Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა


გულამ მუტაბა ფატანგი
გულამ მუტაბა ფატანგი
ავღანეთის 250 კაციანმა პარლამენტმა ორშაბათს, ხმათა უმრავლესობით, თანამდებობიდან გადააყენა შინაგან საქმეთა მინისტრი გულამ მუტაბა ფატანგი. ავღანელი კანონმდებლების ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება და კორუფციის ზრდა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს კედლებში. თუმცა კანონმდებელთა თხოვნის დაკმაყოფილებას არ ჩქარობს პრეზიდენტი კარზაი, რომელიც ყოველთვის ახერხებდა შეენარჩუნებინა პოსტებზე მინისტრთა კაბინეტის ის წევრები, რომელთა გადაყენებასაც პარლამენტი ითხოვდა.

ავღანელ კანონმდებლებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი ორი პრეტენზია აქვთ - ესაა ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობა უსაფრთხოების მხრივ და მზარდი კორუფციის დონე თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს კედლებში. ამასთან, მინისტრი გულამ მუტაბა ფატანგი ცუდად გამოვიდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საპარლამენტო მოსმენებზე. ყოველივე ეს კი ორშაბათს დასრულდა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობისათვის კენჭისყრით, რომლის შედეგებიც პარლამენტის სპიკერმა აბდულ რაუფ იბრაჰიმიმ გააცნო კანონმდებლებს:

„იმის გამო, რომ 136-მა პარლამენტარმა ხმა წინააღმდეგ მისცა, გულამ მუტაბა ფატანგი გადაყენებულია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. თხოვნით მივმართავ ავღანეთის პრეზიდენტს, წარმოადგინოს მინისტრის ახალი კანდიდატურა, რომელსაც პარლამენტი კენჭის უყრის“.

უსაფრთხოების მდგომარეობა საყოველთაოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უარესდება და მოსალოდნელია, რომ შემდგომში კიდევ უფრო დამძიმდეს. მაგალითისათვის, ქაბულიდან ღანზის პროვინციისაკენ და ყანდაარიდან ჰერათისაკენ მიმავალ ყველა მთავარ მაგისტრალზე უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა...
ნავაბ მანგალი
ჰამიდ კარზაიმ ამ თხოვნის პასუხად მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტის დადგენილება ავღანეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. ამასთან, ავღანეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ფატანგს, დარჩეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე და განაგრძოს მოვალეობის შესრულება. ცხადია, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენება სერიოზული გამოწვევაა კარზაისათვის, რომლის ადმინისტრაციაც მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და იმავე წელს ქვეყნის ტერიტორიიდან ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციური ძალების გასვლის წინ ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს.

თუმცა პარლამენტარები სწორედ იმას ჩივიან, რომ გულამ მუტაბა ფატანგის მინისტრობის დროს გაუარესდა უსაფრთხოება მთელ ავღანეთში. მინისტრის კრიტიკოსია პარლამენტარი ნავაბ მანგალიც, რომელმაც განაცხადა:

„უსაფრთხოების მდგომარეობა საყოველთაოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უარესდება და მოსალოდნელია, რომ შემდგომში კიდევ უფრო დამძიმდეს. მაგალითისათვის, ქაბულიდან ღანზის პროვინციისაკენ და ყანდაარიდან ჰერათისაკენ მიმავალ ყველა მთავარ მაგისტრალზე უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა. ამ გზებზე სატვირთო კოლონებს უკვე, უბრალოდ, ძარცვავენ და წვავენ“.

გულამ მუტაბა ფატანგს, წარსულში პროფესიონალ პოლიციის ოფიცერს, კარგად იცნობენ კარზაის დასავლელი მხარდამჭერები. ფატანგი უარყოფს კორუფციაში ბრალდებებს და, თავის მხრივ, იმ პარლამენტართა უკეთურობაზე ლაპარაკობს, რომლებიც სხვადასხვა უკანონო მოთხოვნებს აყენებდნენ, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებას ითხოვდნენ.

„რამდენიმე ჩემი მოადგილეც კი იყო მათ რიცხვში, ვინც ფულს არიგებდა ავღანელ კანონმდებლებში და ჩემ საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებდნენ: „შინაგან საქმეთა მინისტრს, ბოლოს და ბოლოს, უნდა წაუყენოთ ბრალდება და გვსურს, გადააყენოთ იგი თანამდებობიდანო“, - ამბობდნენ. მაგრამ საქმეები ამ გზით ვერ წავა. ყველა ჩვენგანმა იცის, მინისტრებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი მხოლოდ კენჭს უყრის“.

ამას გარდა, გულამ მუტაბა ფატანგმა პარლამენტში თავადვე დახატა საკმაოდ მძიმე სურათი ქვეყანაში შექმნილი უსაფრთხოების მხრივ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ, გაზაფხულიდან მოყოლებული, დაახლოებით 2748 პოლიციის ოფიცერი, ანუ უსაფრთხოების ძალების 2 პროცენტი, ემსხვერპლა თალიბის მებრძოლთა თავდასხმებს. თუმცა მინისტრის ოფისმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ მინისტრი მათ რიცხვში დაჭრილებსაც გულისხმობდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG