Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქი და მისი ვაჟები დააკავეს


ჰოსპიტალი, სადაც ჰოსნი მუბარაქი მოათავსეს
ჰოსპიტალი, სადაც ჰოსნი მუბარაქი მოათავსეს
ეგვიპტის ექსპრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 15 დღით დააკავეს იმ გამოძიების ფონზე, რომელიც მისი რეჟიმის პერიოდში კორუფციას შეისწავლის და ასევე იკვლევს ამასწინანდელი ამბოხებისას ასობით დემონსტრანტის დახოცვის ფაქტებს.

ეგვიპტის გენერალური პროკურორის ბრძანების თანახმად, მუბარაქის ვაჟები ალაა და გამალიც დააკავეს 15 დღით, დაკითხვის მიზნით. ძმები კაიროს შემოგარენში მდებარე ციხეში გადაიყვანეს, სადაც ისინი მუბარაქის ყოფილი მმართველი წრის სხვა წარმომადგენლების მზარდ რაოდენობას შეუერთდნენ.
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი

მუბარაქის, მისი ვაჟებისა და მისი რეჟიმის მნიშვნელოვანი ფიგურების დაკავება და დაკითხვა პროდემოკრატი დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა იყო, რომელსაც ისინი იანვარსა და თებერვალში კაიროს თაჰრირის მოედანზე გამართულ აქციებზე აყენებდნენ. დემონსტრანტებს სურთ პასუხი მოეთხოვოთ ოფიციალურ პირებს, რომლებიც, მათი თქმით, მუბარაქის მმართველობის სამი ათწლეულის განმავლობაში კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებას ასობით ადამიანი შეეწირა პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნისას. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 365-ია, მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რეალური რიცხვი ამ მონაცემს დაახლოებით ორჯერ აჭარბებს.
დღეს ხანგრძლივმა არაბულმა ზამთარმა ლღვობა დაიწყო. ათწლეულების განმავლობაში პირველად გაჩნდა გრძელვადიანი ცვლილების მოხდენის შესაძლებლობა...

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, მუბარაქის რეჟიმიდან ვის რა როლი მიუძღვის ძალადობაში.

მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ თავად მუბარაქს, მის შვილებს და მათ ცოლებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ, მათი აქტივები კი გაყინეს.

11 თებერვალს, ხელისუფლებიდან ჩამოგდების შემდეგ, მუბარაქი შარმ ელ-შეიხში გაემგზავრა. როგორც იუწყებიან, სამშაბათს, 12 აპრილს, ის წითელი ზღვის ამ კურორტზე საავადმყოფოში მოხვდა - მას შემდეგ, რაც დაკითხვის პროცესში გული გაუხდა ცუდად.

თუმცა არსებობს ეჭვი, რომ მუბარაქი საავადმყოფოში იმ მიზნით დაწვა, რომ დაკითხვა აეცილებინა თავიდან. ვრცელდება განსხვავებული ინფორმაცია - ზოგიერთი წყაროს თანახმად, ის დაკავების 15 დღეს შარმ ელ-შეიხის ამ საავადმყოფოში დაყოფს; სხვები კი ირწმუნებიან, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე მას ციხის საკანში გადაიყვანენ.

მუბარაქისა და მისი ვაჟების დაკავების შესახებ ვაშინგტონს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სამშაბათს, 12 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, აშშ-ისა და ისლამური ქვეყნების კავშირების შესახებ გამართულ კონფერენციაზე, თქვა, როგორც ჩანს, სამართლისა და ღირსებისთვის მოწოდებებს მთელი არაბული სამყაროს მასშტაბით აქვს გავლენაო:
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

„დღეს ხანგრძლივმა არაბულმა ზამთარმა ლღვობა დაიწყო. ათწლეულების განმავლობაში პირველად გაჩნდა გრძელვადიანი ცვლილების მოხდენის შესაძლებლობა - ნამდვილი შესაძლებლობა, რათა ხალხის ხმა გაგონილ იქნეს, მათი პრიორიტეტები კი - გათვალისწინებული.“

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მუბარაქის ორივე ვაჟს უკვე ჩაუტარდა დაკითხვა. როგორც იუწყებიან, მათ გაფლანგვასა და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებენ და ასევე იძიებენ მათ კავშირს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან.

ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, „მენას“ ცნობით, მუბარაქის ვაჟი, გამალი, რომელსაც ერთ დროს მამის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, და მისი უფროსი ძმა შოკირებულებს ჰგავდნენ, როცა ციხეში, მობილური ტელეფონების კონფისკაციის შემდეგ, უნიფორმები, საბნები და ლეიბები გადასცეს.

მუბარაქის ვაჟებს თორას ციხეში მათი მამის ბევრი ყოფილი მოკავშირე დახვდათ, რომელთა ირგვლივაც ასევე მიმდინარეობს გამოძიება, კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მათ შორის არიან მმართველი პარტიის ყოფილი მდივანი საფავატ ელ-შერიფი, ყოფილი საორგანიზაციო მდივანი აჰმედ ეზი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ფათი სორორი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ ნაზიფი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰაბიბ ელ-ადლი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG