Accessibility links

ანგარიშის ჩაბარების კვირა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში, ქულების დათვლის ახალი სისტემა სოციალურად დაუცველი პირების გამოსავლენად, სახალხო დამცველის ანგარიშები და ირაკლი ალასანია, რომელმაც პრემიერ-მინისტრი და ბიძინა ივანიშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშაულა - ეს ამ კვირის ძირითადი თემები იყო.

31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგა ყოველწლიური მოხსენებით, რომელშიც მიღწევები და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები ჩამოთვალა. მან სამჯერ ახსენა სახელმწიფო სტრუქტურების დუბლირების პრობლემა როგორც ეკონომიკის, ასევე საგარეო პოლიტიკის სფეროში. ილაპარაკა იმ საფრთხეებზე, რომელთაც მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა უქმნის საქართველოს. გიორგი მარგველაშვილმა დიდი დრო დაუთმო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბარს. შარშანდლის მსგავსად, პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა არც წელს დასწრებია.

„დღეს სახეზე გვაქვს ორ ათეულამდე საბჭო და სტრუქტურა, რომლებიც კანონმდებლობით უკვე არსებული ორგანოების დუბლირებას ახდენენ და ხშირ შემთხვევაში მათ ზემდგომებად გვევლინებიან. მაგალითად, მინისტრთა კაბინეტში არსებობს შესაბამისი მიმართულების სამინისტრო, მაგრამ იქმნება პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული იმავე პროფილის საბჭო, სადაც დარგის მინისტრი რიგით წევრად გვევლინება. ეს წარმოშობს კითხვებს, თუ ვინ არის გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი. მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, ცოტა არ არის“.

მთავრობის წარმომადგენლები პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოგვიანებით გამოეხმაურნენ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

„საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე და ჩვენ ვისმენთ გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის, მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა“.

პრემიერ-მინისტრთან და არა მარტო მასთან პრეტენზიები ჰქონდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიასაც. საჰაერო თავდაცვის სისტემებზე საქართველო-საფრანგეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის შეუსრულებლობის მიზეზების შესწავლის მიზნით, ალასანია სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე შეთანხმება მოქმედმა და „დე ფაქტო“ პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, ჩაშალეს.

„ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე. სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე და, გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2008 წლის აგვისტოს ომში ნათლად დადასტურდა ეს საფრთხე, ჩვენ მოგვეცემოდა შესაძლებლობა გავმკლავებოდით ისეთ საფრთხეს, როგორიცაა საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, როგორიცაა „ისკანდერი“, ეგრეთ წოდებული, და ასევე სხვა სარაკეტო სისტემები“.

ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი

თავდაცვის სფეროს შეეხო ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიც. წერილობით გაგზავნილ შეკითხვებს ჯეიმს აპატურაი 30 მარტს ასევე წერილობით პასუხობდა. ის საქართველოს მიერ თავდაცვითი საშუალებების მოძიების შესაძლებლობაზეც აკეთებს აქცენტს:

„საქართველოში ჩვენ ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრსა და თავდაცვითი პოტენციალის განვითარების სკოლას, რა მიზნითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მივავლენთ ექსპერტებს. პარტნიორების ჩართულობით ნატოს წვრთნა საქართველოში ამ წელს ჩატარდება. არსებითად, ეს იქნება მეტი ნატო საქართველოში - როგორც ხედვის ჩამოყალიბების, ასევე კონკრეტული დახმარების კუთხით. თუკი ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტენ საქართველოს დახმარებას ორმხრივ ფორმატში, აღჭურვილობის მიწოდებისა თუ წვრთნის თვალსაზრისით, ეს მხოლოდ შეავსებს ნატოს ძალისხმევას“.

საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მორიგი შეხვედრის ფონზე კიდევ ერთხელ წამოიჭრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის კონტექსტში. განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ბრიუსელში მყოფი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი „ცალსახად და მკაფიოდ მოითხოვს“ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილებას:

პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

„ევროკავშირი ცალსახად და მკაფიოდ მოითხოვს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევიტანოთ ცვლილებები კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ... ეს არის სწორედ ევროკავშირის მოთხოვნა. ამაზე იყო საუბარი, თუ რა უშლის ხელს ამ კანონში ცვლილებების შეტანას... ჩვენი არგუმენტები და მათი არგუმენტები ემთხვევა ერთმანეთს: ადამიანს, რომელიც შეგნებულად არ არღვევს სახელმწიფო საზღვარს, ჩვენ არ უნდა ვაპატიმრებდეთ. რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეფეროთ და მადლობა არ უნდა ვუთხრათ, მაგრამ უნდა ვუთხრათ, რომ მან დაარღვია კანონი და სასჯელი უნდა მიიღოს არა სისხლის სამართლის“.

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტის ირაკლი ფორჩხიძის თქმით კი, მისთვის გაუგებარია, რა საჭიროა რუსეთისთვის ხელსაყრელ დათმობაზე წასვლა, მაშინ როცა თავად რუსეთი პრაქტიკულად არანაირ ანგარიშს არ უწევს საქართველოს და სულ უფრო მეტ აგრესიას ავლენს საქართველოს მთავრობის დათბობის პოლიტიკის საპასუხოდ:

„მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა მოხდეს ოკუპაციის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა. მგონია, რომ მისი შერბილება საქართველოსთვის მისაღები შედეგის დადგომის გარეშე არ შედის საქართველოს ინტერესებში და თქვენ გადაწყვიტეთ, ვის ინტერესებში იქნება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს იქნება რუსეთის ინტერესებში, რადგანაც რუსეთს აწყობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად ასახავს იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს 2008 წლის შემდეგ, იყოს ეროზირებული, აღარ არსებობდეს და საქართველომ შეცვალოს თავისი პოზიცია“.

ზაზა სოფრომაძე

ზაზა სოფრომაძე

1 აპრილიდან ამოქმედდა სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სისტემა. ისერთი თვის განმავლობაში ტესტურ რეჟიმში იმუშავებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის თქმით, სისტემა მაქსიმალურად შეამცირებს შეფასებისას სუბიექტურ გადაწყვეტილებებს და მასში პირველ ეტაპზე 5 ათასი ბენეფიციარი ჩაერთვება. ამასთან, ქულების მინიჭების სისტემა ორიენტირებული იქნება ბავშვზე.

როგორც ზაზა სოფრომაძე ამბობს, ძველი სისტემა სოციალურ აგენტს ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს შესაძლებლობას აძლევდა, მიუხედავად მინიჭებული სარეიტინგო ქულებისა, ერთპიროვნულად გადაეწყვიტა დაენიშნა ამა თუ იმ ოჯახისთვის დახმარება თუ არა. ახალი სისტემა ამ სუბიექტივიზმს გამორიცხავს. ამასთან, ქულების მინიჭების დროს მხედველობაში აღარ მიიღება ის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა მოხვედრაც ჩამონათვალში ქულების მინიჭებაზე გავლენას ახდენდა - მაგალითად, ტელევიზორი, გაზქურა და ა.შ.

„პირველ რიგში, ქულების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ის ქონება, რომელმაც შეიძლება ოჯახს პოტენციურად შემოსავალი მოუტანოს. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ბავშვის ელემენტი შემოდის შეფასების სისტემაში, ანუ თითოეულ ბავშვზე დამატებით ბენეფიტს მიიღებს ოჯახი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ სისტემა გახდება დიფერენცირებული“.

2 აპრილს კი მსოფლიომ აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღნიშნა. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის ქცევითი თერაპიის კურსების ჩატარება დღეს მხოლოდ თბილისში და მხოლოდ ორ ცენტრშია შესაძლებელი. ამასთან, ეს საკმაოდ ძვირიც არის. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაიწერა პროექტი, რომელიც ბავშვებისთვის ქცევითი თერაპიის დაფინანსებას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი ამირან დათეშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ამ პროგრამის დაფინანსებას მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან თბილისის მერია იკისრებს. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი პროგრამის დეტალები, კერძოდ, რამდენი ბავშვი და აბილიტაციის რამდენი საათი დაფინანსდება მერიის მიერ.

აუტიზმის ცენტრი

აუტიზმის ცენტრი

და ისევ ბავშვებზე: საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღმზრდელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის, შედარებით დაბალია ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ“. ამ და „მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის" პრეზენტაცია 3 აპრილს გაიმართა. ანგარიშის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელია სხვადასხვა სოციალური პროექტები და ირღვევა მათი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებაც. ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი მონიტორინგის შედეგების საერთო სურათს ასე ახასიათებს:

„მაღალმთიან რეგიონებში ძალიან მაღალია სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების რაოდენობა. შესაბამისად, მათი უზრუნველყოფა -თუნდაც აღმზრდელობით-საგანმანათლებლო რესურსებითა და პროგრამებით - არის ძალიან პრობლემატური. საუბარია იმაზე, რომ ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს ბავშვთა მიმართ, მსხვერპლ ბავშვებთან დაკავშირებით არანაირი ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამები არ ხორციელდება“.

ამავე კვირაში სახალხო დამცველის აპარატმა ჟურნალისტებს წარმოუდგინა კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც ამჯერად პატიმრებს შეეხება. კვლავაც პრობლემად რჩება პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ძალის გადამეტება სამართალდამცველთა მხრიდან, გახმაურებულ საქმეთა გამოძიების გაჭიანურება, ჰომოფობია და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა – ეს არის მხოლოდ ნაწილი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში გამოკვეთილი აქცენტებისა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი კი ამბობს, რომ პატიმრებს ყველაზე მეტად უსამართლობის შეგრძნება აწუხებთ:

„საპატიმროებში ჯერ კიდევ არიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში იყვნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი და ისინი ასევე აცხადებენ, რომ არიან საპატიმროში უკანონოდ გამოტანილი განაჩენების შედეგად. ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან, რომ სახელმწიფო მათ მიმართ რაღაც ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ იდგმება“.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, კვლავაც პრობლემურია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროული ჩატარება, სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და სხვა მტკიცებულებების მოპოვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG