Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ოპოზიცია ნავთობის ექსპორტირებისთვის ემზადება


ლიბიის აღმოსავლეთში მდებარე სანავთობე პორტში ოპოზიციის ძალების მიერ კონტროლირებულ ნავთობის ტანკერს ელიან, რომელმაც ნავთობის ექსპორტი უნდა განახორციელოს. ეს მნიშვნელოვნად ზრდის მეამბოხეთა იმედს, რომ იარაღის შესყიდვისთვის საჭირო თანხებს მოიპოვებს.

ლიბიის აღმოსავლეთში, მარსა ელ ჰარიგას პორტში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ლიბერიაში რეგისტრირებულ ნავთობის ტანკერს ელიან. ტანკერმა პორტიდან ნავთობის პირველი ექსპორტი უნდა განახორციელოს მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო.

გავრცელებული ცნობებით, ტანკერს სხვა ტვირთი არ მიაქვს, რაც შესაძლებლობას იძლევა მასზე ერთ მილიონ ბარელამდე ნავთობი დაიტვირთოს.

ნავთობისგან მიღებული მოგება ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რომელიც ამით კადაფის ძალებთან დაპირისპირებისთვის საჭირო მძიმე შეიარაღებას შეისყიდის.

ოპოზიციურმა გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ კატართან მიაღწია შეთანხმებას ნედლი ნავთობის მიწოდების თაობაზე. პარალელურად, ლიბიის ოპოზიციონერი დიპლომატები ცდილობენ გაეროს დაყოლიებას, კადაფისთვის დაწესებული სადამსჯელო სანქციები არ შეეხოს მეამბოხეთა მიერ წარმოებულ ნავთობის ექსპორტს.

პარალელურად, ოპოზიციის მებრძოლები ცდილობდნენ პოზიციების დაბრუნებას ნავთობტერმინალის მქონე საპორტო ქალაქ ბრეგაში. რამდენიმე ადგილის დაბრუნება მათ მართლაც შეძლეს და განაცხადეს, რომ ლიდერის, მუამარ კადაფის ძალებს მალე საერთოდ განდევნიან.

ბრეგა ერთადერთი ქალაქი არ არის, რომელიც ლიბიის სამოქალაქო ომის მსვლელობისას ხან ერთი, ხან მეორე ძალის კონტროლის ქვეშაა. ასეთივე ვითარებაა ქვეყნის ხმელთაშუაზღვისპირულ სანაპიროზე განთავსებულ სხვა ქალაქებშიც.

ბოლო კვირების განმავლობაში ოპოზიციის მებრძოლებმა რამდენჯერმე შეაღწიეს ბრეგაში და მის იქითაც, მაგრამ მათ კადაფის ერთგულმა ძალებმა უკან დაახევინეს.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ რეჟიმის ძალები უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია, მათ ჯერჯერობით ვერ შეძლეს გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება ცუდად შეიარაღებულ და არასაკმარისად ორგანიზებულ ოპოზიციაზე. ამ ვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კამპანია, რომელსაც გასულ თვეში გაეროს უშიშროების საბჭომ დართო ნება.

ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ და დიპლომატიურ მიზანს
წარმოადგენს უცხოეთში უკეთესი შეიარაღების შეძენა, საერთაშორისო საჰაერო კამპანიის შენარჩუნებასთან ერთად. გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი ალი სულეიმან აუჯალი ორშაბათს ვაშინგტონში იყო და ოპოზიციისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა: „საჰაერო დარტყმები მნიშვნელოვანია. [ფრენის აკრძალვის] ზონა უნდა შენარჩუნდეს და კოალიციაც გაერთიანებული უნდა დარჩეს, რათა საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. რეჟიმთან მებრძოლ ლიბიელ ხალხს, ცხადია, სჭირდება წვრთნა, ტყვია-წამალი, იარაღი. მათ ეს ყველაფერი ბრძოლისთვის ესაჭიროებათ.“

და მაინც, დასძინა აუჯალიმ, ოპოზიციის მებრძოლებს არ სურთ, რომ უცხოელმა ჯარისკაცებმა მათ ლიბიის მიწაზე გაუმაგრონ ზურგიო. მისი თქმით, მეამბოხეებს უნდათ თავად დაამხონ კადაფის ხელისუფლება: „მოვიდა დრო გავთავისუფლდეთ ამ კაცისგან, მოვიდა დრო ლიბიელ ხალხს მივცეთ შანსი, იმედი, რომ თავად მართავენ საკუთარ თავს. მინდა ზუსტად იცოდეთ, რომ კადაფის წინააღმდეგ ამბოხებულები ჩვეულებრივი ლიბიელები არიან - მასწავლებლები, პროფესორები, სტუდენტები. ისინი რეჟიმის პირობებში ტანჯვით დაიქანცნენ. მათ დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ.“

საერთაშორისო თანამეგობრობა ოპოზიციის ძალების იარაღით მომარაგებისგან თავს იკავებს, თუმცა მეამბოხეებმა ევროპაში ძლიერი დიპლომატიური მხარდაჭერის მოპოვება შეძლეს. ახლა უკვე იტალიაც გამოდის გარდამავალი ეროვნული საბჭოს აღიარების წინადადებით - მას შემდეგ, რაც ასეთი ნაბიჯი საფრანგეთმა და კატარმა გადადგეს.

მაგრამ კადაფის რეჟიმი კვლავ ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე. ტრიპოლიში კადაფის წარმომადგენელმა განაცხადა, ლიბიის ლიდერი პოსტიდან არ გადადგებაო, თუმცა დასძინა, რომ ის მზად არის დაუშვას არჩევნების გამართვა და ლიბიის პოლიტიკური სისტემის რეფორმა: „[კადაფის] ფიგურას ლიბიელი ხალხისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მეორე საკითხია, ლიბია როგორ იმართება და რა სახის პოლიტიკური სისტემა ინერგება. ამაზე მოლაპარაკება შესაძლებელია. ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ - ჩავატაროთ არჩევნები, რეფერენდუმი, რაც გნებავთ“, განაცხადა რეჟიმის წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა და დასძინა, რომ რეჟიმი არ დათანხმდება უცხოეთიდან თავსმოხვეულ პირობებს - მათ შორის, არც საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს, რომ მუამარ კადაფი უნდა გადადგეს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG