს ანექსიები. ამ სამიდან არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია მოსახლეობას გერმანიასთან შეერთების სურვილი, მაგრამ საიდუმლო სამსახურების, SS-ის, ნაცისტური პარტიის აქტიურობას მოჰყვა ის, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა. ბოლოს მოხდა ამ ტერიტორიების უკანონო ანექსია“, გვიამბობს ზუბოვი, რომელიც იქვე ყირიმზე ლაპარაკობს და განმარტავს, რატომ ხდება იგივე უკრაინის შემადგენლობაში 1954 წლიდან არსებული ამ ნახევარნკუნძულის, ავტონომიის, შემთხვევაში:

„ზუსტად იგივე მოხდა ყირიმშიც. გამოჩნდა ხალხი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, სრული სამხედრო აღჭურვილობით, უახლესი იარაღით. შემდეგ დაიკავეს მთავარი შენობები, პარლამენტის ჩათვლით, რომელსაც სპეცრაზმი იცავდა, აირჩიეს ახალი პრემიერ-მინისტრი - ყველაფერი ისევე მოხდა, როგორც მაშინ, და შემდეგ რეგიონში მეტი ჯარიც გაგზავნეს. ზუსტად იგივე სცენარია“.

პროგნოზებს ვაკეთებთ შეიძლება ეგოისტური და სასტიკი, მაგრამ ჭკვიანი, რაციონალური პოლიტიკოსების შემთხვევაში. ახლა კი საქმე გვაქვს იმ პოლიტიკოსის ქცევასთან, რომელიც აშკარად ჭკუიდან გადადგა...
ზუბოვი აზუსტებს: პუტინს სხვა მიზნები აქვს, ვიდრე ჰიტლერსო. მისი აზრით, ჰიტლერის მიზანი იყო ტერიტორიების გაფართოება და ადამიანებისთვის შოვინისტური მიმართულებით „გამოტვინება“, ყირიმში კი, ფიქრობს რუსი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, მიზანია რუსებს შეაძულოს უკრაინელები, რათა მაიდნის გამოცდილება რუსებმა საკუთარ გამოცდილებად კი არ მიიჩნიონ, არამედ დაინახონ როგორც მტრის გამოცდილება, რომელსაც უარი უნდა ეთქვას. ზუბოვი იქვე ამბობს, პუტინთან პირისპირ არ მილაპარაკია და არც ვიცი, რამდენად ხედავს ის რისკს, რომელიც ასეთ მოქმედებას ახლავს, სანქციების, იზოლაციის, მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭების სახითო.

მაგრამ, განაგრძობს ზუბოვი, ამ შემთხვევაში, ვერც ერთი პოლიტიკური ანალიტიკოსი ვერ გაბედავს სერიოზული პროგნოზის გაკეთებას და აი, რატომო:

„პროგნოზებს ვაკეთებთ შეიძლება ეგოისტური და სასტიკი, მაგრამ ჭკვიანი, რაციონალური პოლიტიკოსების შემთხვევაში. ახლა კი საქმე გვაქვს იმ პოლიტიკოსის ქცევასთან, რომელიც აშკარად ჭკუიდან გადადგა“.

ზუბოვი ამბობს, ჩემი ამ მკაცრი შეფასებებით, პირველ რიგში, რუსებისთვის მსურდა სიმართლის თქმა, მათი გონს მოყვანა, რადგან ინტერნეტში წავაწყდი ასეთ აზრებს: ყველაფერს ვაპატიებთ პუტინს, თუ ყირიმს დაგვიბრუნებსო. მეორე ამოცანაა უკრაინელებისთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთში ყველა პუტინივით არ ფიქრობს. ზუბოვი მადლობას უხდის გაზეთ „ვედომოსტის“, რომ ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, ხომ არ გეშინიათ ასეთი აზრების გამოთქმის გამოო, ანდრეი ზუბოვი პასუხობს: კი, მეშინია. როცა ჯარისკაცი ომში ჩაებმება, ცხადია, შიშობს, რომ ბოლოს ისიც შეიძლება მოკლან, მაგრამ მე 62 წლისა ვარ და საბრძოლველად თოფს ხელს არ მოვკიდებ, ჩემი იარაღი კომპიუტერიაო.
XS
SM
MD
LG