Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

თევზაობისთვის დაკავებული ადიგენის გამგებლის თანაშემწე


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 17 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწესა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა. სამართალდამცავებმა ისინი ორი დღის წინ უკანონო თევზჭერის ფაქტზე აიყვანეს. ორი თვის წინ, აპრილის თვეში, სამართალდამცავებმა ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლების ორი რწმუნებულიც დააკავეს.

2000 ლარი – თავისუფლების სანაცვლოდ. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს ლაზარე ჩილინგარაშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ოთხ პირს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა. რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა თანხის 50 პროცენტი უკვე გადაიხადეს, დანარჩენს კი ოცდაათი დღის ვადაში დაფარავენ. პეტრე მანველიშვილის თქმით, დაკავებულნი აკრძალულ დროს ელექტროაპარატით თევზაობდნენ, რაც სიცოცხლისათვის საშიშია. მისივე განმარტებით, ეჭვმიტანილებს სამ კილოგრამამდე თევზი ჰქონდათ მოპოვებული, რაც, სავარაუდოდ, სახელმიწიფოსათვის მიყენებულ ზიანს 200 ლარის ოდენობით შეადგენს.

დაკავებულ თანაშემწეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი დადებით პიროვნებად ახასიათებს. სიმონ პარუნაშვილის თქმით, ლაზარე ჩილინგარაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2009 წელს დაინიშნა. გამგებელი ამბობს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების თაობაზე არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს. იგი თანმდებობაზე დარჩება და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდება.

ის, რომ თევზჭერა მაისის თვიდან აგვისტოს ჩათვლით აკრძალულია, ამაზე ახალციხის მონადირე-მეთევზეთა საზოგადოების თავმჯდომარეც საუბრობს. ნუგზარ ზედგინიძის თქმით, აღნიშნული თევზისთვის ეგრეთ წოდებული „ტოფობის“ პერიოდია, ამიტომ თევზაობა - მით უმეტეს, ელექტრო მოწყობილობებით - სიცოცხლისათვის საშიში და აკრძალულია. მონადირე-მეთევზეთა საზოგადოების ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონი თევზჭერის შესახებ ჯერ კიდევ დასახვეწია. პროცესი ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობაში იზრდება და მოსახლეობა სამოყვარულო თევზჭერისათვის აკრძალულ მეთოდებს იყენებს, რაც არცთუ იშვიათად სავალალო შედეგით სრულდება. ნუგზარ ზედგინიძე განმარტავს, რომ თევზჭერა ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ხიდებიდან განსაკუთრებით დაუშვებელია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, რამდენიმე პირთან ერთად, სამართალდამცავებმა ქალაქ ვალისა და არლის შემაერთებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ფოცხოვთან დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რომელიც, სასჯელის სახით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაზარე ჩილინგარაშვილის გარდა, აპრილის თვეში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, ყალბი დოკუმენტაციის დამზადებისა და ქრთამის აღების ბრალდებით, ჯერ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურაბ ტაბიძე, ხოლო მოგვიანებით ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული პეტროს ვართანიანი დააკავეს.

პეტროს ვართანიანს ბრალი ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და ქრთამის აღებაში ედება. ამ დროისათვის დაკავებულს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა და თბილისში გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურაბ ტაბიძე სამართალდამცავებმა 17 აპრილს, 20:30 საათზე, ქალაქ ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე, კომპანია ,,ლუკოილთან“ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ,,.ექოსთან“ სატელეფონო საუბარში სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს განყოფილების უფროსმა ლერი სარაიდაროვმა აღნიშნა, რომ რწმუნებულმა პირუტყვის შეძენისათვის 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი დოკუმენტაცია დაამზადა. ტაბიძესთან ერთად პოლიციამ საქმეში თანამონაწილე ავთანდილ აბჟანდაძეც დააკავა.

ზურაბ ტაბიძე ადიგენის მუნიციპალიტეტში გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად 2010 წლიდან მუშაობდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი მას პატიოსან პიროვნებად ასახელებს და აცხადებს, რომ დაკისრებულ საქმეს კარგად ასრულებდა. სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ მან მომხდარის შესახებ პოლიციისგან წერილობით შეიტყო და სხვა არაფერი იცის.

ზურაბ ტაბიძეს ბრალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამმართველო იძიებს.
XS
SM
MD
LG