Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასების შედეგები


ავტორი: ირინა გურული

საერთშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ფინანსური სექტორი შეაფასა და მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. პროგრამის ფარგლებში, შეფასება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ფინანსური სექტორის სტაბილურობის ანალიზი და მისი წვლილი ქვეყნის ზრდასა და განვითარებაში.

პირველი კომპონენტის ფარგლებში, შეაფასეს საბანკო და არასაბანკო ინსტიტუციების მდგრადობა, დადგინდა საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსური ბაზრების ხარისხის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩატარდა სისტემური სტრესის მიმართ ფინანსური სექტორის მდგრადობის ტესტი.

მეორე კომპონენტის ფარგლებში, შეფასდა საკანონმდებლო ჩარჩოსა და ფინანსური ინფრასტრუქტურის ეფექტურობა, ბარიერები კონკურენციის სფეროში, კაპიტალური ბაზრის განვითარება, ფინანსური სექტორის წვლილი ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში.

მისიის დასასრულს საერთაშორსო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ: საქართველომ წარმატებით გაუძლო სხვადასხვა შოკს, მათ შორის, რუსეთთან კონფლიქტს, გლობალურ ფინანსურ კრიზისს, პოლიტიკურ ცვლილებებსა და რეგიონალურ არასტაბილურობას. უკანასკნელ წლებში საქართველოს საბანკო სისტემამ მდგრადობა გამოავლინა, თუმცა, ამავე დროს, იკვეთება სხვადასხვა რისკი და სისუსტეც, რომელთაც მუდმივად აქტიური მონიტორინგი და მართვა ესაჭიროება. ამ რისკებს შორისაა არსებული სისუსტეები, რომლებიც უკავშირდება დოლარიზაციას (ანუ იმას, რომ ანაბრების და სესხების დიდი ნაწილი დოლარშია დენომინირებული), ასევე ლიკვიდობასა და სესხების კონცენტრაციას. ამ ფაქტორებს შეუძლია შეასუსტოს სხვადასხვა შოკთან სისტემის გამკლავების უნარი, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული რისკები ძირითადად მინიმიზებულია.

დასკვნის თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით დაუახლოვა საბანკო სისტემის რეგულირებისა და ზედამხედველობის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის მექანიზმი, თუმცა სსფ-სა და მსოფლიო ბანკს მიაჩნიათ, რომ საქართველოში რეგულირების სისტემის შემდგომი გაძლიერება მიზანშეწონილია.

რაც შეეხება ფინანსური სექტორის როლს საქართველოში ინვესტიციების, დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, იმის მიუხედავად, რომ ფინანსური სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო სექტორის დაფინანსებაში, დასკვნის ავტორთა აზრით, საჭიროა ფინანსური სექტორის ყოვლისმომცველი სტრატეგიის დასახვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ფინანსური სექტორი უფრო მეტად უწყობდეს ხელს კაპიტალდაბანდებასა და გრძელვადიანი დანაზოგების ზრდას.

რეკომენდაციები შეეხო ასევე არასაბანკო საფინანსო სექტორს. ანგარიშის მიხედვით, ეს სექტორი შედარებით მცირემასშტაბიანია, აკლია ფინანსური შესაძლებლობები და მათი როლი გამოსაკვეთია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების კუთხით. ამასთან, არსებობს ბევრი დაურეგულირებელი ფინანსური მომსახურების მომწოდებელი.

მისია მიესალმება საქართველოს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისკენ, ასევე არასაბანკო სექტორის კონკურენციის ზრდას და სადაზღვევო სექტორისა და ფასიანი ქაღალდების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებს.
XS
SM
MD
LG