Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის შეზღუდვას კვლავ არაკონსტიტუციურად თვლის. ორი დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბრამდე გამოცხადებული მორატორიუმი (დროებითი აკრძალვა).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე მეორედ მიიღო ამ საკითხზე პრაქტიკულად ერთი და იგივე გადაწყვეტილება, თემა აქტუალობას არ კარგავს. საზოგადოებისა და ეკონომისტთა ერთი ნაწილისთვის ეს მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია ქვეყნის ეკონომიკის, დემოგრაფიული მდგომარეობისა და თვით დამოუკიდებლობისთვისაც; მეორე ნაწილის აზრით კი, გამოცხადებული მორატორიუმი უცხოელებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს უწესებდა და მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა. აღნიშნული შეზღუდვა პრობლემებს უქმნიდა უცხოელ ინვესტორებსაც, რომელთა ქვეყანაში მოზიდვა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

საინტერესოა, რომ მხარეები არგუმენტად ხშირად ერთსა და იმავე ფაქტებსა და საერთაშორისო გამოცდილებას იყენებენ:

უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების შეზღუდვა რამდენიმე ქვეყანაში არსებობს. მაგალითად, ჩეხეთს, უნგრეთს, ესტონეთს, ლიტვას, ლატვიას, პოლონეთსა და სლოვაკეთს ევროკავშირმა მიანიჭა უფლება გარდამავალ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ტყეების გასხვისებისას შეენარჩუნებინათ შეზღუდვები. ასეთი შეზღუდვები ევროკავშირში გაწევრიანებიდან 7 წელიწადს (პოლონეთისათვის 12 წელიწადს) გრძელდებოდა, თუმცა სხვადასხვა ქვეყანა შეზღუდვის სხვადასხვა სახეს იყენებდა. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ გზას გარდამავალ პერიოდში (მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანებისას) მიმართა, რათა დაეცვა სოციალურ-ეკონომიკური და სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურა იმ შოკისაგან, რაც სახელმწიფოთა გაერთიანებაში წევრად შესვლას თან ახლავს. ასეთი შოკი შეიძლება იყოს გაერთიანების ახალი და ძველი წევრი ქვეყნების მიწების ფასებს შორის სხვაობა, რაც ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს შექმნის და ა.შ.

ექსპერტთა ნაწილს - მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში განმცხადებელს -მიაჩნია, რომ საქართველოში დღეს მსგავსი გარდამავალი ეტაპი არ გვაქვს და ასეთი შეზღუდვების დაწესება გაუგებარია. ამ დროს მნიშვნელოვანი არგუმენტია ისიც, რომ ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები არ იყო აბსოლუტური და გარკვეული პირობებით მიწის ყიდვა უცხოეთის მოქალაქეს მაინც შეეძლო, საქართველომ კი აბსოლუტური შეზღუდვები უპირობოდ შემოიღო.

მეორე ნაწილისთვის კი სწორედ ამ ქვეყნების მაგალითია არგუმენტი იმისათვის, რომ, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ფონზე, ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვები უნდა არსებობდეს.

არანაკლებად საინტერესოა ის, რომ არსებული არაერთგვაროვანი პოზიციისა და, შეიძლება ითქვას, აჟიოტაჟის ფონზეც კი, დღეისთვის არ არსებობს უცხოეთის მოქალაქეებზე გაყიდული მიწების ზუსტი სტატისტიკა.

ინვესტიციების მოცულობაზე კი არსებული მორატორიუმი რომ უარყოფითად აისახა, ამას ინვესტიციების სტატისტიკაც მოწმობს, რომლის თანახმად, 2014 წელს მიწაზე განხორციელებული ინვესტიციები წინა წლების (2011-2012-2013 წლების) მასშტაბს 10-ჯერ და მეტადაც კი ჩამორჩება.

XS
SM
MD
LG