Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ და ევროპა ერთი აზრისა არიან, რომ რუსეთმა საფასური უნდა გადაიხდოს ყირიმში მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო. ამ შინაარსის განცხადება ობამამ გააკეთა ამსტერდამში, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ. ობამა შეეხო ასევე აშშ-ის და ევროპის ერთიან პოზიციას უკრაინის მთავრობის და ხალხის მხარდაჭერის საკითხში. მან ვაშინგტონისათვის მსოფლიოში უახლოეს პარტნიორებად მოიხსენია ნატოელი მოკავშირეები.

ობამა დღესვე ჩადის ჰააგაში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შესახვედრად და ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობის მისაღებად. მოგვიანებით ის მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდიანის“ სამიტშიც. აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, იტალიის, იაპონიისა და ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად იმსჯელებს ზომებზე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ.

ბირთვული უსაფრთხოების საკითხი, რომელიც სამიტზე უნდა განხილულიყო, სრულად ჩაანაცვლა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის თემამ. როგორც „ბი-ბი-სის“ მიმომხილველები იტყობინებიან, ცივი ომის დასრულების შემდეგ შექმნილ „დიდი რვიანის“ ფორმატზე უარის თქმა გამოიწვევს მოსკოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გრძელვადიან იზოლაციას.

ცოტა ხნით ადრე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლეონიდ პოლიაკმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა, მათ შორის ერთობლივი სამხედრო სწავლებები, დაეხმარება უკრაინას არ დაუშვას რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყება.
XS
SM
MD
LG