Accessibility links

logo-print

ავღანელმა სამხედროებმა ორი მოკავშირე მოკლეს


ბრიტანელი კარისკაცები ქაბულში

ბრიტანელი კარისკაცები ქაბულში

ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი სარდლობის ინფორმაციით, ავღანელი ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა კაცმა ორი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა. თავდასხმა სამხრეთ ავღანეთში მდებარე ნატოს სამხედრო ბაზაზე მოხდა. ამ დანაკარგის ჩათვლით, 404-მდე გაიზარდა ავღანეთში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების რაოდენობა.

ავღანეთის არმიის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირმა ორი ბრიტანელი ჯარისკაცი ჰელმანდის პროვინციის ლაშქარ გაჰში მდებარე სამხედრო ბაზაზე მოკლა. თავდასხმის გამოწვევის დეტალები უცნობია. ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯასტინ ბროკჰოფმა განაცხადა, რომ ინციდენტი ორშაბათს მოხდა:

„პირმა, რომელიც ავღანეთის ნაციონალური არმიის ფორმაში იყო გამოწყობილი, დღეს იარაღი მიმართა სამხრეთ ავღანეთში მყოფი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ჯარების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ და მოკლა ორი ჯარისკაცი. პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, კოალიციის ჯარებმა საპასუხო ცეცხლით გაანადგურეს, ხოლო მომხდარ ინციდენტს ავღანეთისა და ISAF-ის ჯგუფი იძიებს.“

თუმცა თავიდან ისე გამოჩნდა, რომ ეს არის ბოლო ინციდენტი იმ სერიიდან, რაც „მოკავშირის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის“ სახელითაა ცნობილი. ასეთი იერიშები, რომელსაც ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები უცხოელი კოლეგებისა და ინსტრუქტორების წინააღმდეგ ახორციელებენ, ერთ-ერთ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თებერვლის თვეში ყურანის შემთხვევითი დაწვისა და ერთი კვირის წინ ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 17 ავღანელი სამოქალაქო პირის დახოცვის შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა.

გასულ კვირაში, სენატის თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-სა და ნატოს ჯარების სარდალმა ავღანეთში, გენერალმა ჯონ ალენმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ავღანეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო ძალების 13 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2007 წლიდან მოყოლებული, ავღანელმა სამხედროებმა ნატოელ კოლეგებზე 45 იერიში განახორციელეს.

ყანდაარში წინა კვირას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ამერიკელმა სერჟანტმა რობერტ ბეილსმა 17 ავღანელი სოფლის მცხოვრები დახოცა, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მოუწოდა ნატოს, გაიყვანოს სამხედრო დანაყოფები სოფლებიდან და ისინი მხოლოდ ძირითად ქალაქებში განალაგოს. თალიბანმა კი შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა და პირობა დადო, რომ სასტიკად იძიებს შურს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის გამო.

ორშაბათს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გამართულ კონფერენციაზე ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ავღანეთის პრობლემების წყაროდ აშშ-ის პოლიტიკა დაასახელა. 2001 წელს აშშ ავღანეთში შეიჭრა ტერორიზიმის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით და ახლა იმავე წინაპირობას მთელი რეგიონის წინააღმდეგ იყენებსო, - აღნიშნა აჰმადინეჟადმა. ირანის პრეზიდენტის ამ რემარკის შემდეგ აშშ-ის დელეგაციამ კონფერენცია დატოვა.
XS
SM
MD
LG