Accessibility links

logo-print
ამერიკული მუსიკის ისტორიაში მეტად ჩახედული ბატონები სვინგის ეპოქის სამ ტენორ-საქსოფონისტს ეთაყვანებიან: კოულმან ჰოუკინსს, რომელმაც სოლირება პირველმა დაიწყო და ტენორ-საქსოფონი წამყვან, ანგარიშგასაწევ ინსტრუმენტად აქცია, ლესტერ იანგს, ბილი ჰოლიდეიმ "პრეზიდენტი" რომ შეარქვა, და, რა თქმა უნდა, ბენ ვებსტერს. ამ უკანასკნელს ექსცენტრულ პიროვნებად და ჩხუბისთავად მოიხსენიებენ. ცუდი სიმთვრალე ვის არ ჰქონია, მაგრამ ვებსტერი, მტრის და ავს, სიტყვას არავის შეარჩენდა, სდრუზავდა და თავთხლეს გაადენინებდა ხოლმე. იმასაც ამბობენ, მსოფლიო ჩემპიონი, მოკრივე ჯო ლუისი ჰყავდა გაგორებულიო. ჰოდა, ამგვარი ფეთქებადი ტემპერამენტის გამო "სასტიკს" ეძახდნენ, თუმცა ჯაზის ისტორიაში სხვა მეტსახელით, "ჯაზის პოეტად" დაიმკვიდრა თავი, რადგან სვინგის ეპოქაში მისნაირი ნატიფი და ლირიკული საშემსრულებლო მანერით ცოტა თუ დაიკვეხნიდა.



ბენ ვებსტერი 1909 წლის 27 მარტს მისურის შტატის ქალაქ კანზას-სიტიში დაიბადა. ბავშვობიდანვე ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე ჩინებულად უკრავდა. 20 წლის გახლდათ, როცა უილიამ იანგის ოჯახურ ბენდში მიიწვიეს, სადაც სულ რაღაც სამ თვეში დაეუფლა საქსოფონზე დაკვრის ხელოვნებას. ჰოდა, სამხრეთულ შტატებს თავი როგორც მევიოლინემ, პიანისტმა და საქსოფონისტმა გააცნო. მიუხედავად წარმატებული ანგაჟემენტებისა, მთავარი მაინც ნიუ-იორკის სცენაზე მოხვედრა გახლდათ და 25 წლის მუსიკოსმა ესეც მოახერხა: 1933-34 წლებში ბენი კარტერთან, 1935-ში ჯერ უილი ბრანდთან, ხოლო შემდეგ დიუკ ელინგტონის ბენდში დახვეწა ხელწერა, მომდევნო წელს კი ჰარლემში, განგსტერებითა და საშინელი ტიპებით სავსე "კოტონ კლაბში" გადაბარგდა. იმ პერიოდში იქ ქებ ქელოვეი ირჯებოდა, რომლის აფრიკული ჯუნგლების როკვა-ვიშვიში ვებსტერს გვარიანად უშლიდა ნერვებს: სოლირების საშუალებას არ მაძლევს და თავისას მიერეკებაო. ჰოდა, აიკრა გუდა-ნაბადი და ჩიკაგოში კვლავ დიუკ ელინგტონს ეახლა, რომელმაც საქსოფონისტი ჯონი ჰოჯისი ბენ ვებსტერით დაუფიქრებლად ჩაანაცვლა. ეს ერთგვარი "ტრანსფერი" მაშინ ჟურნალმა "დაუნბითმა" პირველ გვერდზე გააშუქა. დაწერეს, ბენ ვებსტერის მოსვლით ელინგტონის კოლექტიურ ჟღერადობაში აქამდე არნახული, სრულიად გამორჩეული, სისხლსავსე და ხავერდოვანი ბგერა გამოჩნდა, ტენორ-საქსოფონისტის მუსიკალურმა აზროვნებამ კი უდიდესი როლი ითამაშა ელინგტონის ბიგ-ბენდის საბოლოო ჩამოყალიბებაშიო. ასეც იყო - ისტორიამ იმ პერიოდის რამდენიმე თხზულება შემოინახა ("Cottontale", "Conga Brava", "All Too Soon", "What I'm Here For", "Sepia Panorama", "Blue Serge", "Black, Brown and Beige", "Perdido" და სხვ.), სადაც ბენ ვებსტერის საქსოფონის მეტყველება სვინგის ეპოქის ყველაზე ღირებულ სოლოებად იქნა შერაცხული.



მიუხედავად შემოქმედებითი პროდუქტიულობისა, პიანისტი და საქსოფონისტი სულ კინკლაობდნენ. ბუნებით ორივე ლიდერი გახლდათ და კონფლიქტებსაც ბოლო არ უჩანდა. დიუკს ბენზე უკეთესი მუსიკოსი არსად ეგულებოდა, ამ უკანასკნელისთვის კი ელინგტონის ბენდი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ბოლომდე ახერხებდა საკუთარი ნიჭის წარმოჩენას. მიუხედავად ამისა, 10 წლის თავზე ერთმანეთს მაინც დაშორდნენ. საქსოფონისტი რაღაც ხანს 52-ე ქუჩის კლუბებში მართავდა კონცერტებს, შემდეგ ევროპაში მოღვაწეობდა, სიცოცხლის ბოლო წლები კი კოპენჰაგენში გაატარა. ჰოდა, ბოლოსთვის ერთი უნიკალური ჩანაწერი შემოვინახე - უფრო სწორად, 63 წლის ბენ ვებსტერის ჯემ-სეიშენი, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად ერთ ჰოლანდიურ კლუბში გამართა. უნიკალურობა და გემო კი იმაში მდგომარეობს, რომ მასალა მუსიკოსის უკანასკნელი ჩანაწერი გამოდგა - ასაკის მიუხედავად, შესანიშნავ ფორმაში გახლდათ და ჯაზურ სამყაროს საკუთარი საფირმო ბგერითა თუ პასაჟებით დაემშვიდობა.

XS
SM
MD
LG