Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო კვირეულის ხმაურიანი შეჯამება პარლამენტში


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი
ერთი მხრივ, საპარლამენტო ოპოზიცია, მეორე მხრივ კი, უმრავლესობა და მთავრობა განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებთან მიმართებით, - დაახლოებით ასე შეიძლება შეჯამდეს სამთავრობო ანგარიშგების კვირეული, რომელსაც პარლამენტი 5 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. საუბარია სამთავრობო დებატების კვირეულზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ანგარიშით 22 მარტს გაიხსნა და ასევე პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დღეს, 30 მარტს, დაიხურა. დროის ამ მონაკვეთში დეპუტატებმა 8 მინისტრს მოუსმინეს და ორი მათგანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოასწრეს. 30 მარტს ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ასევე უშედეგოდ მოითხოვა საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენება.
საქართველოში 2010 წელს დაფიქსირდა 6,4-პროცენტიანი ეკონომიკის ზრდა... ჩვენ გვაქვს გაზრდილი ხელფასები მასწავლებლებზე, ჩვენ ვზრდით პენსიებს 2011 წლის 1 სექტემბრიდან და ჩვენ შევამცირეთ გადასახადები 2009 წელს...

30 მარტის სხდომაზე გამოჩნდა, რომ დებატების მიმდინარეობისას საერთო ენა ვერ გამოინახა და რომ საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კვლავაც მწვავე კამათის საგნად რჩება გასულ კვირაში განხილული არაერთი საკითხი, რომელთა შორისაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საკითხები ჯანდაცვის, სოციალური, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებიდან. მხარეები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავენ, მაგალითად, დევნილების მდგომარეობასთან, მედიკამენტების ფასთან, სამკურნალო დაწესებულებების კონდიციასა და ხელმისაწვდომობასთან, აგრარული სექტორის დაფინანსებასა თუ მანდატურების მუშაობასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყველა გამომსვლელმა ოპონენტები პრობლემების დაძლევის კონკრეტული გეგმის არარსებობასა და ქვეყანაში გაკეთებული საქმის უსამართლო კრიტიკაში დაადანაშაულა. მაგალითად, გიგი წერეთელმა ოპონენტების წიაღში ”მეხსიერების, აღქმის და კომპეტენციის” პრობლემები დაინახა; შოთა მალაშხიას შედარება უკავშირდება სამედიცინო დიაგნოზს, რომლის მიხედვითაც ადამიანი ”დეზორიენტირებულია სივრცესა და გარემოში”; ხოლო ნუგზარ წიკლაურის აზრით, ოპონენტები ”ნაყალბევ პათეტიკას” მიმართავენ:

”როგორც ჩანს, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ეს ტრიბუნა წარმოუდგენია თავისი, რა ვიცი... დაუკმაყოფილებელი ვნებების ამოფრქვევის ერთადერთ ასპარეზად. სხვას მე ვერაფერს ვერ მივაწერ იმ გამოსვლებს, რომლებიც აქ მოვისმინე...”
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

იმედგაცრუებული დარჩა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელიც ოპონენტებისგან, როგორც ჩანს, უფრო კონსტრუქციულ განხილვებს მოელოდა და, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების იმ 10-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მან დეპუტატებს პირველად 22 მარტს, დებატების გახსნის დღეს, წარუდგინა და რომელიც 30 მარტს, დებატების დახურვის დღესაც გაიმეორა. ნიკა გილაური ამბობს, რომ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე გადასვლის დრო მას შემდეგ დადგა, რაც საქართველომ ეკონომიკური კრიზისი დაძლია და რეალურ წარმატებებს მიაღწია:

”იმ პირობებში, როდესაც მთელ რეგიონში საპენსიო სისტემები ჩამოიშალა, როდესაც მთელ რეგიონში პენსიები და ხელფასები შემცირდა, საქართველოში 2010 წელს დაფიქსირდა 6,4-პროცენტიანი ეკონომიკის ზრდა... ჩვენ გვაქვს გაზრდილი ხელფასები მასწავლებლებზე, ჩვენ ვზრდით პენსიებს 2011 წლის 1 სექტემბრიდან და ჩვენ შევამცირეთ გადასახადები 2009 წელს, როდესაც ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო...”
ნაციონალური მოძრაობის ექსპერიმენტმა, სახელწოდებით ”საქართველოს ეკონომიკური რეფორმა”, განიცადა სრული კრახი: უმუშევრობა მატულობს, ფასები კატასტროფულად იზრდება, ინფლაციამ გადააბიჯა ყოველგვარ ზღვარს...

თუმცა ოპოზიცია მაინც ძალიან უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ გილაურის მთავრობამ ეკონომიკური განვითარება ჩიხში შეიყვანა და ქვეყანაში დაუძლეველი პრობლემები გააჩინა. შთაბეჭდილება იმდენად მძიმეა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 30 მარტის სხდომაზე მთავრობის გადაყენებაც კი მოითხოვა. თავდაპირველად ასეთი წინადადებით გამოვიდა ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია, ხოლო რამდენიმე წუთში თანაგუნდელების პოზიცია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გამოხატა:

”ნაციონალური მოძრაობის ექსპერიმენტმა, სახელწოდებით ”საქართველოს ეკონომიკური რეფორმა”, განიცადა სრული კრახი: უმუშევრობა მატულობს, ფასები კატასტროფულად იზრდება, ინფლაციამ გადააბიჯა ყოველგვარ ზღვარს. ამ ექსპერიმენტს თავისი ავტორები ჰყავს და მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ. პასუხისმგებელია მთელი მთავრობა, პრემიერის მეთაურობით, და ამიტომ ქრისტიან-დემოკრატები ვაყენებთ მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენების საკითხს...”

თუმცა ოპოზიციის ეს მოთხოვნა მოთხოვნადვე დარჩა და ის ვერ გასცდა პოლიტიკური გადაწყვეტილების ჩარჩოებს. საქმე ის არის, რომ მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენების პროცედურის დასაწყებად დეპუტატების 1/3-ის თანხმობაა საჭირო; ამდენი ხმის მოგროვება კი, როგორც ეს გიორგი თარგამაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG