Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეგენდარული ასტრონავტი ნილ არმსტრონგი


არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ფეხი დადგა მთვარეზე. ლეგენდარული ასტრონავტი 82 წლისა გარდაიცვალა ორი დღის წინ.
არმსტრონგს გულის შუნტირება გაუკეთეს კორონარული არტერიების გაუვალობის გამო აგვისტოს დასაწყისში. ამ ოპერაციის გართულებამ გამოიწვია მისი გარდაცვალება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ნილ არმსტრონგს ამერიკელი ერის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გმირი უწოდა.

არმსტრონგი მეთაური იყო მთვარეზე ექსპედიციისა, კოსმოსური ხომალდის - „აპოლონ 11-ის“. საყოველთაოდაა ცნობილი მისი პირველი სიტყვები, როცა მთვარის ზედაპირზე დადგა ფეხი: „ადამიანისთვის ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი, კაცობრიობისთვის კი -უზარმაზარი ნახტომი“. არმსტრონგმა თავის თანამგზავრ, ამერიკელ ასტრონავტ ედვინ ბაზ ოლდრინთან ერთად მთვარეზე სამი საათი დაყო. მათ იქ ყოფნას, ტელეეკრანებზე თუ რადიოთი, 600 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ნილ არმსტრონგი თავმდაბალი ადამიანი იყო. მან აშშ-ის კოსმოსური კვლევის უწყება, „ნასა“, დატოვა და პედაგოგიურ საქმიანობას, ასევე ბიზნესს მიუძღვნა დარჩენილი ცხოვრება. „აპოლონ 11-ის“ ექსპედიცია - მთვარეზე პირველი ადამიანის გავლა - შეფასებული იყო როგორც აშშ-ის გამარჯვება საბჭოთა კავშირზე კოსმოსის ათვისების სფეროში. როცა 1957 წელს კომუნისტურმა იმპერიამ მოახერხა დედამიწის ორბიტაზე პირველი თანამგზავრის გაყვანა, რაც ტექნიკური თვალსაზრისით უდიდეს მიღწევას წარმოადგენდა, მსოფლიო შოკირებული იყო. არმსტრონგს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის კოსმოსის სფეროში შეჯიბრი მშვიდობიან პაექრობად მიაჩნდა. მისი შეფასებით, ეს იყო „დაძაბული პაექრობა, რომელმაც, მართლაც, შესაძლებლობა მისცა ორივე მხარეს, გასდგომოდნენ დიდ გზას - კვლევის, სწავლისა და აღმოჩენების გზას. საბოლოო ჯამში, მან ყოფილ მეტოქეებს შორის თანამშრომლობის დაწყების მექანიზმი მოგვცა. ამდენად, ეს, სხვათა შორის, ორივე მხარისთვის იყო წმინდა წყლის ეროვნული ინვესტიცია“.

აღსანიშნავია, რომ ნილ არმსტრონგი მთვარის ექსპედიციიდან ერთ წელიწადში, სხვებთან ერთად, საბჭოთა კავშირს სტუმრობდა. დასავლეთის სააგენტოები მაშინ იუწყებოდნენ, რომ არმსტრონგს საბჭოთა კავშირში უჩვეულოდ გულთბილად დახვდნენ. ის საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი კოსიგინმა მიიღო. ამერიკელმა სტუმარმა მასპინძელს მთვარის გრუნტის მცირე ნიმუში აჩუქა საბჭოთა კავშირის იმ დროშასთან ერთად, რომელიც მთვარეზე იყო, სხვა 130 ქვეყნის ალამთან ერთად. ნილ არმსტრონგის ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ განცხადებაში ყველას, ვისაც სურს პატივი მიაგოს ადამიანს, რომელმაც პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე, რჩევა მისცა: როცა სეირნობისას მთვარეს დაინახავთ, რომელიც გიღიმით, იფიქრეთ ნილ არმსტრონგზე და თვალი ჩაუკარით მასო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG