Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი. ცენტრის ინფორმაციით, უცხოეთის ათობით მოქალაქე, რომლებიც ბინადრობის მოწმობის გართულებულ პროცედურას უჩივიან, მიმართავს მათ სამართლებრივი დახმარების თხოვნით. ამ პრეტენზიებს არ ეთანხმება ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო, იუსტიციის სამინისტრო.

მანი კუმარ რაიაუნდუ ინდოეთის მოქალაქეა. ის ადამიანის უფლებათა სახლში სტაჟირებას გადის. თითქმის სამი თვეა, რაც ცოლად საქართველოს მოქალაქე შეირთო და აგვისტოში იუსტიციის სამინისტროს ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმართა, თუმცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას ბინადრობის მიღებაზე უარი უთხრა. სააგენტოს უარი, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას დაეყრდნო: „კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“.

„მას შემდეგ, რაც ცოლად მოვიყვანე ქართველი გოგონა, მივმართე უწყებას ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, მაგრამ ეს ნებართვა ვერ მივიღე. რაც მთავარია, ვერ მივიღე ვერც კონკრეტული პასუხი, თუ რის გამო არ მაძლევდნენ ბინადრობის ნებართვას. მე ასეთი კითხვა მაქვს, ვინმე რომ მოვიდეს და გითხრას, შენ უნდა დატოვო შენი ცოლი, ქმარი ან შვილები და წახვიდეო, ეს სამართლიანია?“, - ამბობს მანი კუმარ რაიაუნდუ.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ განმარტავენ, უკანასკნელ პერიოდში მხოლოდ მანი კუმარს არ შეჰქმნია ბინადრობის ნებართვის მიღების პრობლემა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ნესტან ლონდარიძის თქმით, მსგავსი პრობლემით ცენტრს ათეულობით უცხოეთის მოქალაქე მიმართავს და სამართლებრივ დახმარებას სთხოვს. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, საიმიგრაციო პროცესების დარეგულირების მიზნით, ძალაში შევიდა ახალი კანონი „უცხოეთის მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლითაც რეგულირდება უცხოელთა საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა. ნესტან ლონდარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის ძირითად პრინციპებად აღიარებულია ოჯახის ერთიანობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, არგაძევებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი, რეალობა სრულიად სხვაზე მეტყველებს. ბინადრობის მოპოვების პრობლემის თავი და თავი, ნესტანის თქმით, უფლებამოსილი ორგანოს, ანუ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწერილი დასკვნებია. დასკვნებში, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა თუ არგუმენტების გარეშე, მითითებულია, რომ დეპარტამენტს კონკრეტული პირისთვის ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია:

„იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არც კი ინტერესდება, რა უდევს საფუძვლად კონტრდაზვერვის უარს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეყრდნობა ამ დასკვნას და გასცემს უარს ბინადრობის უფლების მინიჭების თაობაზე“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

ნესტან ლონდარიძის თქმით, საქმეს ართულებს ის ფაქტიც, რომ არგუმენტებით არც სასამართლო ინტერესდება. სასამართლო ხელმძღვანელობს კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით, რომლის შესაბამისადაც კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია.

კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩათვალოს მიზანშეუწონლად შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მოქალაქისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა, სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი გვეუბნება, ამ საკითხზე პასუხის მიღება მხოლოდ წერილობითი მიმართვისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, მაქსიმუმ ათი დღის მანძილზე, შეგვიძლიაო.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ორგანოს, რომელიც გასცემს ბინადრობის ნებართვის დოკუმენტს, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი სოსო გიორგაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ „უცხოეთის მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებებმა კანონმდებლობა მოაწესრიგა. ის არ იზიარებს არასამთავრობო სექტორისა და უცხოეთის მოქალაქეების პრეტენზიას ბინადრობის ნებართვის მიღების გართულების თაობაზე.

„მთელი რიგი ბინადრობის უფლებები, რომლებიც გაიცემა, საჭიროებს ვიზის საფუძველს. ანუ თუ, მაგალითად, პირი საქართველოში მოემგზავრება სასწავლებლად ან მოემგზავრება სამუშაოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მან ჯერ უნდა აიღოს შესაბამისი შრომითი ან სასწავლო კატეგორიის ვიზა და ამ ვიზის საფუძველზე, როდესაც ჩამოვა საქართველოში, შეუძლია მოგვმართოს ამავე კატეგორიის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად და ა.შ“, - ამბობს სოსო გიორგაძე.

სოსო გიორგაძე განმარტებას იძლევა შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ჩართულობაზე ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცესში და ამბობს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მიგრაციისა და, ამასთანავე, უსაფრთხოების საკითხებზე, ამ პროცესში აუცილებლად ჩართავს შესაბამის სტრუქტურებს.

გიორგი ვაშაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცესში კონტრდაზვერვის მუშაობასთან დაკავშირებით ამბობს:

„კონტრდაზვერვა მონაწილეობდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იყო ისეთი ქვეყნებიდან მოთხოვნა, საიდანაც შეიძლება თეორიულად იყოს ტერორიზმის საფრთხე. ეს არის საერთაშორისო სია და ეს ვალდებულება გვქონდა ჩვენც, რომ გადაგვემოწმებინა. თუმცა ეს ყველაფერი განხილვის პროცესში ისე ხდებოდა, რომ ამას მოქალაქე თავის თავზე ვერ გრძნობდა და, შესაბამისად, თუ არ იყო დასაბუთებული უარის საფუძველი, მაშინ ჩვენ მოქალაქეს უარს არ ვეუბნებოდით და ვაძლევდით ბინადრობის ნებართვას“.

კანონში მიღებული ცვლილებების მიხედვით, ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეუძლია უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად, არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი და ა.შ. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად პირი მიმართავს იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტროს ვებგევრდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, როგორც დროებითი, ისე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრულია 30- დღიანი ვადა. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში სააგენტომ დააკმაყოფილა დროებითი ბინადრობის 1 321 და მუდმივი ბინადრობის 308 განცხადება. ანუ, უწყების განმარტებით, დაკმაყოფილდა უცხოეთის მოქალაქეთა განცხადებების 80%-ზე მეტი.

XS
SM
MD
LG