Accessibility links

logo-print

გია ნიჟარაძე რაგბის "ოჯახის გახლეჩაზე" ლაპარაკობს, ირაკლი აბუსერიძე კი - "არაჯანსაღ გარემოზე"


საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მორიგ, 20 დეკემბრისთვის დანიშნულ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა რაგბის „ოჯახის გახლეჩის“ საფრთხის გამო. „მე ვატყობდი უკვე ისეთ რაღაცეებს, რომ ოჯახი გაიხლიჩებოდა და ვიღაცა ვიღაცას დაუპირისპირდებოდა. ესღა მაკლია, რომ ეს ცოდვა დავიდო კისერზე და ახალგაზრდა ბიჭები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, ან ჩემს გამო რაღაცა ბზარი გაჩნდეს ამ ოჯახში. ვერავინ ვერ ეღირსება მაგას!“- განაცხადა ნიჟარაძემ 16 დეკემბერს თბილისში გამართულ ბრიფინგზე. მანამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ირაკლი აბუსერიძემ, რომელმაც ასევე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ახსენა „არაჯანსაღი გარემო“ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების წინ. „საარჩევნო წინაპერიოდი ისეთ არაჯანსაღ გარემოში მიმდინარეობდა, რომ არანაირი თანამდებობა არ მიღირს, რომ ქართული რაგბის ეს ერთიანობა გახლეჩილიყო. და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება,“ - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი აბუსერიძემ. 12 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია „ზოგიერთი ‘თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარის’ და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების“ მცდელობაზე. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ვინ ცდილობს არჩევნებზე გავლენის მოხდენას. საქართველოს რაგბის კავშირში ამ დაძაბულობის ფონზე, თბილისს ეწვია ევროპის რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი, ოქტავიან მორარიუ. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მან განაცხადა, რომ ასოციაცია არ ერევა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის არჩევნების საკითხში და თბილისს ის „დაგეგმილი ვიზიტით“ ეწვია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG