Accessibility links

logo-print

რა გარანტიები მიიღო ირაკლი ალასანიამ ამერიკაში


ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, პენტაგონში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვის სფეროს პირველი პირები. ჩაკ ჰეიგელთან 21 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ალასანიამ ხაზი გაუსვა გარანტიებს, რომ საქართველო კვლავაც დარჩება დიალოგის თემად რუსეთსა და ამერიკას შორის. რა ეტაპზეა ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რა მიზნებს ემსახურება ამერიკელი კოლეგის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიწვევა და რა კავშირი აქვს ირაკლი ალასანიას ოფიციალურ ვიზიტს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან?

შეხვედრები: ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელთან, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში, საზღვაო ქვეითთა კორპუსსა თუ თავდაცვის დაზვერვის სააგენტოში - საკმაოდ დატვირთულია შეერთებულ შტატებში ირაკლი ალასანიას ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტის განრიგი, რომლის უმთავრეს მოვლენადაც, ცხადია, მიიჩნევა შეხვედრა მის უშუალო მასპინძელთან, ამერიკელ კოლეგასთან - ჩაკ ჰეიგელთან. ირაკლი ალასანიამ მიღებულ გარანტიებზე სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა:

”მივიღე ყველანაირი გარანტია იმის, რომ საქართველოს საკითხი, საქართველოს დეოკუპაციის საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-ამერიკის დიალოგის ნაწილი, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ შეეგუება იმას, რომ მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან".

თავდაცვის მდივანმა ჰეიგელმა საგანგებოდ აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებში და მადლობა გადაუხადა მინისტრ ალასანიას იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს...
თუკი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს ”შექმნას ადეკვატური თავდაცვის შესაძლებლობები”, რაც უპასუხებს არსებულ საფრთხეებს ჩვენს რეგიონში; ხოლო ”თავდაცვის მდივანმა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული პროგრესი ხელს შეუწყობს ამ პროცესს”.

ამ აქცენტების შემცველი ინფორმაცია, ირაკლი ალასანიასა და ჩაკ ჰეიგელის შეხვედრის შემდეგ, პენტაგონის ოფიციალურ ვებსაიტზეც გამოქვეყნდა

„თავდაცვის მდივანმა ჰეიგელმა საგანგებოდ აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებში და მადლობა გადაუხადა მინისტრ ალასანიას იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს“, - ნათქვამია ამ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ „თავდაცვის მდივანმა ჰეიგელმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა გაზარდოს სამოქალაქო ზედამხედველობა შეიარაღებულ ძალებზე, რადგან ეს წარმოადგენს დემოკრატიული პროგრესის მტკიცე მაგალითს, თავდაცვის რეფორმის ჭრილში”. ამავე განცხადების თანახმად,
„ორი ლიდერი შეთანხმდა განაგრძონ აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოება თავდაცვის სფეროში“.

განცხადებებში არ კონკრეტდება, იგულისხმება თუ არა თანამშრომლობის განმტკიცება-გაღრმავების ჭრილში საქართველოსთვის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით აუცილებელი შეიარაღების მოწოდება, რაც წლების განმავლობაში საკამათო თემადაც კი ჩამოყალიბდა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როგორც „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ასეთ თემებზე კონკრეტული ლაპრაკიც რომ ყოფილიყო ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებათა პირველ პირებს შორის, ეს მაინც არ გახმაურდებოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატობას და ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას სხვა გეგმები აქვს... რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მისი პირადი მხარდაჭერაც არის - ხაზგასმა იმისა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ირაკლი ალასანიას, როგორც პოლიტიკოსს...
დავით სიხარულიძე ჰეიგელისა და ალასანიას შეხვედრას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და არანაირ ეჭვებს არ უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს მცირედით უსწრებს წინ:

”ოქტომბერში შეიცვალა ხელისუფლება; ახალი მთავრობაა, კვლავაც დღის წესრიგშია თემები, რომლებიც თავდაცვის სფეროში წარმოადგენდა ჩვენი თანამშრომლობის ნაწილს; ასევე მიმდინარეობს ჩვენი შესაძლებლობების განვითარების პროცესი, სადაც აშშ-ის დახმარება, პარტნიორობა და მხარდაჭერა უზარმაზარ როლს თამაშობს. მე ვფიქრობ, რომ სწორი და დროული და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია”.

დავით სიხარულიძისგან განსხვავებით, ჰეიგელისა და ალასანიას შეხვედრას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსი მკვლევარი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე. ის თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა ირაკლი ალასანიას საგანგებო მხარდაჭერა გამოუცხადა:

”ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატობას და ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას სხვა გეგმები აქვს... რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მისი პირადი მხარდაჭერაც არის - ხაზგასმა იმისა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ირაკლი ალასანიას, როგორც პოლიტიკოსს. ვფიქრობ, ეს ამერიკის მხრიდან საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯი იყო პროდასავლური კურსის განმტკიცებაში”.

თუმცა ირაკლი ალასანიას მიმართ გამოხატული სიმპათიის გარდა, ნოდარ ხარშილაძისთვის ცხადია ისიც, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ამოცანებიც დგას. ანალიტიკოსი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ ეს ამოცანები შეერთებული შტატებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში.
XS
SM
MD
LG