Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ათასი ბავშვი – საშუალო განათლების გარეშე


ახალი პროგრამის წარდგენა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
ახალი პროგრამის წარდგენა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
საშუალო განათლების პროგრამის მიღმა დარჩენილ სოციალურად დაუცველ ე.წ. ქუჩის ბავშვებს და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს განათლების მიღების „მეორე“ შესაძლებლობა მიეცემათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს პროგრამას, რომლის მიზანიცაა საშუალო განათლების მიღმა მყოფი ბავშვების სასწავლო პროგრამებში ჩართვა. აქამდე მსგავსი ტიპის ბავშვების განათლებაზე მხოლოდ სამოქალაქო სექტორი ზრუნავდა. რას გეგმავს განათლების სამინისტრო?

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ სოციალური ჯგუფების შესწავლას იწყებს, რომლებიც საშუალო განათლების პროგრამის მიღმა არიან დარჩენილნი. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზენტაციაზე პროგრამისა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის საქართველოში“ განაცხადა, აქამდე ამ სფეროში მხოლოდ სამოქალაქო სექტორი იყო აქტიური, ახლა პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო სისტემურად ერევა და ეს იქნება უნიკალური პროექტი საქართველოში იმ ბავშვებისთვის, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებს საშუალო განათლებას:
გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„ახლა ბევრად უფრო ფუნდამენტურად, ბევრად უფრო სისტემურად იწყება ეს პროექტი და ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი საგანმანათლებლო პროცესის გარეშე მყოფი ბავშვების დახმარებისა ძალიან მალე დაიწყება და ექნება უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგები ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის“.

ამ დროისთვის არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ბავშვია დარჩენილი საშუალო განათლების მიღმა, ამბობს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ზარდალიშვილი, თუმცა ცნობილია ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ იღებენ განათლებას. ახლა განათლების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთობლივად იწყებს მოდელზე მუშაობას. პირველ რიგში, ჩატარდება რაოდენობრივი კვლევა, იმისათვის რომ დადგინდეს რამდენი ბავშვია ისეთი, ვისაც არ აქვს განათლების მიღების შესაძლებლობა. ლევან ზარდალიშვილის სიტყვებით, ასეთები შეიძლება იყვნენ ბავშვები, რომლებიც სოციალური მიზეზების გამო ვერ სწავლობენ, ან ისეთები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო მშობლებმა პირველი ან მეორე კლასიდან გაიყვანეს სკოლიდან; ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ქუჩაში, ან ისეთები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს, ან, უბრალოდ, ისეთები, რომლებიც გარკვეულ ასაკში დაოჯახდნენ:

„გათხოვდება გოგონა 14 წლის ასაკში და ის გამოჰყავთ სკოლიდან და აღარ ასწავლიან, ანუ იქნებიან უფროსკლასელებიც. ფაქტობრივად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მოიცავს მთელ სპექტრს ასაკისა - 6-დან 18 წლამდე“.
ეს მონაცემები ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებითი სკოლის ასაკის დაახლოებით 20 ათასი ბავშვი დაწყებით სკოლაში არ დადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ან გვიან ჩაირიცხნენ სკოლებში, ან საერთოდ არ ჩარიცხულან, ან გამოვიდნენ დაწყებითი სკოლიდან...
მაია ყუფარაძე

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ეს ბავშვები ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში გააგრძელებენ სწავლას, თუ მათთვის სპეციალური სკოლები გაიხსნება. როგორც ლევან ზარდალიშვილი ამბობს, კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, თუ სად ექნებათ ამ ბავშვებს სწავლის გაგრძელების საშუალება. თუმცა ის, რაც ცნობილია, პედაგოგები სპეციალურად ამგვარ ბავშვებთან მუშაობისთვის გადამზადდებიან და სწავლა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი იქნება.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე ამბობს, საქართველომ ხელი მოაწერა ბავშვთა უფლებების კონვენციას და ის ამ კონვენციის მონაწილე ქვეყანა გახდა. შესაბამისად, აიღო ვალდებულება ბავშვთა უფლებების რეალიზაციის განხორციელების თვალსაზრისით. მაია ყუფარაძის სიტყვებით, გაეროს მეცნიერების განვითარებისა და კულტურის ორგანიზაციის ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საშუალო სკოლებში ჩარიცხვის მაჩვენებელი, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, 94-დან 100 პროცენტამდე მერყეობდა:

„თუმცა ჩარიცხვის წმინდა მაჩვენებელი დაწყებით სკოლებში 93 პროცენტს შეადგენს. ეს გახლავთ მონაცემები რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგად დადებული, რომელიც 2010 წელს ჩატარდა. ეს მონაცემები ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებითი სკოლის ასაკის დაახლოებით 20 ათასი ბავშვი დაწყებით სკოლაში არ დადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ან გვიან ჩაირიცხნენ სკოლებში, ან საერთოდ არ ჩარიცხულან, ან გამოვიდნენ დაწყებითი სკოლიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს რეალურად არის ის სფერო, რომელიც მოიცავს განათლების სფეროს და განათლების მუშაკთა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას სოციალური დაცვის აგენტებთან“.
ჩვენ გვქონდა ურთიერთობა სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და მათი საშუალებით პედაგოგების მომზადება ხდებოდა და ისინი გარკვეულ ცოდნას იღებდნენ, თუ როგორ უნდა ემუშავათ ასეთ ბავშვებთან და, ვფიქრობ, რომ გარკვეულ წარმატებასაც ვაღწევდით...
ნანა იაშვილი

რადგან, როგორც მაია ყუფარაძე ამბობს, სწორედ სოციალურ აგენტებს აქვთ ინფორმაცია იმ ბავშვებზე, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი, ან დროის გარკვეულ პერიოდში იყვნენ ან ისევ არიან ძალადობის მსხვერპლნი და აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები. მაია ყუფარაძის აზრით, განათლების სამინისტრომ პროგრამის განხორციელებისას თავიდანვე უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო სექტორის 10-წლიანი გამოცდილება, - მათ შორის, წარმატებულიც და წარუმატებელიც,- რათა იგივე შეცდომები არ განმეორდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ პრეზიდენტი ნანა იაშვილი ამბობს, რომ მათ ე.წ. ქუჩის ბავშვებთან მუშაობის თითქმის 20-წლიანი გამოცდილება აქვთ. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, შენიშნავს, რომ ხსენებული ბავშვების უდიდესი უმრავლესობა გონებრივად ჩამორჩენილია, არ გააჩნიათ სოციალური უნარ-ჩვევები და, შესაბამისად, მათი ჩართვა საგანმანათლებლო პროგრამებში ძალიან რთულია, მით უფრო, რომ ამას ხშირად მათი მშობლებიც ეწინააღმდეგებიან. ნანა იაშვილი, თავისი ორგანიზაციის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ასეთი ბავშვები აუცილებლად ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში უნდა ინტეგრირდნენ და მათთვის შეიქმნას სპეციალური პროგრამები, რაც დღემდე არ არსებობს:

„ჩვენ გვქონდა ურთიერთობა სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და მათი საშუალებით პედაგოგების მომზადება ხდებოდა და ისინი გარკვეულ ცოდნას იღებდნენ, თუ როგორ უნდა ემუშავათ ასეთ ბავშვებთან და, ვფიქრობ, რომ გარკვეულ წარმატებასაც ვაღწევდით. ჩვენ გვყავდნენ ბავშვები, რომლებიც ამთავრებდნენ სკოლას და რამდენიმე შემთხვევა გქონდა, რომ უმაღლესი სასწავლებელიც კი დაამთავრეს. ეს ამ ბავშვებთან მომუშავე ადამიანების დამსახურება იყო“.

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემას ცალკე თავი ეთმობა სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში. სახალხო დამცველი მიესალმება ხელისუფლების მცდელობას უზრუნველყოს ამ ბავშვების განათლებისა და ღირსეული ცხოვრების პირობები, თუმცა აღნიშნავს, რომ შესაბამის უწყებებს უფრო კოორდინირებული და ორგანიზებული მოქმედება მართებთ, რათა, წინა წლების მსგავსად, "წყალში არ ჩაიყაროს" საერთაშორისო დონორებისა და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევა, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საჭიროებების მოსაგვარებლად იყო მიმართული.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG