Accessibility links

პროექტი, რომელსაც ჰქვია ”საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”, სამ კონკრეტულ ზონას მოიცავს - გონიოს, ანაკლიას და მესტიას. ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „მწვანე ალტერნატივამ“ და „რეგიონალური მედიის ასოციაციამ“ - საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების შესწავლის შემდეგ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც შევიდა გონიოში საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას და მიწის მესაკუთრეებისათვის კომპენსაციების გადახდას მოითხოვენ.
თავიდანვე ეს მიწები უკანონოდ გასხვისდა, რადგან ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა მათი გასხვისების უფლება ...

ახალ ტურისტულ ზონებში მესაკუთრეების დარღვეული უფლებების მაგალითად ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას სპეციალურ ანგარიშში სოფელ გონიოში მომხდარი ფაქტები მოჰყავს.

გონიოში 271 ოჯახის საკუთრების უფლება დაირღვა. მათ მიწები საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ დაუკანონეს, შემდეგ კი მოულოდნელად ჩამოართვეს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის არგუმენტი ის იყო, რომ აღნიშნული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის ნაწილად ითვლებოდა, რაც რატომღაც არჩევნების წინ ამავე კომისიას არ გახსენებია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ეკა ბოკუჩავა ამბობს, რომ მიწები ხელისუფლებამ ჯერ უკანონოდ დაურიგა მოსახლეობას, შემდეგ კი ასევე უკანონოდ ჩამოართვა:

”თავიდანვე ეს მიწები უკანონოდ გასხვისდა, რადგან ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა მათი გასხვისების უფლება. კანონი პირდაპირ არ კრძალავს ასეთი მიწის ნაკვეთების გასხვისებას, მაგრამ, სულ ცოტა, კულტურის სამინისტროს ნებართვაა ამისათვის საჭირო, რაც ასევე არ არსებობს. ამას ისიც ემატება, რომ ამ ნაკვეთების 90% საპრეზიდენტო არჩევნების წინაა დარეგისტრირებული და ასევე ერთბაშად ჩამოართვეს ამ 217 ოჯახს იგივე მიწის ნაკვეთი.”

ეკა ბოკუჩავა განმარტავს, რომ მესაკუთრეების ნაწილი მიწის დამუშავებას შეუდგა, ხარჯი გასწია, ნაწილმა ბინა გაყიდა და ადგილზე სახლის თუ სასტუმროს მშენებლობაც წამოიწყო და მიწაც სწორედ ამ დროს ჩამოართვეს. ნაწილმა სასამართლოში იჩივლა, მაგრამ პროცესი წააგო. მაგალითად, სასამართლომ უარით გაისტუმრა ერთ-ერთი მესაკუთრე, ენვერ ირემაძე. გონიოელებმა თავიანთი უფლებების დასაცავად არაერთი აქციაც მოაწყვეს.

მაგრამ გონიო არ არის გამონაკლისი. ანგარიშის ავტორების თქმით, იმავე მიზეზით საკუთრების უფლება ირღვევა მესტიაში, ანაკლიაში, თბილისში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მიწა, რომელსაც მესაკუთრეს ართმევენ, ცოტა ხანში ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში აღმოჩნდება ხოლმე:

მესტია
”მაგალითად, ანაკლიაში ერთ-ერთი პირის საკუთრება, 40 ჰექტარი, ასე დაირეგისტრირა ეკონომიკის სამინისტრომ და ცოტა ხანში სხვას მიჰყიდა. ჩვენ სამართლებრივი დახმარება გავუწიეთ ამ ადამიანს, მაგრამ სასამართლო წავაგეთ.”

ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივას” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე
ამბობს, რომ რეგიონების განვითარება მდგრადი განვითარების გვერდის ავლით არ უნდა მოხდეს. და თუ მაინც ტურიზმის განვითარებას მესაკუთრეების უფლება შეეწირება, მათ, სულ ცოტა, მიყენებული ზიანი მაინც უნდა აუნაზღაურონ:
შესაძლებელია, რომ მესაკუთრისგან კანონიერად მივიღოთ ესა თუ ის ქონება, რომელიც რაღაც ტიპის ბიზნესისათვის იყოს საჭირო ...

”კერძო საკუთრების - განსაკუთრებით კი ტრადიციული საკუთრების - ხელყოფა მდგრადი განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიანად ვცვლით იმ მოდელს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა იმისთვის, რომ ამ რეგიონის მოსახლეობა ეკონომიკურად აქტიური ყოფილიყო. მაგალითად, გონიოშიც და მესტიაშიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებდა ხალხი და უცებ ტურისტული ინფრასტრუქტურით ჩანაცვლება ყველაფრის იქ მცხოვრებთათვის უდიდესი ტრავმაა.”

ეკონომიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ საზოგადოების ერთი ჯგუფის ინტერესის შელახვის ხარჯზე მეორის ინტერესების განხორციელება არ უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ერთგვარი ოქროს შუალედის მოძებნის საშუალებას იძლევა:

”შესაძლებელია, რომ მესაკუთრისგან კანონიერად მივიღოთ ესა თუ ის ქონება, რომელიც რაღაც ტიპის ბიზნესისათვის იყოს საჭირო. მათ შორისაა გამოსყიდვის ფორმა, ქირავნობის ფორმა. მესაკუთრეც კმაყოფილი იქნება ამ შემთხვევაში და არც ბიზნესის განვითარებას შეეშლება ხელი.”

ნარმანია იქვე შენიშნავს, რომ მესაკუთრეების დარღვეული უფლებები და წაგებული სასამართლო პროცესები პირდაპირ კავშირშია საინვესტიციო აქტივობის შემცირებასთან.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა გაბრუშიძე აცხადებს, რომ 271 ოჯახს საკუთრება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წერილის საფუძველზე ჩამოერთვა:

”კანონმდებლობით, მართალია, არ იკრძალება ასე პირდაპირ ამ მიწების საკუთრებაში გაცემა, მაგრამ გაცემის წინ კანონით უნდა განისაზღვროს მათი მოვლა-პატრონობის პირობები, რაც არ მომხდარა და ამიტომ ამ ნორმის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია. დანარჩენს სასამართლო გაარკვევს.”

სამოქალაქო საზოგადოება, გარდა იმისა, რომ მესაკუთრეების დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვს, ხელისუფლებას ამ კომისიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნითაც მიმართავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG