Accessibility links

logo-print

ნიშნავს თუ არა ახალაიას შეწყალება განხეთქილების დასასრულს


რუსეთის ინტერესებით მოქმედი, წარსულის გზებით მიმავალი ახალი ხელისუფლება და ძველი ხელისუფლება - აღმშენებელი ძალა, რომელმაც საქართველო საინტერესო გახადა მსოფლიოსთვის - დაახლოებით ასეთი შინაარსის პარალელებია გავლებული 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელიც ყოფილ მაღალიჩინოსანს, პატიმარ ბაჩანა ახალაიას ეკუთვნის. დასრულდა თუ არა განხეთქილება ბაჩანა ახალაიასა და ყოფილ თანაგუნდელებს შორის, არის თუ არა ეს პატიმრის მიერ გამოხატული მადლიერება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების აქტის გამო, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რას ფიქრობენ პოლიტიკური ოპონენტები?

წერილში, რომელიც ორშაბათს, 4 ნოემბერს, სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” გავრცელდა, პატიმარი ბაჩანა ახალაია ბიძინა ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდს, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის მიმართ ინერტულობის გამო, ტერიტორიული მთლიანობის ”აბუჩად აგდებაში” ადანაშაულებს და თვლის, რომ ახალი ხელისუფლება ”მწვანე შუქს უნთებს” რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოში, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლების, ანუ საქართველოს დაშლისა და განადგურების მსურველთა, გათავისუფლებით. სხვა კიდევ არაერთ ბრალდებას შორის აქვეა ბრალდება კრიმინალური სამყაროს ”რეინკარნაციის” თაობაზე - ყოფილ მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ ”საქართველო ძალიან სწრაფად ფლანგავს ვარდების რევოლუციის მონაპოვარს”.

შეიძლება ითქვას, რომ წერილი სავსეა სხვადასხვა სახის ბრალდებებით ახალი ხელისუფლების მისამართით, თუმცა ტექსტში ბევრისთვის საყურადღებოდ სულ სხვა აქცენტები იქცა. კერძოდ, ის, რომ ამ წერილში გამოხატულია მხარდაჭერა ვანო მერაბიშვილისა და, საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიმართ, ანუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომლისგანაც ერთგვარად გარიყული იყო ერთი წლის წინ დაპატიმრებული ბაჩანა ახალაია და, შეიძლება ითქვას, რომ მისი დაპატიმრების გამო სერიოზული პროტესტი არასოდეს გამოუხატავს ”ნაციონალურ მოძრაობას”, ანუ განგაში არავის აუტეხია, როგორც ეს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში მოხდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბაჩანა ახალაია 4 ნოემბრის წერილში მაინც ერთობლივ სამომავლო ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას:

”არ შეგაშინოთ იმ ფაქტმა, რომ ვანო მერაბიშვილი, მე და კიდევ სხვა თანამებრძოლი ან საპყრობილეშია, ან მის მიმართ დევნა ხორციელდება. არავის ეგონოს, რომ ჩვენი რწმენა შეარყიეს, არავინ დაიჯეროს, რომ უკან დავიხევთ. პირიქით, ბრძოლა გრძელდება ახალი გამოცდილებით, ახალი შთაგონებით, ახალი ენერგიით, ახალი შემართებით”, - წერს საპატიმროში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი.

სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებდით და იქ დაველოდებოდით გამამართლებელ განაჩენს - საკმაოდ საფუძვლიანადაც, მაგრამ ამ შემთხვევაში განაჩენი უკვე აღსრულებულია და ამ საქმეზე აღარ არის სანერვიულო, რადგან სასჯელისგან გაათავისუფლა პრეზიდენტმა...
თუმცა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ სიმპათიებით აღსავსე, მხარდამჭერ შეფასებებს წინ უსწრებდა შეწყალების აქტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა 3 ნოემბერს მოაწერა ხელი. საუბარია ციხის ბუნტის საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც ახალაიას 3 წელიწადი და 9 თვე ჰქონდა შეფარდებული. „არ დავუშვათ პრეცედენტი, „კანონიერმა ქურდმა“ გაასამართლოს და ციხეში ჩასვას კანონის ფარგლებში მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი“, - აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მართალია, პრეზიდენტისთვის თავად ბაჩანა ახალაიას არ მიუმართავს და შეწყალების თხოვნა მისი დედისგან მოდიოდა, მაგრამ, როგორც პატიმრის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ფაქტმა აშკარად შეამსუბუქა მდგომარეობა და დრო მოაგებინა დაცვის მხარეს:

”სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებდით და იქ დაველოდებოდით გამამართლებელ განაჩენს - საკმაოდ საფუძვლიანადაც, მაგრამ ამ შემთხვევაში განაჩენი უკვე აღსრულებულია და ამ საქმეზე აღარ არის სანერვიულო, რადგან სასჯელისგან გაათავისუფლა პრეზიდენტმა... ასეთი ბრალდება, რამდენიც უნდათ, იმდენი ჰქონდეს, დროს წაიღებს, უბრალოდ, თორემ მეტი არაფერს არ შეცვლის - ყველა შემთხვევაში გამართლდება. მთავარია, რომ აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს. რამენაირად თუ შევუცვალეთ, მერე უკვე ძალიან ადვილი იქნება ყველაფრის დამტკიცება, როცა გარეთ იქნება თვითონ”.

პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ბაჩანა ახალაია, რომელიც დამატებით კიდევ ორ საქმეზე გაამართლა სასამართლომ, საპატიმროს ვერ დატოვებს, რადგანაც მას ამ ეტაპზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული სანდრო გირგვლიანის საქმეზე, სადაც მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროს. ამ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 19 დეკემბერს არის დანიშნული.

ეს ლოგიკური ნაბიჯიც კი იყო მისი მმართველობის მიწურულს, რომ ის ისევ დარჩეს იმ ბოროტების ავტორად, შემოქმედად, პატრონად, რომელსაც ის ამკვიდრებდა საქართველოში. ბაჩო ახალაიას შეწყალებაც ამ ბოროტების გაგრძელება იყო მისი მხრიდან...
ადვოკატ ველიჯანაშვილის თქმით, ბაჩანა ახალაიას გათავისუფლება არ აძლევს ხელს ხელისუფლებას, რადგანაც მას და მის ოჯახს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში და გათავისუფლებულ ახალაიას ამ ძალის მობილიზება შეუძლია.

თუმცა პატიმრობის პოლიტიკურ შემადგენელზე საუბარს აბსურდად მიიჩნევს ”ქართული ოცნება” და, თუკი ბოლო დღეების კომენტარებით ვიმსჯელებთ, ახალი ხელისუფლებისთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა პრეზიდენტის შეწყალების აქტი. მაგალითად, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის თინა ხიდაშელისთვის ეს ყველაფერი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ”ბოროტების” მხარდაჭერას ნიშნავს.

”ეს ლოგიკური ნაბიჯიც კი იყო მისი მმართველობის მიწურულს, რომ ის ისევ დარჩეს იმ ბოროტების ავტორად, შემოქმედად, პატრონად, რომელსაც ის ამკვიდრებდა საქართველოში. ბაჩო ახალაიას შეწყალებაც ამ ბოროტების გაგრძელება იყო მისი მხრიდან”,- აცხადებს თინა ხიდაშელი.

”ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას და თუკი ვინმე გადაიყოლებს ამ ხელისუფლებას, ეს იქნება ბაჩანა ახალაია”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე, რომელიც პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა პატიმრის მიმართ საგანგებო მხარდაჭერით. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რით შეიძლება იყოს განპირობებული ბაჩანა ახალაიას ბევრისთვის მოულოდნელი დადებითი შეფასებები ყოფილი თანაგუნდელების (და, მათ შორის, განსაკუთრებით - მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის) მისამართით, თეა თუთბერიძეს ასეთი პასუხი აქვს:

”ძაღლებმაც კი იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ხედავენ მგელს. ვიდრე არის საერთო მტერი, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით მოხდეს ამ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის სხვა საკითხი, სხვა დროს გასარჩევი და, შესაბამისად, ამის დრო ამწუთას არ არის.

თეა თუთბერიძე ამბობს, რომ როცა ბზარზე ვლაპარაკობთ, ეს ბზარი არსებობდა ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის და რომ სწორედ ამ დაპირისპირებას ”შეეწირა” ბაჩანა ახალაია.
XS
SM
MD
LG