Accessibility links

logo-print

ნატო რუსეთს: დაუბრუნე ყირიმი უკრაინას!


ანდერს ფოგ რასმუსენი

ანდერს ფოგ რასმუსენი

რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცებამ ნატოს წინაშე მდგარი ყველა საფრთხე გადაფარა და, შესაბამისად, უკრაინის კრიზისი მინისტერიალის დღის წესრიგში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ყირიმის ანექსიასა და სეპარატისტულ ამბოხებას აღმოსავლეთ უკრაინაში ალიანსის შტაბბინაში უფრო ხშირად ახსნებენ, ვიდრე გლობალურ ტერორიზმს, ვითარებას სირიაში და ნატოს ხელმძღვანელობით ავღანეთში მიმდინარე ალიანსის ოპერაციას.

3 ივნისს, თავის პირველ, სტუმრების დახვედრის წინ ალიანსის შტაბბინის ზღურბლზე გამართულ ბრიფინგზე მოსკოვის მოქმედებას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა „უპასუხისმგებლო“ და „უკანონო აგრესია“ უწოდა:

„რუსეთის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინიდან რუსეთმა აჩვენა, რომ საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად მზად არის გამოიყენოს ძალა, წაშალოს საზღვრები, აღადგინოს ევროპაში გამყოფი ხაზები და სუვერენულ სახელმწიფოში დესტაბილაზაცია მოახდინოს“.
რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია უკანონოა. არ ვაღიარებთ ამას და ყირიმს კვლავინდებურად მივიჩნევთ უკრაინის ნაწილად და მოვუწოდებთ რუსეთს, ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს...

ერთი დღით ადრე კი რუსეთმა დარჩენილი დიპლომატიური რესურსი აამოქმედა და შეეცადა ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა იყო, შეერბილებინა რუსეთის მიმართ კრიტიკა. 2 ივნისს, ნატოში რუსეთის ელჩის ალექსანდრ გრუშკოს თხოვნით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა, თუმცა ამ სხდომაზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მკაცრად მოითხოვეს რუსეთისგან ხელი აიღოს უკრაინის დესტაბილიზაციაზე, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ჯგუფების შეიარაღება და დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას. ალიანსის წევრი სახელმწიფოების ეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 3 ივნისს კიდევ ერთხელ გაიმეორა:

„რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია უკანონოა. არ ვაღიარებთ ამას და ყირიმს კვლავინდებურად მივიჩნევთ უკრაინის ნაწილად და მოვუწოდებთ რუსეთს, ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს“.

ყირიმის ანექსია, ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში და ნატოს როლი უკრაინის სტაბილიზაციის საქმეში - აი, ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება ნატო-უკრაინის კომისიაზე, რომლითაც გაიხსნა ალიანსის მინისტერიალი ბრუსელში. ნატოს შტაბბინაში იმყოფებოდა უკრაინის მოქმედი თავდაცვის მინისტრი მიხაილო კოვალი, რომელმაც, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, შეხვედრის დამთავრებისთანავე დატოვა ბრიუსელი.
გავმართავთ, ასევე, შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, რათა შევაფასოთ ჩვენი ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და რუსეთის ქმედებების გავლენა მთელ რეგიონზე...

ნატოს ქვეყნები უკრაინას დახმარებას ჰპირდებიან ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების წვრთნისა და რეფორმის საქმეში. აშშ კიევს ამ მზინით 18 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

4 ივნისს კი ნატოს მინისტერიალის შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით გაიხსნება. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, საქართველო-ნატოს ურთიერთობისა და საქართველოს მიერ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შეფასების გარდა, ალიანსის წევრი თავდაცვის მინისტრები რეგიონალურ უსაფრთხოებაზეც გაამახვილებენ ყურადღებას:

„გავმართავთ, ასევე, შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, რათა შევაფასოთ ჩვენი ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და რუსეთის ქმედებების გავლენა მთელ რეგიონზე. ნატოს კოლექტიური თავდაცვის სისტემა ძლიერია, პარტნიორების წინაშე ნაკისრი ჩვენი ვალდებულება მტკიცე, ხოლო რუსეთის მიმართ ჩვენი გზავნილი - მკაფიო“.

4 ივნის, მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს შტაბბინაში საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა გაიმართება. ხვალვე ჩამოვა ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც ნატოს უელსის სამიტამდე ბოლოჯერ შეხვდება ნატოს შტაბბინაში კოლეგებს და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას იმისათვის, რომ ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები არა მხოლოდ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შეუქცევადობაში, არამედ ალიანსში გასაწევრიანებლად ქვეყნის სრულ მზადყოფნაში დაარწმუნოს.
XS
SM
MD
LG