Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ჰელმანდის პროვინციაში მყოფმა ქართულმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს გადაჯგუფება და უფრო უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ჯარისკაცების ნათესავებისათვის, რომლებსაც მაის-ივნისის თვეში თალიბი მებრძოლების მიერ განხორციელებული სისხლიანი თავდასხმების შემდეგ მოსვენება დაკარგეს.

უსაფრთხო ადგილის პოტენციური საფრთხე

ავღანეთში დისლოცირებული ქართული შენაერთები უფრო უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ - ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანიას თქმით, ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართული კონტინგენტი სრულიად ახალ რეჟიმზეა და პრაქტიკულად შესრულებულია უსაფრთხოების სამუშაოები, რომლებიც ავღანეთში მისი ვიზიტისას დაიგეგმა ქართული ქვედანაყოფების მეთაურებსა და ნატოს ძალების სარდლობასთან ერთად. თავდაცვის მინისტრის ცნობით, დაიხურა ორი მცირე ბაზა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთები გადავიდნენ უფრო უსაფრთხო ადგილას. თუმცა უსაფრთხო ადგილიც კი შესაძლოა საფრთხის შემცველად იქცეს, თუკი მიუთითებენ ადგილმდებარეობას. სწორედ ამის გამო საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს.

„ძირითადი ნაწილი - ჩვენი ორი გაძლიერებული ბატალიონი - იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო-ქვეითებთან ერთად. ნომერს და კონკრეტულად ადგილსამყოფელს არ დავაზუსტებ გარკვეული მოსაზრებების გამო. იმყოფებიან ჰელმანდის პროვინციაში, კოალიციური ძალების რიგებში მყოფი ამერიკის საზღვაო-ქვეითებთან ერთად. მათ აქვთ განსაზღვრული პასუხისმგებლობის სექტორები, სადაც გადის ლოგისტიკური უზრუნველყოფის რაიონების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო ინტერვიუში ავღანეთში მყოფმა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ.

გენერალი ამჟამადაც ავღანეთში იმყოფება, სადაც, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, უშუალოდ ესწრებოდა ორი მცირე ბაზის დახურვას და საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთების უფრო „უსაფრთხო ადგილზე“ გადასვლას.

"ჩვენი აქ ყოფნის მთავარი მიზეზია შევამოწმოთ ჩვენი დანაყოფების მზადყოფნა როტაციისათვის. ასევე, გავეცანით საფორტიფიკაციო და საინჟინრო გაძლიერებით სამუშაოებს, რომელიც განხორციელდა ყველასთვის ცნობილი ინციდენტის შემდეგ. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის საფრთხისაგან აღნიშნული ბაზები თითქმის 100%-ით არის დაცული. თუმცა ბაზების დამატებითი უსაფრთხოების გასაძლიერებლად კვლავ გრძელდება სამუშაოები",- აცხადებს ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

თალიბანის გათვლა - შიში და უიმედობა

სამხედრო ხელმძღვანელობის ასეთი დამაიმედებელი განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილია იმ ასობით ქართველი ჯარისკაცის ნათესავებისათვის, რომლებიც გულისფანცქალით ისმენენ კოალიციურ ჯარებსა თუ მათ ავღანელ კოლეგებზე ექსტრემისტების მიერ მოწყობილი თავდასხმების შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას. კოალიციური და ავღანური ძალების ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წარმატებების მიუხედავად, უსაფრთხოების სრული გარანტია ავღანეთის არც ერთ პროვინციაში არ არსებობს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ ბოლო წელს, როდესაც ავღანეთიდან კოალიციური საბრძოლო დანაყოფების გასვლა დაიწყება, თალიბანმა ვითარების „სათავისოდ შემობრუნება“ სცადოს.

„მოწინააღმდეგე ყოველთვის ცდილობს, რომ ეს გადაჯგუფება, ეს უკან დახევა, ეს გასვლა დაუკავშიროს თავის მოქმედებებს და თავის წარმატებებს მიაბას, რადგან ეს მას შემდგომში დაეხმარება პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებაში. ამდენად, ეს სცენარი მოსალოდნელი უნდა იყოს და, შესაბამისად, უნდა მივიღოთ ჩვენ ყველა ზომა, რომ ეს გასვლა მოხდეს ორგანიზებულად, გეგმაზომიერად და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით. და რაც ყველაზე მნივშენლოვანია, ჩვენ ეს ამოცანა უნდა დავასრულოთ წარმატებით“, - აცხადებს გენერალი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე.

თალიბების ტაქტიკა კი ჯერჯერობით უცვლელია. გვარიანად შევიწროებული ექსტრემისტები ტერორისტული თავდასხმებით ცდილობენ მოსახლეობაში შიშისა და უიმედობის დათესვას. იერიშების ინტენსიურობა, როგორც მოელოდნენ, არ შემცირებულა ყველა მუსლიმისათვის წმინდა რამადანის დღესასწაულის დღეებშიც კი. გასულ კვირაში ხუთი ადამიანი - მათ შორის, ორი პოლიციელი - დაიღუპა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში აფეთქებების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, სამი სამოქალაქო პირი ავტომანქანით აფეთქდა გზის პირას ჩადებულ ბომბზე. როცა მათ დასახმარებლად პოლიციელები მივიდნენ, მეორე ბომბიც აფეთქდა და ორი პოლიციელი მოკლა. დაიჭრა მათი ერთი კოლეგა. წელს რამადანის დროს თავდასხმის ეს პირველი შემთხვევაა ავღანეთში. თალიბანს ნათქვამი აქვს, რომ რამადანის დროსაც გააგრძელებს ავღანელ და უცხოელ ჯარისკაცებზე თავდასხმას.
XS
SM
MD
LG