Accessibility links

logo-print
იმერეთის სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა - როგორც უთხრეს გლეხებმა რადიო თავისუფლებას, ხვნა-თესვას უამინდობასთან ერთად ტექნიკის უკმარისობა, საწვავის სიძვირე და მუშახელის სიმცირე უშლის ხელს. გლეხები ყველაზე გულისტკივილით სოფლების დაცარიელებასა და სამეურნეო მიწების მიტოვებაზე საუბრობენ და ამის ერთ-ერთ მიზეზად მოუსავლიანობას ასახელებენ.

„ხალხი ვერ ვამუშავებთ მიწას, საშუალება არ არის, საწვავი ძვირია და ვტოვებთ დაუმუშავებელს. ბევრია შემთხვევა, რომ მიატოვეს და საერთოდ აღარ თესავენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჭყეპელმა სულიკო ცნობილაძემ.

„შარშანდელმა მოუსავლიანობამ ძალიან ცუდად იმოქმედა და ბევრმა მიატოვა მიწა, მთელი ახალგაზრდობა წასულია და მოხუცებულ ხალხს რაღა შეგვიძლია?“ - ამბობს გოდოგნის მკვიდრი ნათელა ბუცხრიკიძე.
როგორც იმერელი გლეხები ამბობენ,მიწას ხშირად ხარით ამუშავებენ, რადგან სოფელს ტრაქტორი არ ჰყავს. ზოგჯერ რამდენიმე სოფელი ერთი ტრაქტორით სარგებლობს. გლეხების თქმით, ტრაქტორები კერძო მფლობელობაშია და ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება 40-დან 100 ლარამდე ღირს.

გლეხების თქმით, წელს პესტიციდების ფასი 40 ლარამდე გაიზარდა და მიწის სამუშაოების განახლების შემდეგ ფასის გაზრდა კიდევ მოსალოდნელია.

„ჯერ არაფერი არ გვაქვს გაკეთებული, ამინდებიც ხელს გვიშლის და ძვირია ყველაფერი. დახვნა-დათესვის მერე ვიყიდი სასუქს. უკვე 5 ლარით გაძვირდა - 35 ლარი ღირდა და 40 გახადეს და მიწას რომ დავამუშავებთ, მერე რა ფასი ექნება? თუ შევწვდით საერთოდ“,- ამბობს სულიკო ცნობილაძე.

გლეხები რადიო თავისუფლებასთან საუბარში სათესლე სიმინდის ფასის გამო ჩივიან. როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა გვითხრა, ქართული სათესლე სიმინდი 2 ლარი ღირს, ე.წ. ამერიკული კი - 14 ლარი. ამასთან, ახალ ჯიშს გლეხები ეჭვის თვალით უყურებენ და ამბობენ, რომ საცდელად თითო კილოს დათესავენ.

„ამერიკული სათესლე სიმინდი მე ერთი კილო ვიყიდე, კაკალ-კაკალ უნდა დათესოო და მინდა ახლა დავთესო... ვცდი. რა მოვა, რა ვიცი. ისე, ძვირია - ჩვენებური სათესლე სიმინდი 2 ლარი და 2 ლარ-ნახევარი ღირს და თქვეს ამერიკული 10 ლარი ეღირებაო და ახლა 14 მივეცი. ძვირია, ძალიან ძვირია და ვნახოთ, რა მოვა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნათელა ბუცხრიკიძემ.

„მე ამერიკულს ეზოში ვერ შემოვიტან, არ მინდა. ჯერ ერთი, ძვირია და მეორეც, საჭმელად არ ვარგაო და მარტო ქათმებისთვის ხომ არ ვიწვალებ?“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა გლეხმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა და განაცხადა, რომ ამერიკულ სიმინდს ქართული ურჩევნია.

იმერელი გლეხები გამოდარებას ელიან და იმედოვნებენ, რომ წელს შარშანდლის მსგავსი გვალვიანი და მოუსავლიანი წელიწადი არ იქნება და მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას გააუმჯობესებენ.
XS
SM
MD
LG