Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალი და არაკონფრონტაციული სამხედრო სტრატეგია


თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის“ ახალი რედაქცია, რომელიც ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და მნიშვნელოვნად სრულყოფს ეროვნული თავდაცვის პოლიტიკას. დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების საქმიანობას და გეგმებს მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ეროვნული სამხედრო სტრატეგიის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად კვლავ რჩება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.

„საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, ვკითხულობთ, რომ დოკუმენტი წარმოადგენს 2005 წელს გამოცემული ეროვნული სამხედრო სტრატეგიის განახლებულ ვარიანტს და რომ „საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია” ასახავს შეიარაღებული ძალების წინაშე არსებულ ახალ რეალობებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხეილ დარჩიაშვილის თქმითაც, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შეცვლილმა უსაფრთხოების გარემომ გამოიწვია არსებული თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის დოკუმენტების გადახედვის საჭიროება:

„საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია წარმოადგენს ქვეყნის ძირითად სამხედრო-პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც მიმოიხილავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეროვნული უსაფრთხოების გარემოსა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად ასპექტებს. დოკუმენტი ასევე საზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ამოცანებს, შესაძლებლობებსა და მიზნებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დოკუმენტი 2008 წლის მოვლენების შემდგომ მომზადდა პირველად“.

ტერიტორიების ოკუპაცია, რეგიონალური არასტაბილურობა, ტრანსნაციონალური საფრთხეები, ორგანიზებული დანაშაული, კიბერსაფრთხეები, ბუნებრივი და ტექტონოგენური კატასტროფები...
თეონა აქუბარდია

შესაბამისად, საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განპირობებულია ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციითა და კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის რისკით. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თეონა აქუბარდიას თქმით, „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა“ და „საქართველოს საფრთხეების შეფასების (2013-2016 წწ) დოკუმენტზე“ დაყრდნობით, „საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია“ ითვალისწინებს შემდეგ ძირითად საფრთხეებს:

„ტერიტორიების ოკუპაცია, რეგიონალური არასტაბილურობა, ტრანსნაციონალური საფრთხეები, ორგანიზებული დანაშაული, კიბერსაფრთხეები, ბუნებრივი და ტექტონოგენური კატასტროფები... ასევე დოკუმენტში არის განსაზღვრული ეროვნული თავდაცვის პოლიტიკა და პრინციპები, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების მიზნები, ამოცანები და შესაძლებლობები. თავდაცვის პოლიტიკის პრინციპები არის განახლებული, რამდენადაც ახალი პოლიტიკა არის ჩაწერილი: დემოკრატიული კონტროლი ჯარზე, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, თავდაცვის რესურსების ეკონომიურობა და ა.შ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის სამხედრო მიზნების ნაწილი“.

თეონა აქუბარდიას თქმით, სამხედრო მიზნების ნაწილში გამორჩეული ადგილი უკავია შეკავებასა და თავდაცვის უზრუნველყოფას. ფრაგმენტი საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტიდან:

საკმაოდ დიდი თანხა მიაქვს ავღანეთსა და აფრიკაში გაგზავნილი ჩვენი სამხედროების მივლინების თანხებს - ეს არცთუ ისე მცირე თანხებია - და, ასევე, წვრთნებზე მეტ-ნაკლებად. რაც შეეხება ახალი შეიარაღების შეძენასა და მოდერნიზაციას, ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, დღეს, ფაქტობრივად, შეჩერებულია...
ირაკლი ალადაშვილი

„შეკავების მიზანია მოწინააღმდეგის შესაძლო სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება ბრძოლისუნარიანი, ადეკვატურად დაკომპლექტებული, აღჭურვილი და გაწვრთნილი შეიარაღებული ძალების განვითარების გზით. ეფექტიანი შეკავება აიძულებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს, უარი თქვას შეიარაღებულ თავდასხმაზე სამხედრო ოპერაციის წარუმატებლობის ან მიზნის მისაღწევად შეუსაბამო დანაკარგების გამო. შეკავება მოითხოვს შეიარაღებული ძალების გამართული რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის არსებობას და, ასევე, ხელისუფლების უნარს, კრიზისის ან ომის დროს მოახდინოს ეროვნული რესურსების მობილიზება“.

ამასთან, თეონა აქუბარდიას თქმით, შეკავება და თავდაცვის უზრუნველყოფა მოითხოვს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის მაღალ დონეს. დოკუმენტის თანახმად, ამგვარი ძალების ჩამოყალიბება დამოკიდებულია პირადი შემადგენლობის შემდგომ პროფესიონალიზაციასა და ოპერატიული დაგეგმვის გაუმჯობესებაზე. ასევე ლაპარაკია ადამიანურ კაპიტალზე ორიენტირებულ მართვაზე, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარების უმთავრეს ქვაკუთხედს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი წარმოადგენს. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად აუცილებელია სათანადო დაფინანსება და პოლიტიკური ნება. ცნობისათვის: 2007-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 1,5 მილიარდ ლარს აღწევდა, ახლა კი, დაახლოებით, 660 მილიონი ლარია.

„თუმცა ეს თანხა ძირითადად საკმარისია პირადი შემადგენლობისთვის ხელფასის გადასახდელად. ასევე საკმაოდ დიდი თანხა მიაქვს ავღანეთსა და აფრიკაში გაგზავნილი ჩვენი სამხედროების მივლინების თანხებს - ეს არცთუ ისე მცირე თანხებია - და, ასევე, წვრთნებზე მეტ-ნაკლებად. რაც შეეხება ახალი შეიარაღების შეძენასა და მოდერნიზაციას, ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, დღეს, ფაქტობრივად, შეჩერებულია“, უთხრა ირაკლი ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

„საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის“ განახლებულ დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს შეიარაღებული ძალების არაკონფრონტაციულობის ხაზგასმას. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა ატარებს არაკონფრონტაციულ ხასიათს და უპირატესობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველო ახორციელებს კეთილმეზობლურ პოლიტიკას და არ განიხილავს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG