Accessibility links

logo-print

26 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთმა ნაწილმა და ქვეითად მოსიარულეებმა გამართეს აქცია, სახელწოდებით „ტროტუარი ჩვენია“, რომლის მთავარი მიზანიც მძღოლებისათვის იმის შეხსენება იყო, რომ არ დაიკავონ ისედაც გადატვირთულ თბილისის ქუჩებში ქვეითებისთვის განკუთვნილი ტერიტორია. აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ ასევე საპატრულო პოლიციას დროული რეაგირებისაკენ, კონკრეტულად კი, ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისგან ქვეითების სივრცის გათავისუფლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დაჯარიმებისკენ.

„ტროტუარი ჩვენია“, „გადადი ზებრაზე“, „მძღოლო, გზა დაუთმე ქვეითს“, „ყოველ 6 წამში ერთხელ ავტოავარიაში 1 ადამიანი იღუპება“, „აქ არ დააყენო“, - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ აქციის მონაწილეებს 26 მარტს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამართულ აქციაზე. ისინი არა მხოლოდ ტროტუარზე ავტომობილების გაჩერებას აპროტესტებდნენ, არამედ, ზოგადად, მოუწესრიგებელ საგზაო მოძრაობას. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი,ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ამ აქციით მათ სურთ მძღოლებს შეახსენონ, რომ ტროტუარი ქვეითად მოსიარულეებს ეკუთვნით, ხოლო მათ კითხვაზე, სად დააყენონ ავტომობილები, შემხვედრი კითხვა ასე ჟღერს: ჩვენ სად გავიაროთ?

„სად გავიაროთ? სად გაიარონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა? სად გაიარონ მშობლებმა, რომლებსაც ეტლით მოჰყავთ თავიანთი შვილები? ამიტომ გვინდა, რომ ეს აქცია არ იყოს ერთჯერადი და ჰქონდეს მუდმივი ხასიათი. ჩვენ ისედაც სულ გვაქვს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და ხშირად ვახსენებთ მათ დაიწყონ კანონმდებლობის აღსრულება - ჩვენ ვფიქრობთ, რომ საცობის შექმნის გამო მხოლოდ 200-ლარიანი ჯარიმა არ არის საკმარისი, გვინდა ქვეითების გზასაც მიაქციონ ქურადღება და ტროტუარზე პარკირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ათლარიანი ჯარიმაც გამოწერონ“.

ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ თბილისში დღეს უკვე იმდენი ავტომობილია, რომ ვერანაირი ავტოსადგომი მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს:

„თბილისში, დაახლოებით, 40 000-მდე ავტოსადგომია და 400 000 ავტომობილი. როგორ წარმოგიდგენიათ ამდენი ავტომობილის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს? გამორიცხულია. ვერც ამდენი ავტოსადგომი აშენდება. ჩვენი სტრატეგია ის არის, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ვიაროთ ფეხით. გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და, რაც მთავარია, მოვთხოვოთ ხელისუფლებას ამ ტრანსპორტის გაუმჯობესება. სხვანაირად ეს პრობლემა ვერ გადაწყდება“.

აქციას შეუერთდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაც, რომელიც საგზაო უსაფრთხოების პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს. წითელი ჯვრის კომუნიკაციის მენეჯერი თეონა ნავდარაშვილიც აქციაზე იმ მიზნით მოვიდა, რომ მოუწოდოს მძღოლებს არ დააყენონ ავტომობილი ტროტუარზე:

„აი, მე აღმაშენებლის გამზირზე ვცხოვრობ და ადგილი არ არის, სადაც ეს პრობლემა არ იყოს. ყველგან მანქანებია, ყველგან. ვერ გაივლი. ვერ გადაადგილდები. თუმცა მძღოლების თვალით რომ შეხედო ამ პრობლემას, ეგეც გასაგებია - ქალაქში არ არის ადგილი, სადაც ავტომობილს დააყენებდნენ. ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად“.

„საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ოგბაიძის აზრით, არავითარი გამართლება არა აქვს იმას, რომ რაკი დედაქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობაა, ავტომობილებმა ტროტუარზე იარონ. ეს მიდგომა პრობლემას ვერ გადაჭრის, აცხადებს ოგბაიძე:

„მხოლოდ განათლება თუ გადაწყვეტს ამ პრობლემას, ოღონდ ეს განათლება სკოლამდელ ასაკში უნდა დაიწყოს, ბაღიდან. მერე გაგრძელდეს სკოლასა და უნივერსიტეტში, რაც ასე, ეტაპობრივად, განაპირობებს მაღალი კულტურის მქონე მძღოლის და საგზაო მოძრაობის მონაწილის აღზრდას. დიახ, ამას სწავლა სჭირდება. და რაც შეეხება პარკირებას ტროტუარზე, ერთი მარტივი პასუხი მაქვს: ტროტუარი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს ადგილს ნაბიჯებით, ფეხით სიარულისათვის. შესაბამისად, ტროტუარი დავუთმოთ ქვეითებს“.

აქციის მონაწილე გიორგი სხირტლაძე კი ამბობს, რომ, გადატვირთული ტროტუარების გარდა, არანაკლები პრობლემაა ზებრაზე ქვეითებისთვის გზის დათმობაც.

„ასეთ ადგილებშიც კი, სადაც გზა დახაზულია, სადაც ყველა ხედავს, რომ ზებრაა და ფეხით მოსიარულეების გზაა, გზის გადაკვეთა რთულია. არც შუქნიშანს აქცევენ ყურადღებას. რამდენჯერ მინახავს, რომ პატრულის მანქანას თავად გაუვლია წითელ შუქზე“.

აქციის მონაწილეებმა, პლაკატებით ხელში, ჯერ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტროტუარი დაიკავეს, შემდეგ კი, წესების დაცვით, მიწისქვეშა გვირაბით მეორე მხარეს გადავიდნენ და სვლა განაგრძეს ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითებისთვის განკუთვნილი გზით - ტროტუარზე.

26 მარტს გამართულ აქციას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თბილისში პარკირება1500-მდე ადგილზე გაუქმდება, თუმცა, პარალელურად, დაგეგმილია მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობა. საჭირო დოკუმენტაცია, როგორც მერმა განაცხადა, სამ კვირაში იქნება მზად, რის შემდეგაც მომზადდება საინვესტიციო პროექტები ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დასაწყებად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG