Accessibility links

logo-print

ომბუდსმენი: შესასწავლია მოროშკინას გაშვება და მერაბიშვილის გაყვანა


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა სასამართლოში ჩივილს აპირებს. მოროშკინას სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას შეისწავლის სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის თქმით, ასევე უნდა დაიწყოს გამოძიება ლალი მოროშკინას იმ განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მართლა გაიყვანეს ვანო მერაბიშვილი საკნიდან. ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ სამსახურიდან კანონის დარღვევით მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოქმედ თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელს დაუპირისპირდა. რა ხდება სასჯელაღსრულების სამინისტროში?

ლალი მოროშკინა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი, ციხიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა გაიყვანა და რომ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება რამდენიმე თანამშრომლის ხელფასთან შეუსაბამოდ მაღალი პრემიით დაჯილდოება. ერთ-ერთი გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში მოროშკინამ ისიც განაცხადა, რომ დარბაისელი მერაბიშვილის მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაუშვეს დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ნარკომანობის გამო. მოროშკინას თქმით, ყველა დაინტერესებული პირი და ორგანიზაცია ამჩნევს იმას, თუ როგორ მკვეთრად გაუარესდა ვითარება სასჯელაღსრულების სისტემაში:

„მაშინ როცა უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ადვოკატები და ა.შ. ერთხმად აფიქსირებენ პოზიციას, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება და ვითარება დეპარტამენტში სერიოზულად გაფუჭდა, ერთადერთი რეაგირება ამაზე არის ჩემი გათავისუფლება იმ მოტივით, რომ ვახდენ დისკრედიტაციას. მინდა გითხრათ, რომ ეს არის კანონდარღვევა, იმიტომ რომ ხელშეკრულებაში მიწერია, რომ თუ მხარეები უკმაყოფილო ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა

იქნებიან ერთმანეთით, უნდა ეცნობოთ ორი კვირით ადრე და ეს პროცედურა დაიწყოს ურთიერთმოლაპარაკებით, მაგრამ ამის მცდელობაც არ ყოფილა ჩემთან დაკავშირებით“.

ლალი მოროშკინა სამსახურიდან 20 მაისს გაათავისუფლეს, რის მიზეზადაც სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელმა, ავთანდილ ჟღენტმა, შემდეგი გარემოება დაასახელა:

„გვსურს განვმარტოთ, რომ ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ უძღოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მისი შეხვედრა, რომლის დროსაც მან ათი ათასი ლარის პრემიის ყოველთვიურად მიღება და ახალი ავტომანქანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მან ცრუ და აბსურდული განცხადებების გაკეთება. ქალბატონი ლალი მაშინაც ცრუობს, როცა საუბრობს, რომ არ აუღია პრემია. მას თანამდებობრივ სარგოსთან ერთად 30 ათასი ლარი პრემია აქვს აღებული“.

აღნიშნული ბრალდების პასუხად, ლალი მოროშკინამ 21 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკიდან ამონაწერი წარმოადგინა:

„აქ არის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩემ მიერ აღებული ხელფასები და პრემიები. ჯამში, მაინც ძალიან პატარა თანხმა გამოდის და ამიტომ მე მაინტერესებს, რის საფუძველზე გააკეთეს განცხადება, რომ მე მაქვს აღებული 30 ათასი ლარი პრემიის სახით. თანამონაწილედ გამიყვანეს, თითქოსდა მეც მქონია მათთან ერთად აღებული... თუ ისინი ამბობენ, რომ ავიღე ნაღდი ფული, მაშინ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის გამოც მე უნდა დავისაჯო, როგორც ფულის მიმღები, და დეპარტამენტის თავმჯდომარე კი - გამცემი“.

ლალი მოროშკინა სასამართლოში ჩივილს აპირებს. მანამდე ის ასევე აპირებს შეხვდეს პრემიერ-მინისტრს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მოროშკინამ დაარღვია სუბორდინაცია და საჯარო მოხელის ეთიკა, როცა საჯაროდ დაუპირისპირდა თავის ხელმძღვანელს. ასე ფიქრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე:

„თუ მოროშკინა არ ეთანხმება დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, მაშინ მას, ცხადია, შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში, მაგრამ ერთი რამ არის: ვიდრე ხარ საჯარო სამსახურში და ითვლები მრჩევლად, მაშინ შენი ხელმძღვანელისა და უწყების მაკომპრომეტირებელი განცხადებები არ უნდა გააკეთო. ჯერ უნდა გადადგე - ასეა წესი - და მერე შეგიძლია გქონდეს განსხვავებული პოზიცია“.
კითხვები ჩნდება, როცა კრიტიკული გამოსვლის გამო თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან. ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერი იყო მოროშკინას გათავისუფლება სამსახურიდან. ასევე მნიშვნელოვანია ივანე მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც...

საპარლამენტო უმრავლესობაში ასევე მიიჩნევენ, რომ, სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ბევრი პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, კვლავ რჩება პრობლემები. პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის, დავით ზურაბიშვილის კომენტარი:

„არის პრემიებთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე დარჩენილი იყო ბევრი ისეთი კადრი, შემორჩენილი წინა ხელისუფლებიდან, რომლებიც დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილი. პრობლემები არის და ამაზე მთავრობაში სერიოზულად იმსჯელებენ“.


თუმცა, ხელისუფლებისგან განსხვავებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში მომხდარმა დაპირისპირებამ არამარტო პრემიების გაცემის მანკიერი პრაქტიკა გამოავლინა. უჩა ნანუაშვილის თქმით, სერიოზულ შესწავლას საჭიროებს ლალი მოროშკინას როგორც სამსახურიდან გათავისუფლების კანონონიერება, ასევე განცხადების ის ნაწილი, რომელიც ვანო მერაბიშვილს შეეხება:

„კითხვები ჩნდება, როცა კრიტიკული გამოსვლის გამო თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან. ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერი იყო მოროშკინას გათავისუფლება სამსახურიდან. ასევე მნიშვნელოვანია არა მარტო პრემიების საკითხი, არამედ ივანე მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც, რომ ის გაყვანილი იქნა საკნიდან კანონის დარღვევით. მე კვლავ მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვა, რამდენად ობიექტურად მოხდა ამ საკითხის შესწავლა“.

აღნიშნული საკითხის ხელახლა შესწავლისა და გამოძიების დაწყების მომხრეა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კვლავ მოითხოვს დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა.
XS
SM
MD
LG