Accessibility links

logo-print

"Summer Job" პროგრამა მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებისთვის


ახალციხის უნივერსიტეტი

ახალციხის უნივერსიტეტი

სტუდენტური სამუშაო პროგრამა „სამერ ჯობი“ დასრულდა. ოფიციალური მონაცემებით, პროექტის ფარგლებში ოცდაოთხი ათასამდე სტუდენტი დასაქმდა და თითოეული მათგანის ხელფასი 500 ლარს შეადგენს.

ახალგაზრდები შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობიდან ერთ სასურველ ვაკანსიას ირჩევდნენ. დასაქმებული სტუდენტები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ: სანაპირო ზოლის გამწვანება-დასუფთავება, ბიბლიოთეკების დალაგება, გამცილებელი საქართველოს რკინიგზაზე, თანაშემწეები სამედიცინო დაწესებულებებში, მუზეუმებში და სხვ. ახალციხის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთი ჭანკოტაძე ამბობს, რომ აღებულ თანხას სწავლის გადასახადში გამოიყენებს.

პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და გამოცდილების მიღებას იმ სფეროში, რომელშიც მათ მომავალში დასაქმება სურთ. დასაქმების მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტი აღმოჩნდა. სტუდენტთა არცთუ მცირე ნაწილმა ონლაინრეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხა.

მესხურ ორგანიზაციებში ძირითადად ახალციხისა და თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები იყვნენ წარმოდგენილი. „სამერ ჯობის“ კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში თორნიკე ხმალაძე განმარტავს, რომ პროგრამა აპოლიტიკურია და იგი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება.

თუ რამდენი სტუდენტი დასაქმდა სამცხე-ჯავახეთში, რეგისტრატორებს ამის დაკონკრეტება უჭირთ. ახალგაზრდების ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელი რეგიონში მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრიც იყო. თეატრის იურისტი მერი გოგოლაური აღნიშნავს, რომ სტუდენტთა ხარისხიანი მუშაობისა და კარგი ყოფაქცევისთვის მათ ახალგაზრდებს სამადლობელი ბარათები გადასცეს.
ამგვარი პროგრამა წარმატებით ხორციელდება დასავლეთის წამყვან ქვეყნებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში სულ 17 სახელმწიფო და 106 კერძო კომპანია მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG