Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირელები და უვიზო მიმოსვლის გემო


ამ რამდენიმე კვირის წინ ევროპის კავშირმა მოლდავეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღო. როგორც ჩანს, ეს გარემოება უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში.

აღმოსავლეთ მოლდავეთის ქალაქ ვარნიცის საპასპორტო განყოფელებაში დიდი რიგებია, აშკარად გაღიზიანებული არიან როგორც მოხელეები, ისე პასპორტის მიღების მსურველებიც. მათ შორის არის ვასილი, რომელიც ამბობს, რომ აქ განყოფილების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, დილის 7-ის ნახევარზე მოვიდა, მაგრამ რიგში მაინც 24-ე აღმოჩნდა. იქვე მყოფი შუახნის ქალი კი ამბობს: „გვინდა რეგისტრაციაში გაგვატარონ. პარასკევს აქ 200 კაცი იყო. ორ ბავშვთან ერთად ვიყურყუტე და მაინც ვერ მოვახერხე საბუთების ჩაბარება. დღეს დილის რვის ნახევრიდან აქ ვარ და მაინც არ ვიცი, რა იქნება. 86-ე ვიყავი დილით. არ ვიცი, მომიწევს თუ არა რიგი. ვზივარ და ვღელავ: ბავშვები სახლში მარტო დავტოვე.“

პასპორტის მიღების მსურველთა გრძელი რიგები შედარებით ახალი მოვლენაა. ვარნიცა აღმოსავლეთ მოლდავეთში, დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარეობს. რიგში მდგომთა უმრავლესობა სწორედ დნესტრისპირეთიდანაა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ სეპარატისტულ რესპუბლიკაში იშვიათად თუ შეხვდებოდით მოლდავეთის პასპორტის მიღების მსურველს.

სურათის ეს მკვეთრი ცვლილება მოლდავეთში აღვივებს იმედს, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება რეალური გახდეს ქვეყნის შემადგენლობაში დნესტრისპირეთის დაბრუნების პერსპექტივა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დნესტრისპირეთის რვა ათასამდე მოქალაქემ გადაკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი. მიზანი ყველას ერთი ჰქონდა: მოლდავეთის მოქალაქეობისა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის გარანტი ბიომეტრიული პასპორტის მოპოვება.

უვიზო მიმოსვლის უფლება მოლდაველებს 28 აპრილიდან მიეცათ. პირველი თვის განმავლობაში ამ უფლებით 40 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა. როგორც კიშინიოველი ექსპერტი, ანალიტიკურ ცენტრ „ექსპერტ-გრუპის“ თანამშრომელი ვიქტორია ვლადი აღნიშნავს, შარშანდელთან შედარებით შეინიშნება 20%-იანი ზრდა. და მომავალში ეს რიცხვი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 27 ივნისს მოლდავეთი (ისევე, როგორც საქართველო) ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებს.
მე მოლდავეთის პასპორტი მაქვს, მაგრამ მას ვადა გაუვიდა. ახლა ბიომეტრიულს ავიღებ. მას ათწლიანი ვადა აქვს და ეს ძალიან მოსახერხებელია. იმედი მაქვს, საზღვარგარეთ წასვლას შევძლებ...

​დნესტრისპირეთი, აღმოსავლეთ მოლდავეთის ტერიტორიის ეს მცირე მონაკვეთი, უკრაინასა და მდინარე დნესტრს შორის მდებარეობს. შეიძლება ითქვას, რომ 1990 წლიდან მოყოლებული, ამ ტერიტორიაზე მოლდავეთის იურისდიქცია აღარ ვრცელდება. ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას დნესტრისპირეთი რუსეთისგან იღებს. თუმცა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემთხვევებისგან განსხვავებით, მოსკოვი თავს იკავებს რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისგან - მიუხედავად არაერთი მოწოდებისა თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან. დნესტრისპირეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.

კიშინიოვი ცდილობს, დაანახვოს დნესტრისპირეთის მოქალაქეებს ის სიკეთე, რასაც მათ ევროკავშირთან დაახლოება მოუტანს. შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ამ მხრივ აშკარად უადვილებს საქმეს მოლდავეთის მთავრობას.

„მე მოლდავეთის პასპორტი მაქვს, მაგრამ მას ვადა გაუვიდა. ახლა ბიომეტრიულს ავიღებ. მას ათწლიანი ვადა აქვს და ეს ძალიან მოსახერხებელია. იმედი მაქვს, საზღვარგარეთ წასვლას შევძლებ. ცოტა ხანში სწავლას ვამთავრებ და მინდა, სამუშაოდ ან დასასვენებლად წავიდე“, ამბობს დნესტრისპირელი სტუდენტი ოქსანა.
ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა შესანიშნავია. ეს ბევრს გაუადვილებს ცხოვრებას და მეტ შესაძლებლობას მისცემს. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ის არის, რამდენი გამოიყენებს ამას...

​კიშინიოვი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ პასპორტის აღების პროცედურა გაუიოლოს დნესტრისპირელებს. სწორედ ამის აიხსნება ისიც, რომ პირველ პასპორტს სეპარატისტული რესპუბლიკის მცხოვრებნი უფასოდ იღებენ. მაგრამ, ვარნიცის საპასპორტო განყოფილება ქალაქის გარეუბანშია და ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს გამართულად. განყოფილებაში განაცხადებს მხოლოდ ორ სარკმელთან იღებენ. როგორც იქ მყოფი მოქალაქეები რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ეუბნებიან, ქვეყნის სხვა საპასპორტო განყოფილებებშიც მსგავსი ვითარებაა.

იმის მიუხედავად, რომ დნესტრისპირეთის მოსახლეობას შეუძლია, პასპორტის მისაღებად განაცხადი მოლდავეთის ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ განყოფილებაში შეიტანოს, ზოგი მოქალაქე ირწმუნება, რომ სხვა საპასპორტო მაგიდებიდან მათ ვარნიცაში უშვებენ.

დნესტრისპირეთის მთავარ ქალაქ ტირასპოლში ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა შუახნის ქალს, რომელსაც ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ასეთი მოსაზრება აქვს: „ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა შესანიშნავია. ეს ბევრს გაუადვილებს ცხოვრებას და მეტ შესაძლებლობას მისცემს. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ის არის, რამდენი გამოიყენებს ამას: ევროპაში მოგზაურობა იაფი არ არის და დიდ თანხებს მოითხოვს. დნესტრისპირეთის მოსახლეობა კი საშუალო ან საშუალოზე დაბალი შეძლების ხალხია. მათთვის მეზობელ ქვეყანაში, თუნდაც უკრაინაში გამგზავრებაც კი ძვირი სიამოვნებაა“.

ჩვენი კორესპონდენტი ბენდერისაც ესტუმრა, სიდიდით დნესტრისპირეთის მეორე ქალაქს, და გაესაუბრა მამაკაცს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. უახლოეს მომავალში არსად ვაპირებ წასვლას, ძვირიაო, თქვა მან და ხანმოკლე პაუზის შემდეგ დასძინა: „სად წავიდოდი? იტალიაში წავიდოდი, იქაურ ხალხს ვნახავდი. იმ ფოტოების მიხედვით, რაც ნანახი მაქვს, ყველაზე მეტად ვენეცია მომწონს. მოკლედ, თუ მოგზაურობის საშუალება მომეცა, მაშინ დავფიქრდები იმაზე, რა ვქნა და როგორ მოვიქცე.“
XS
SM
MD
LG