Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაში დაიხარჯება აფხაზეთისათვის გაეროს მიერ გამოყოფილი 15 მილიონი?


სოხუმი
სოხუმი
საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ნილს სკოტის სოხუმში ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს, პროექტების განხორციელების მიზნით, გაერო აფხაზეთს 15 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. სააგენტოს ცნობით, ნილს სკოტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, "ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ აფხაზეთის ხელისუფლება პირდაპირ მიმართავს გაეროს დონორ ქვეყნებს და მათ აფხაზეთში ფულის ჩადების აუცილებლობაში დაარწმუნებს", - იუწყება „აფსნიპრესი“. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავს დახმარებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა წლებია იღებს და ამაში ახალი არაფერია, ოპოზიცია კი ამ ფაქტში საქართველოს სუვერენიტეტის რღვევის საფრთხეს ხედავს.

საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი” წერს, რომ საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორ ნილს სკოტთან შეხვედრისას ალექსანდრ ანქვაბმა ყურადღება გაამახვილა იმ სოციალურ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც გაეროს მეშვეობითაა შესაძლებელი. მან გაეროს წარმომადგენელს რუსეთის დახმარებით აღდგენილი ობიექტების მონახულებაც შესთავაზა და განაცხადა, რომ "ეს არის რეალური, კონკრეტული დახმარება". "გულწრფელად მინდა, რომ გაეროს პროექტებმა აქ რეალური კვალი დატოვოს", - განაცხადა ალექსანდრ ანქვაბმა.

ამ საკითხს თბილისში შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, გაეროს ჩართულობა აფხაზეთში პროექტების განხორციელების საქმეში მიზანშეწონილია და ახალი არ არის:

„გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, პროექტებს ყოველ წელს, რეგულარულად ახორციელებს აფხაზეთში, როგორც საქართველოს განუყოფელ ტერიტორიაზე. გაერო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პოზიციას მუდმივად ადასტურებს რეზოლუციებით. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ და აფხაზეთის დეიზოლაციის, ჩართულობისა და არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში, ჩვენ გვსურს, აფხაზეთის მოსახლეობას მაქსიმალურად შევთავაზოთ ევროპული და დასავლური ღირებულებები. ამიტომ მიგვაჩნია, რომ გაეროს ჩართულობა არის სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობა. იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც გაერო აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებს, საქართველოს მთავრობა ინფორმაციას მუდმივად ფლობს და, როგორც კი ამ წლის კონკრეტული პროგრამა იქნება შემუშავებული, დეტალებიც გვეცოდინება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

აფხაზეთს დამანგრეველი ომის შემდეგ ისევ სჭირდება სერიოზული ინვესტიციები. ჯანდაცვის, განათლების სფეროში ვითარების გასაუმჯობესებლად, საცხოვრებლების აღდგენის კუთხით დახმარება გაეროს მხრიდან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რაც წინა წლებშიც ხდებოდა...
ირაკლი ხინთბა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კი აღნიშნა,რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის ინფორმირებულია მსგავსი პროექტების შესახებ, რადგან ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება: „ახლაც ზუსტად ასეთივე სიტუაციაა. სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მსგავსი კონტაქტები, რომლებიც აქვთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გავლით, წარმოაჩინონ როგორც დამოუკიდებელი კონტაქტები. რაც შეეხება პროექტებს, ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა გაოცებულია იმით, რომ ამ ინფორმაციამ მედიაში ასეთი ხმაური გამოიწვია, რადგან, მისი განცხადებით, ანალოგიურ პროექტს გაერო აფხაზეთში თითქმის ოცი წელია ახორციელებს. მისივე თქმით, ის თანხა, რომლითაც გაერო აფხაზეთს დაეხმარება, - 15 მილიონი დოლარი, - გაცილებით ნაკლებია იმ თანხაზე, რომლის მიღების იმედიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰქონდა:

ყოველთვის, ნებისმიერი თანხის დახარჯვისას ამ ტერიტორიაზე, ჩვენი ურყევი ხაზი იყო, რომ ამ თანხით განხორციელებულ პროექტებს ხელი უნდა შეეწყო ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა და ამ ტერიტორიაზე დარჩენილ ადამიანთა კონტაქტების აღდგენისათვის...
გიორგი კანდელაკი
„აფხაზეთს დამანგრეველი ომის შემდეგ ისევ სჭირდება სერიოზული ინვესტიციები. ჯანდაცვის, განათლების სფეროში ვითარების გასაუმჯობესებლად, საცხოვრებლების აღდგენის კუთხით დახმარება გაეროს მხრიდან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რაც წინა წლებშიც ხდებოდა. პრეზიდენტი ანქვაბიც საუბრობდა ამაზე, რომ, ცხადია, ჩვენ გვაქვს გარკვეული მიზნები, რაზეც გაეროს სპეციალიზებული სააგენტოების სახსრები შეიძლება იყოს მიმართული და ეს მიზნები სოციალურ-ეკონომიკური ინფრაქსტრუქტურის აღდგენას უკავშირდება. ამხელა თანხების მოცემა ამ სააგენტოებს ჩვენთვის არ შეუძლიათ, რაც ჩვენ გულს გვწყვეტს და უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან აფხაზეთის ასაღორძინებლად საჭიროა გაცილებით უფრო დიდი ფინანსური სახსრები“, - განაცხადა ირაკლი ხინთბამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

„საქართველოს სუვერენიტეტის თანდათანობითი რღვევა“ უწოდა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა, აფხაზეთისათვის 15 მილიონი დოლარის გამოყოფის ფაქტს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კანდელაკი შენიშნავს, რომ, ზოგადად, ის და მისი თანაგუნდელები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის დახმარების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ ამჯერად განსხვავება ის არის, რომ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ის დათქმები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ზღუდავდა ამ დახმარების გამოყენებას ოკუპაციის ლეგიტიმიზაციისათვის, საქართველოს მხრიდან აღარ არსებობს, რასაც ოკუპანტი მხარე საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად იყენებს:

„ყოველთვის, ნებისმიერი თანხის დახარჯვისას ამ ტერიტორიაზე, ჩვენი ურყევი ხაზი იყო, რომ ამ თანხით განხორციელებულ პროექტებს ხელი უნდა შეეწყო ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა და ამ ტერიტორიაზე დარჩენილ ადამიანთა კონტაქტების აღდგენისათვის. დევნილებზეც უნდა ყოფილიყო ეს ფული მიმართული და ეს იყო კიდეც ჩვენი ხელისუფლების მკაფიო ორიენტირი. დღეს კი ცხადია, რომ ბატონები გიორგი ვოლსკი და პაატა ზაქარეიშვილი, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულ ფრთას წარმოადგენენ, ზერელედ უყურებენ საქართველოს სუვერენიტეტს და ესეც მორიგი შემთხვევაა, როცა ეს ფაქტი გამოყენებული იქნება როგორც დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე“.

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ფორჩხიძე კი განმარტავს, რომ აფხაზეთის ტეროტორიაზე სხვადასხვა პროექტები ადრეც ხორციელდებოდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული პროექტები. შესაბამისად, მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ღიად თქვას, ამჯერად რას მოხმარდება ეს 15 მილიონი დოლარი, რაც ყველა კითხვას გასცემს პასუხს:

„დეტალებში უნდა გაირკვეს, თუ რა ტიპის პროექტებს მოიცავს ეს 15 მილიონი დოლარი. თუ აქ განვითარების პროექტებზეა საუბარი, მაშინ ეს ჩვენი მთავრობისგან სხვა რეაგირებას მოითხოვს, ხოლო თუ ისევ ჰუმანიტარულ პროექტებზეა საუბარი, მაშინ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ახალი ამაში არაფერია, რადგან ასეთი პროექტები ისედაც ხორციელდებოდა დიდი დროის განმავლობაში. საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმის მექანიზმი, რომ იცოდეს, თუ რაში დაიხარჯება ეს ფული“.

დღის ბოლოს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობამაც გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გაერო განაგრძობს მუშაობას აფხაზეთში და ცდილობს მოსახლეობის ყველაზე კრიტიკულ მოთხოვნილებებს უპასუხოს. მისი პროექტები კი მიზნად ისახავს სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას სკოლებსა და ჯანდაცვის დაწებულებებში, მოიცავს ჯანდაცვის პროგრამებს, მათ შორის, ვაქცინაციის პროგრამებს და დევნილთა დახმარებას. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გაერო პროგრამებს ახორციელებს თავის პარტნიორებსა და საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობის ფონზე.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG