Accessibility links

logo-print
ინტერნეტში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების ამსახველი მასალის გავრცელებაზე რეაგირება დღევანდელი პრესის დიდმა ნაწილმა ვერ მოასწრო. ეს ამბავი, სავარაუდოდ, ხვალინდელ გაზეთებში იქნება დეტალურად განხილული.

დღეს კი „ალიას“ პირველ გვერდზე იხილავთ „იუტიუბით“ გავრცელებული ვიზუალური მასალიდან ერთ - ზურაბ ჟვანიას ამსახველ - კადრს ისეთივე სახით, როგორც ეს ინტერნეტში გავრცელდა. იქვე კი სათაურია: „ვინ გაავრცელა „ჟვანიას ვიდეო“, რატომ ახლა და რა დოსტუპი ჰქონდათ ვიდეოკადრებთან“. „ალია“ დაუკავშირდა ზურაბ ჟვანიას ძმას, დეპუტატ გოგა ჟვანიას, რომელსაც უთქვამს, აღნიშნული მასალის გარდა, „ბევრად მძიმე კადრები მაქვს ნანახი“ და მასალის ინტერნეტში გამავრცელებლის ვინაობისა და მოტივაციის შესახებ ვერსია არ გამაჩნიაო. ზურაბ ჟვანიას მეგობარი, ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია კი „ალიას“ ეუბნება: „როდესაც ზურას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, როგორც მე ვიცი, იქ მუშაობდა რამდენიმე კამერა. მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოკამერა. სავარაუდოდ, ეს მასალა იმ ადამიანმა გაავრცელა, ვინც იყო ავტორი ამ კადრებისა. ალბათ, ეყო ჭკუა და შეინახა კადრები, ვინაიდან იცოდა, რომ ეს მასალა, მოქმედებაში მოყვანილი, ბომბი იყო“.

დღევანდელ პრესაში მთავარი თემა ივანიშვილ-მარგველაშვილის ურთიერთობაა. „რეზონანსი“პოლიტოლოგთა მოსაზრებებით დაინტერესდა. გია ნოდია ამბობს: „მარგველაშვილი ანგარიშგასაწევი ფიგურა მას შემდეგ გახდება, თუკი გარკვეულ საკითხებზე „ქართული ოცნების“ პოზიციებისგან დისტანცირდება. დღეს მარგველაშვილს ან ივანიშვილი უნდა გაეკრიტიკებინა, ან არაფერი არ უნდა ეთქვა. მან მეორე გზა აირჩია“. სოსო ცისკარიშვილი კი თვლის, რომ: „ახალი სტანდარტების მოწმე გავხდით, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ვარსკვლავი ქვეყნის პრეზიდენტზე მენტორულ ტონში საუბრობს და საჯაროდ ამჟღავნებს პირადი საუბრის თემას. ამით ახალისებს „ყვითელ პრესას“ და აჟიოტაჟს იწვევს, რომელიც უადგილოა დღევანდელი გამოწვევების წინაშე მყოფი სახელმწიფოსთვის“.

დიპლომატი მამუკა გამყრელიძე გაზეთ „პრემიერის“ გვერდებიდან ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკებას: „ბატონი ივანიშვილისთვის, როგორც ჩანს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობას, მისთვის ფასეული მხოლოდ პირადი ერთგულების მონური გამოვლენაა. აბა, რას მივაწეროთ მისი გულისწყრომა ადამიანზე, რომელიც მას ცამდე აჰყავდა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ და პირადად იღებდა პასუხისმგებლობას პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატზე, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობა არც კი იცნობდა. ხალხმა ივანიშვილს დაუჯერა და ხმა მარგველაშვილს მისცა. დღეს ირკვევა, რომ ივანიშვილის რჩეული ორპირი და ცბიერი ადამიანი ყოფილა. ეს გულისწყრომა კი მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ მარგველაშვილმა, სულ მცირე, დამოუკიდებლობა გამოაჩინა“, - ეუბნება დიპლომატი მამუკა გამყრელიძე გაზეთ „პრემიერს“.

ამავე გაზეთში დღეს წაიკითხავთ სტატიას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ დაკვეთილი სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკვლევა მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური საკითხების პირველ ოთხეულს ასე წარმოაჩენს: 1. საარჩევნო დაპირებების შესრულება; 2. დასაქმება; 3. სამართლიანობის აღდგენა; 4. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გაზეთი „პრემიერი“ წერს, რომ გამოკვლევების „შედეგები არსებობს, თუმცა ხელისუფლებას ქარავანი სხვაგან მიჰყავს“.

გოგა ხაინდრავა ტელესივრცეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის - თემურ ალასანიას - გამოჩენას ეხმაურება „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ხაინდრავა ამბობს: „მხოლოდ ჩვენნაირი დეგრადირებული პრესის პირობებშია შესაძლებელი, რომ ალასანიას, სააკაშვილისა და ადეიშვილის მსგავსი პერსონაჟები გაუთავებლად დღის წესრიგში იყვნენ... თემურ ალასანიას ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. დარწმუნებული ვარ, ალასანია იქნება ერთ-ერთი პირი, რომელსაც ევროკავშირი და აშშ ზუსტად იმ სიაში შეიყვანს, რომელში მოხვედრილ ადამიანებსაც აკრძალული ექნებათ ევროპასა და ამერიკაში სიარული, იმიტომ რომ ის არის დამნაშავე, ზუსტად ისეთივე დამნაშავე, როგორებიც არიან ის ადამიანები, რომლებიც სჩადიან ამ განუკითხაობასა და ძალადობას უკრაინაში. მე, გოგა ხაინდრავა, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ვაპირებ განცხადების შეტანას იმის თაობაზე, რომ თემურ ალასანია არის რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი და ასეთი იყო ყოველთვის, კაგებედან მოყოლებულიო“, ეუბნება გოგა ხაინდრავა „ახალ თაობას“.
XS
SM
MD
LG