Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერობის კანდიდატს აშშ და ირანი მიესალმებიან


ჰაიდარ ალ-აბადი
ჰაიდარ ალ-აბადი

ირანის უმაღლესი ეროვნული საბჭოს მდივანმა ალი შამხანიმ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს ერაყის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჰაიდარ ალ-აბადის კანდიდატურას. აქამდე შიიტური ირანი მოიაზრებოდა ერაყის ამჟამინდელი პრემიერის, შიიტი ნური ალ-მალიკის, მხარდამჭერად, თუმცა ბოლო დროს თეირანი განუდგა მალიკის, რადგან მიიჩნევს, რომ ის ვეღარ ახერხებს ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას. შამხანიმ მოუწოდა ერაყის ყველა ჯგუფსა და კოალიციას, დაიცვას ეროვნული ინტერესები და გაითვალისწინოს, რომ ქვეყანას „გარეშე საფრთხესთან“ დაპირისპირება უწევს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა აბადის ნომინაციას და ამ ფაქტს „წინგადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. ობამამ აბადის მოუწოდა, რაც შეიძლება მალე ჩამოაყალიბოს ახალი მინისტრთა კაბინეტი.

ობამას გამოსვლისას ხაზგასმულად არ უხსენებია ნური ალ-მალიკი. მან აღნიშნა, რომ ერაყი ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და თქვა, რომ ახალ მთავრობას ამ გამოწვევებისათვის პასუხის გასაცემად ერთად მუშაობა მოუწევს.

აბადის 30 დღე აქვს, რათა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს მინისტრთა ახალი კაბინეტი.

ამასობაში მალიკი, რომელიც უარს აცხადებს პოსტის დატოვებაზე, აბადის ნომინაციას არაკონსტიტუციურს უწოდებს. ის ერაყის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2006 წლიდან იკავებს, აპრილის შემდეგ კი, როდესაც არჩევნებმა გადამწყვეტი შედეგი ვერ აჩვენა, მას მოვალეობის დროებითი შემსრულებლის პოსტი უჭირავს. მას ბრალად სდებენ ქვეყანაში შიდა დაპირისპირებების გაღვივებას, მაშინ როცა ქვეყანა ისლამისტურ ამბოხებას ებრძვის.

მეამბოხეებმა შეტევა ივნისში დაიწყეს და მას შემდეგ ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყის დიდი ნაწილის დაკავება შეძლეს. ამერიკის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ 11 აგვისტოს დაიწყეს ისლამისტ ექსტრემისტებთან მებრძოლი ქურთებისათვის იარაღის პირდაპირ მიწოდება. ამავე დროს, ამერიკა ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მთებში გახიზნულ იეზიდ და ქრისტიან ერაყელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს ერაყის დახმარებას და რომ ამერიკა და ავსტრალია გაეროს მოსთხოვენ ჯიჰადისტი მებრძოლების მიერ ერაყსა და სირიაში შექმნილი ვითარება განიხილოს.

XS
SM
MD
LG