Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი ყურადღების ცენტრში მოექცა ევროპული თამაშების გახსნის ფონზე


აზერბაიჯანი მასპინძლობს პირველ ევროპულ თამაშებს, რომელიც მიმდინარე კვირაში იწყება ბაქოში. ღონისძიების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს თამაშები წარმოაჩენს ამ ნავთობით მდიდარი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ თამაშები სხვა არაფერია თუ არა პიარისთვის გატარებული ზომა, რომელმაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული სავალალო მდგომარეობა უნდა გადაფაროს.

ბაქოში 12 ივნისს იხსნება პირველი ევროპული თამაშები, რომელშიც 6000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ასეთ ფონზე, აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკოსები ცდილობენ კიდევ უფრო ხმამაღლა განაცხადონ, რომ მთავრობა სულ უფრო ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებს თავის ოპონენტებზე.

პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ძალისხმევას არ იშურებს საიმისოდ, რომ ღონისძიება წარმატებით ჩატარდეს. ახალი სტადიონების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მილიარდები დაიხარჯა ამ ენერგიით მდიდარ ქვეყანაში.

სპორტსმენები 20 სახეობაში შეერკინებიან ერთმანეთს. აქტივისტები კი ღონისძიებას გარედან ადევნებენ თვალს და აცხადებენ, რომ ეს თამაშები სხვა არაფერია, თუ არა ავტოკრატი ალიევის პიარ-სვლა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული, სავალალო სიტუაციის გადაფარვას.

„არავინ უნდა მოტყუვდეს იმ საერთაშორისო შოუს ბრჭყვიალებით და ბზინვარებით, რომელსაც აზერბაიჯანი მართავს, რათა წარმოაჩინოს თავისი სუფთა საერთაშორისო რეპუტაცია და მიიზიდოს უცხოური ბიზნესიო“ – ამბობს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი, ჯონ დალჰუისენი.

ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ულრიკე ლუნაჩეკი კი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: „სპორტი არა დამანაწევრებელი, არამედ გამაერთიანებელი ფაქტორი უნდა იყოს, მას შეუძლია ასეთად ყოფნა. ამგვარი სპორტული ღონისძიებისგან ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს სიამოვნების მიღება. მაგრამ ეს ნამდვილად არაა ასე, როცა საქმე ეხება ბაქოში დანიშნულ თამაშებს. რეჟიმი საჯაროდ ერთი იმიჯის კულტივირებას ცდილობს – ეს ლამაზი ქვეყანაა, ნამდვილად ასეა, იქ ნამყოფი ვარ, იქ, რომელიც ნავთობის და გაზის ექსპორტით ბევრ ფულს შოულობს და მსოფლიოს თუ ევროპის თვალში ცდილობს კარგად გამოჩნდეს. მაგრამ ქვეყნის შიგნით თითქმის ყველა უფლებადამცველი ციხეში ზის“.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში ამჟამად 100-მდე პოლიტპატიმარია, ბევრი აქტივისტი და ჟურნალისტი კი ზეწოლის ქვეშაა და ქვეყნის დატოვება აქვს აკრძალული.

ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი ხადიჯა ისმაილოვა უკვე ექვსი თვეა ციხეშია ბრალდებით, რომელიც, მისი მხარდამჭერების შეფასებით, მის წინააღმდეგ შეთითხნეს, ალიევის რეჟიმის კორუმპირებულობის შესახებ მისი რეპორტაჟების გამო.

ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ღია წერილით მიმართავს ევროპული თამაშების სპონსორებს და მოუწოდებს, თვალი არ დახუჭონ „ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვაზე, თავიანთი ეკონომიკური ინტერესების გამო“.

ამასთან, ორგანიზაცია აზერბაიჯანს მოუწოდებს პატიმრობიდან გაათავისუფლოს 12 ჟურნალისტი და ბლოგერი.

თავად ალიევი გამუდმებით უარყოფს ბრალდებას, რომ მისი რეჟიმი ადამიანის უფლებებს არღვევს.

თუმცა, აზერბაიჯანის მედიამ 9 ივნისს გაავრცელა მისი სიტყვები, რომლებითაც ის თითქოს შეფასების სტანდარტს ამცირებს – „ისინი ყოველთვის ევროპულ სტანდარტებზე ლაპარაკობენ; ცხადია, ევროპული სტანდარტები უმაღლესი სტანდარტებია. მაგრამ ჩვენ [აზერბაიჯანულ] სტანდარტებს ვიყენებთო“ – უთქვამს მას.

აზერბაიჯანის მთავრობა დიდი ძალისხმევით ცდილობს ყურადღების ცენტრში სპორტი იყოს და არა ადამიანის უფლებების საკითხი.

ბრიტანული უფლებადამცველი ჯგუფის, „პლატფორმ ლონდონის“ აქტივისტი, ემა ჰიუზი აცხადებს, რომ 9 ივნისს, ბაქოში ჩაფრენის შემდეგ, ის ქვეყანაში არ შეუშვეს.

ამავე დღეს „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ მის წევრებს არ მისცა ქვეყანაში ჩასვლის უფლება – უთხრა, თამაშების დასრულებამდე ვერ ჩამოხვალთო.

ჰიუზი ხშირად აკრიტიკებს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას, ისევე როგორც ბრიტანეთის ენერგოგიგანტის, BP-ის ბიზნეს-გარიგებებს ალიევის მთავრობასთან.

უფლებადამცველმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ აზერბაიჯანში ამ ვიზიტის დროს აპირებდა ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე დაკვირვებას, რასულ ჯაფაროვის საქმის ჩათვლით.

ჯაფაროვი – აზერბაიჯანელი აქტივისტი – 2014 წლის აგვისტოში დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ ევროპული თამაშების წინ ქვეყანაში ადამიანის უფლებების ვითარებაზე აპირებდა კამპანიის დაწყებას.

საერთაშორისო მედიასაშუალებებს, რომლებიც ასეთ ამბებს აშუქებენ, აზერბაიჯანში მწვავედ აკრიტიკებს მთავრობის მომხრე მედია.

მაგალითად, საინფორმაციო საიტი Aznews.az ბიბისის ადანაშაულებს მიკერძოებულ გაშუქებაში და აცხადებს, რომ ეს ბაქოს წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია. და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბრიტანულმა მაუწყებელმაჯაფაროვის და ისმაილოვას შემთხვევები გააშუქა – როგორც აზერბაიჯანში მოქმედი ცენზურის და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმის მაგალითები.

11 ივნისს ბრიტანეთში გამომავალმა „გარდიანმაც“ გაავრცელა ცნობა, რომ სხვა მედიასაშუალებებთან და უფლებადამცველებთან ერთად, მის რეპორტიორებსაც აეკრძალათ აზერბაიჯანში შესვლა, ევროპული თამაშების გასაშუქებლად.

აზერბაიჯანის ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ თამაშები წარმატებით ჩაივლის.

სპორტის მინისტრი, აზად რაჰიმოვი აცხადებს, რომ ამ თამაშების შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის.

ალიევს სურს თამაშებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს მსოფლიოზე. გავრცელებული ცნობებით, ახალი სტადიონის მშენებლობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას 10 მილიარდიდოლარი მოხმარდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG