Accessibility links

logo-print

გადამდგარი უფროსი და ჯერ უპასუხო კითხვები სასჯელაღსრულების სისტემაში


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა, დიმიტრი დარბაისელმა, თანამდებობა დატოვა. ის ბოლო ხანებში მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს უარყოფს და მიიჩნევს, რომ თავის გუნდთან ერთდ სასჯელაღსრულების სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. სასჯელაღსრულების თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და სახალხო დამცველი კი ციხეებში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობენ. რა მდგომარეობაშია სასჯელაღსრულების სისტემა და საკმარისია თუ არა უფროსის გადადგომა დაგროვილი პრეტენზიების გასაბათილებლად?

სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დიმიტრი დარბაისელმა, დღეს, 23 მაისს, გადადგომის შესახებ განაცხადა. დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასჯელაღსრულება უმძიმესი სფეროა, რადგან „პატიმრებთან მუშაობა და ურთიერთობა განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს“. დიმიტრი დარბაისელი განცხადებაში განმარტავს, რომ სწორედ ამიტომაც გასცა პრემიები თანამშრომლებზე, რამაც საზოგადოებაში კითხვები და უკმაყოფილება გამოიწვია. მისივე განცხადებით, გადადგომის მიუხედავად, იგი აბსურდად მიიჩნევს ყველა ბრალდებას მისი და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ.
მეორე პრობლემა არის „გადაყვანები“. საღამოს შეუძლიათ შემოვიდნენ და სრულიად მოულოდნელად ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაგიყვანონ. ეს ადამიანები მოგვმართავენ და გვეუბნებიან, რომ არ იციან, რატომ გადაიყვანეს ერთიდან მეორე დაწესებულებაში...

თანხების გაფლანგვასა და დაუმსახურებელი პრემიების გაცემაში დიმიტრი დარბაისელი მაისის დასაწყისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადანაშაულა. მათ გაასაჯაროეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, დეპარტამენტის 40 თანამშრომელზე პრემიის სახით მილიონამდე ლარია გაცემული.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრიბაშვილმა გადადგომის შესახებ დიმიტრი დარბაისელის გადაწყვეტილებას ვაჟკაცური უწოდა. მან თქვა:

„ის, რომ რაღაც პატარა გადაცდომა იყო, ამაზე ტრაგედია არ უნდა შექმნათ. რაც მთავარია, ამ ადამიანმა და მისმა გუნდმა ურთულესი საქმე შეასრულა. მათ რეალურად ციხე დაალაგეს და ის პრობლემები, რაც ციხეში ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა, აბსოლუტურად სხვა, ცივილიზებული მეთოდებით აღმოფხვრეს“.

დიმიტრი დარბაისელის ხელმძღვანელობისას სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები თვეების განმავლობაში ლაპარაკობდნენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი მაია ხუციშვილი ციხეში პატიმრების მდგომარეობას აკვირდება. ის ამბობს:

„პირველი, რაც შემიძლია აღვნიშნო, რაც ყველაზე მასშტაბურია და ყველა დაწესებულებაშია, არის ჯანმრთელობის პრობლემა. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს პატიმრები, რომლებიც წინა ხელისუფლების შემდეგ არიან დარჩენილები, აცხადებენ, რომ არიან ნაცემები, აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, სჭირდებათ ქირურგიული ჩარევა, თუმცა მათ შესაბამისი, ადეკვატური გამოკვლევა და მკურნალობა არ უტარდებათ.

მეორე პრობლემა არის „გადაყვანები“. საღამოს შეუძლიათ შემოვიდნენ და სრულიად მოულოდნელად ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაგიყვანონ. ეს ადამიანები მოგვმართავენ და გვეუბნებიან, რომ არ იციან, რატომ გადაიყვანეს ერთიდან მეორე დაწესებულებაში“
.

მაია ხუციშვილი ამბობს, რომ როდესაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ცდილობს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კონკრეტულად არასდროს პასუხობს.

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

დიმიტრი დარბაისელის გადადგომას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემის ირგვლივ დაგროვილ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს:

„ეს ეხება არამხოლოდ იმ პრემიებს, რომლის შესახებაც საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული. ასევე მნიშვნელოვანია ფარტენაძის საქმის გამოძიება, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული პრობლემები და, ზოგადად, ის არაერთი საქმე, რომელიც სახალხო დამცველის წარმოებაში არსებობს და ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენდა“.

სახალხო დამცველმა ეს განცხადება დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილ მრჩეველ ლალი მოროშკინასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ლალი მოროშკინა სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დიმიტრი დარბაისელი დაუმსახურებელი პრემიების გაცემაში დაადანაშაულა.

ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ თანამდებობაზე დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და დასძენს, რომ დიმიტრი დარბაისელმა უნდა დააბრუნოს ის თანხა, რომელიც პრემიების სახით გასცა.
XS
SM
MD
LG