Accessibility links

logo-print

პარლამენტის არჩევანი: ანტიდისკრიმინაციული თუ ანტიანტიდისკრიმინაციული კანონი?


29 აპრილს პარლამენტი მეორე მოსმენით აპირებს განიხილოს კანონის პროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მიღების ვალდებულება საქართველოს მთავრობამ იკისრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში (ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით). კანონპროექტის განხილვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური გაერთიანებების ნაწილმა მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პარლამენტს და მოუწოდა დეპუტატებს შექმნან დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები და საქმით აჩვენონ ქვეყანაში თანასწორი და სოლიდარული გარემოს შექმნისთვის მზადყოფნა. საქართველოს პარლამენტს ასევე მიმართვა გაუგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, რომელმაც კანონპროექტის განხილვის გადადება მოითხოვა.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროში დაიწერა და რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, მნიშვნელოვნად გაუარესდა მთავრობის ხელში. კერძოდ, კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს
დისკრიმინაციის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირის სასამართლოს გზით დაჯარიმების მექანიზმების შექმნას, რაც მიმართვის ერთ-ერთი ავტორისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის თქმით, შეუძლებელს გახდის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას:

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის სახალხო დამცველისათვის სასამართლოს გზით დაჯარიმების გადაცემა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კერძო სექტორი ან საჯარო დაწესებულებები უარს იტყვიან სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების შესრულებაზე, კანონი უნდა ითვალისწინებდეს ამ პირების სასამართლოს გზით დაჯარიმებას. თუ ამგვარი სანქცია არ იქნება კანონით განსაზღვრული, მაშინ დღეს არსებული რეალობა, პრინციპში, არ შეიცვლება, იმიტომ რომ რეკომენდაციების გაცემის მანდატი სახალხო დამცველს ისედაც აქვს“.
მთავრობის მხრიდან არგუმენტი ის არის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ამგვარი ჩამონათვალი არ არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არგუმენტი არ არის წონიანი...

გარდა ამისა, მიმართვის ავტორები ასევე ითხოვენ კანონში სრულად იყოს ჩამოთვლილი ის ჯგუფები, რომლებიც, ყველა სხვა მოქალაქის მსგავსად, შეძლებენ კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად და ეფექტურად სარგებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, კანონი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება ქმედითი და დაიცავს მოქალაქეებს მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა მდგომარეობის მიუხედავად. ეკა გიგაურს არადამაჯერებლად ეჩვენება ამგვარი ჩამონათვალის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები:

„მთავრობის მხრიდან არგუმენტი ის არის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ამგვარი ჩამონათვალი არ არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არგუმენტი არ არის წონიანი, იმიტომ რომ, მაგალითად, საერთაშორისო კონვენციებში ასევე შეიძლება არ იყოს ეს ჩამონათვალი, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც არის, რადგანაც ამის დეკლარირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომაც ეს ჩამონათვალი აუცილებლად უნდა დარჩეს კანონში!“
ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად...

თუმცა კანონში ამგვარი ჩამონათვალის დატოვებას ეწინააღმდეგება როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, ასევე საქართველოს საპატრიარქო, რომლის წარმომადგენელმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, 28 აპრილს გაავრცელა პატრიარქის მიმართვა პარლამენტისადმი:

"ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კი კონსტიტუციაში არარსებული ცნებების - "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" - შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად. ევროკავშირი წარმოადგენს განსხვავებული ერებისა და რელიგიების გამაერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს, რომელიც აცხადებს, რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს, საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება".
საპატრიარქოს, შესაძლოა, აქვს თავისი პოზიცია, მაგრამ პარლამენტს აქვს თავისი საქმე გასაკეთებელი და მან უნდა დაიცვას იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც პარლამენტისგან ელოდებიან დაცვას და არა სხვა ორგანიზაციებისა და რელიგიური გაერთიანებებისგან, მათ შორის, საპატრიარქოსგან...

მიქაელ ბოტკოველის თქმით, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეკლესიისა და ფართო საზოგადოების ჩართულობა კანონპროექტის განხილვაში, რათა მიღწეული იქნეს შეთანხმება და ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ევროპისაკენ ქვეყნის სწრაფვაზე. ილია მეორე თხოვნით მიმართავს პარლამენტს, გადადოს კანონპროექტის განხილვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ბიურო იღებს, თუმცა, როგორც უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია ამბობს, კონსულტაციები უკვე გავლილია ყველა მხარესთან, მათ შორის, საპატრიარქოსთან და, შესაბამისად, კანონპროექტის განხილვის გადადების საფუძველიც არ არსებობს.

„საპატრიარქოს, შესაძლოა, აქვს თავისი პოზიცია, მაგრამ პარლამენტს აქვს თავისი საქმე გასაკეთებელი და მან უნდა დაიცვას იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც პარლამენტისგან ელოდებიან დაცვას და არა სხვა ორგანიზაციებისა და რელიგიური გაერთიანებებისგან, მათ შორის, საპატრიარქოსგან, ამ შემთხვევაში. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები გვაქვს უმცირესობების წინაშე. მით უფრო, თუ ვამბობთ, რომ ამ ჯგუფების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაშინ რა პრობლემაა, რომ ეს ჩანაწერი იყოს?“ - უთხრა თამარ კორძაიამ რადიო თავისუფლებას.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) დირექტორი ზვიად დევდარიანიც მიიჩნევს, რომ მთავარია არ ზოგადად კანონის მიღება, არამედ ისეთი კანონის მიღება, რომელიც დისკრიმინაციისგან დაიცავს იმ ადამიანებს, რომელთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უხეშად ირღვევა:

„ჩვენ, ანუ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ განცხადებას ვავრცელებთ, არ დავუშვებთ იმას, რომ მოხდეს ამ პროცესის ფორმალიზება და ფორმალურად მივიღოთ კანონმდებლობა, რომლითაც ჩვენ გარკვეული ტიპის ვალდებულებებს შევასრულებთ“.

საქართველომ აღნიშნული ვალდებულება აიღო, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით, თუმცა, როგორც ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, კანონის ფორმალურად მიღებით საქართველო ვერც ვალდებულებას შეასრულებს და ვერც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მიიღებს.

„საქართველოს უნდა, რომ მიიღოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა. ამისთვის ევროპამ დააყენა ძალიან მარტივი წინაპირობა, რომ საქართველო უნდა გახდეს უსაფრთხო ქვეყანა, ანუ ეს უნდა იყოს ქვეყანა, საიდანაც ადამიანები არ გარბიან. და თუ ხელისუფლება თვლის, რომ მხოლოდ ფორმალურად, ერთი წინადადებით მიიღოს ასეთი კანონი და ამით საქმეს ეშველება, ეს იქნება თავის მოტყუება, იმიტომ რომ ქვეყანაში პრობლემები არ მოგვარდება და ადამიანები მაინც გააგრძელებენ თავშესაფრის ძებნას და საქართველოს ეს უვიზო მიმოსვლა გარანტირებული არ ექნება და ისევე გაუუქმდება, როგორც მიიღებს“, განაცხადა ირაკლი ვაჭარაძემ.
XS
SM
MD
LG