Accessibility links

logo-print

ვის თავს ”დააგორებს” ირაკლი ალასანია?


ირაკლი ალასანია მუხროვანის სამხედრო ბაზაზე

ირაკლი ალასანია მუხროვანის სამხედრო ბაზაზე

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უმკაცრესად დასჯით ემუქრება ყველას, ვინც უდიერად ეპყრობა ჯარისკაცების კვებას, რომელიც სამომავლოდ არანორმირებული უნდა გახდეს. მართალია, ზუსტი მიზეზი ჯერ არ დადგენილა, მაგრამ ათზე მეტი სამხედროს მოწამვლის ფაქტს უკვე მოჰყვა საკადრო ცვლილების პირველი ტალღა და, წინასწარი ინფორმაციით, მსგავსი ნაბიჯები კვლავაც გადაიდგმება ამჟამად მიმდინარე გამოძიების შედეგად. როგორ აფასებენ დარგის სპეციალისტები ბრძოლას, რომელიც თავდაცვის მინისტრმა სამხედროთა უხარისხო კვებას გამოუცხადა?

მართალია, ქუთაისში 11 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტს ”მასშტაბურად” არ მიიჩნევს და ჯერ არც მოწამვლის მიზეზია დაზუსტებული, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა უკვე გაათავისუფლა ყველა, ვისაც ევალებოდა კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც ვკითხულობთ და ამაზე თავად მინისტრმაც ილაპარაკა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ში სტუმრობისას. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ჯარისკაცებზე ზრუნვა შვილებზე ზრუნვის ტოლფასია:

”ბუნებრივია, დაველოდებით გამოძიებას და ყველა, ვინც უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის მოვალეობას, - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ჯარის კვებას, რომელსაც მე და თავდაცვის სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა ვთვლით, რომ ისევე უნდა მოეკიდო, როგორც შენი შვილის კვებას, - იქნება კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი. როგორც კი დასრულდება გამოძიება და თუკი გამოიკვეთა დამნაშავეები, აუცილებლად ჩემ მიერ იქნება უმკაცრესი ზომები მიღებული და თავები დაგორდება. თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როდესაც შენ გაბარია ჯარის კვება და ჯარის მომსახურება”.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინოლოგია მაინცდამაინც არ მოსწონს, ”თავების დაგორებასთან” დაკავშირებული განცხადებები სამხედრო ანალიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი თავდგირიძეს იმაზე მიანიშნებს, რომ მინისტრი ალასანია განსაკუთრებით არის დაინტერესებული ჯარისკაცების კვების საკითხით. მინისტრის მიერ ამ მეტად მწვავე პრობლემის პირად კონტროლზე აყვანა გიორგი თავდგირიძეს საკმაოდ დადებითად განაწყობს, მაგრამ მას ეს არასაკმარის ქმედებად მიაჩნია. ექსპერტი თვლის, რომ კვების სეგმენტი უნდა წარმოადგენდეს ”არმიის რეფორმირების გეგმის” - ჯერჯერობით ბუნებაში არარსებული გეგმის - შემადგენელ ნაწილს და რომ ეს გეგმა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს: ”აუცილებელია მნიშვნელოვანი, კარგად დაფინანსებული, კარგად ორგანიზებული კომისია, სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ გეგმაზე, რეფორმებზე. კომისიამ უწყების გარეთ უნდა იმუშაოს. როცა რეფორმების გეგმას მთავრობა დაამტკიცებს და საზოგადოება იმსჯელებს და გამოიყოფა რესურსები, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გატარდეს ძირეული ცვლილებები“.

გიორგი თავდგირიძისგან განსხვავებით, ჯარისკაცების კვების საკითხის მოგვარება თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული კომისიის საქმედ არ მიაჩნია ექსპერტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას, რომელიც თავდაცვის სისტემაში მუშაობისას, გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს, თავადაც მოიწამლა საკვები პროდუქტებით. მაისაია თვლის, რომ ზოგადად უსაფრთხო კვების და, მათ შორის, ჯარისკაცების კვების საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა გადაიჭრას:

”საერთოდ, ეს საკითხი უნდა დაისვას ცალკე, რადგანაც სურსათის უსაფრთხოების სტრატეგია უნდა იყოს შემუშავებული სახელმწიფოს დონეზე. საუბარია სურსათის უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაზე, რომელიც ბევრ ქვეყანაშია წარმატებით ადაპტირებული. საქართველო ამჟამად იმყოფება გარდამავალ პერიოდში და ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. პროცესს უნდა აკონტროლებდეს სამოქალაქო სექტორი”.

კვების უსაფრთხოების გარდა, დღის წესრიგში დგას სამხედროების ნორმირებული კვების არანორმირეული კვებით შეცვლის საკითხი. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მთლიანად შეიცვლება კომპანია ”ქართული კვების” როგორც მმართველი რგოლი, ასევე მთლიანად მენეჯმენტის სისტემა. საუბარია სახელმწიფო კომპანიაზე, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეების კვება აქვს ჩაბარებული. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, შეწყდა 2013 წლის თებერვალში რეგიონალური პრინციპით გამოცხადებული 4 ტენდერი, რაც ქართული ჯარის კვების უზრუნველყოფას უკავშირდებოდა. სატენდერო კომისიის ამგვარ გადაწყვეტილებას, სამინისტროს ინფორმაციით, ნორმირებული კვებიდან არანორმირებულ კვებაზე გადასვლა დაედო საფუძვლად. ჯერჯერობით უცნობია, გამოცხადდება თუ არა და როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი. სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, არანორმირებულ კვებაზე გადასვლა თავად ჯარისკაცების მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა.
XS
SM
MD
LG