Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 6 მაისი


დავით კოდუას ცემის ფაქტმა დამატებითი ბიძგი მისცა პრესაში სამართლიანობის აღდგენაზე მიმდინარე დისკუსიას.

„რეზონანსში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: „ბევრი ბოროტება მოხდა, რომლის დავიწყებაც რთულია და, შესაბამისად, დღეს, შესაძლოა, ცალკეულმა ფაქტებმა იჩინოს თავი“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. ამავე ინტერვიუში ეკა ბესელია ჟურნალისტს ეუბნება: „მე ყოველთვის ვემხრობოდი იმ იდეას, რომ ადამიანებს უნდა დავუბრუნოთ წართმეული სამართალი და დავეხმაროთ, მაგრამ ამას უნდა დრო“. „რასაკვირველია, მე მხარს ვუჭერ მექანიზმის შექმნას, რომ გადაიხედოს გამოტანილი უკანონო განაჩენები“, - აცხადებს ბესელია „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამავე თემაზე ლაპარაკობს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. მასთან ინტერვიუ „ახალ თაობაში“ ქვეყნდება. გელა ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე უარის თქმა დიდი შეცდომა იყო: „თუმცა ახლა რაღაცა ალტერნატიული შეიძლება, რომ შეიქმნას, რაღაცა სპეციალიზებული განყოფილება პროკურატურაში, ან დეპარტამენტი, ან სამმართველო, რომელიც მხოლოდ ისეთ საქმეებზე იმუშავებს, რომლებზეც ადამიანებს აქვთ პრეტენზია. კი, ძნელია, იქ განაჩენია დამდგარი და იმ განაჩენზე როგორ უნდა დაიწყო ხელახალი გამოძიება, მაგრამ აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ თვითონ ამ საქმეში რაც დარღვევები არსებობდა, აი, ის დარღვევები უნდა გამოიძიონ. ამ შემთხვევაში ამას არ ერქმევა ის, რომ კონკრეტული მომჩივანის დამნაშავეობას თუ არადამნაშავეობას ადგენს პროკურატურა, იმიტომ რომ, ვიმეორებ, განაჩენი რადგან დამდგარია, პროკურატურას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია“.

„ალიას“ პირველი გვერდი უკავია პლაკატს - გადაკეთებულ „ქართული ოცნების“ დროშას. გაზეთი მიმართავს მკითხველს - „“ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება იყო: „ერთად აღვადგინოთ სამართლიანობა“. „„ქართულმა ოცნებამ“ შენ მოგატყუა!“. „ალიას“ მესამე გვერდზე კი მკითხველს ატყობინებენ: „2014 წლის 5 მაისს გაზეთების „ალიასა“ და „კვირის ქრონიკის“ რედაქციას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური, თავგადაკლული მხარდამჭერი ოთარ კობერიძის სასარგებლოდ 50000 ლარის გადახდა დაგვეკისრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, „ფრესკოს“ „აყროლებული ქათმის“ სტატია 6500 ლარი გვიჯდება“, - წერს გაზეთი და კვლავ მიმართავს მკითხველს: „სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენის ოცნება დაიმსხვრა როგორც ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის, ასევე დღეს უკვე ჩვენთვისაც. ამიტომ, ყველას - უსამართლობით გამწარებულებს, იმედგაცრუებულებსა და ოცნებაწართმეულებს - მოგიწოდებთ, ერთად მოვიპოვოთ სამართალი: 1. ნუ მისცემთ ხმას „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“!!! არ შემოხაზოთ ციფრი 5 ან 41; 2. მხარი დავუჭიროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას!!!“, - ასეთ მოწოდებას ნახავთ გაზეთ „ალიას“ დღევანდელ ნომერში.
დღევანდელ პრესაშიც არის გამოხმაურება პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე. „საქართველოს რესპუბლიკის“ სტატიაში საკითხი ასეა დასმული: „დასავლეთის ნეოკონსერვატორი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, როგორც დაპირისპირებაზე ნეოლიბერალიზმსა და ნეოკონსერვატიზმს, გნებავთ, უზნეობასა და ზნეობას, კიდევ მეტი გნებავთ? უღმერთობასა და რწმენას შორის და ამ უკანასკნელთა ლიდერად რუსეთი და მისი პრეზიდენტი მოიაზრება. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ხელისუფლებაა ერთადერთი, სოდომიზაციის პროპაგანდისტ აშშ-ევროპის ხელისუფლებების ფონზე, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე აკრძალა რუსეთში გეიპროპაგანდა, შესაბამისად, გეიპარადებიც და, აქედან გამომდინარე, ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებაზე რუსეთში ოცნებაც კი შეუძლებელი გახდა. ვლადიმირ პუტინს არაერთხელ ჩაუგდია შოკში „დავარცხნილი“ დასავლეთის ლიბერასტი ლიდერები ვაჟკაცური, გნებავთ „ველური“ პასუხებით ჟურნალისტების მიერ დასმულ „ჩამჭრელ“ კითხვებზე, ჰომოსექსუალიზმის, ერთსქესიანი ქორწინებების თუ სხვა ლიბერალური „სიკეთეების“ შესახებ, რომლებმაც ბოლო 20 წელიწადია ლამის წალეკოს კულტურული კაცობრიობა!“, - წაიკითხავთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სტატიაში, რომლის სათაურია - „მეც იქ მირჩევნია, სადაც ჩემი პატრიარქია! ანუ, ზნეობრიობა თუ რუსეთს ნიშნავს, მაშინ ევროპას მე რუსეთს ვარჩევ...“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG