Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ჯირკვალიშვილის მწარე „კანფეტი“


გამომცემლობა „სიესტამ“ ახლახან სერიით „თანამედროვე ქართული პროზა“ გამოსცა ოთარ ჯირკვალიშვილის მოთხრობების კრებული „კანფეტი“. ეს ავტორის სადებიუტო წიგნია, თუმცა ბევრი სადებიუტო წიგნისაგან განსხვავებით მას ნაჩქარეობის და უმწიფარობის კვალი არ ატყვია. ჩანს, რომ ამ კრებულისკენ საკმაოდ დიდი ხანი მიდიოდა ავტორი - საკუთარი ხელწერის ძიება, თემების თუ კონცეფციების მოსინჯვა და ამავე დროს მათგან გაქცევის მცდელობები, შერჩეული ტექსტების წიგნში კომპოზიციურად დალაგება - ეს ყველაფერი ცალსახად იგრძნობა ოთარ ჯირკვალიშვილთან. მე ეს ავტორი წიგნში შესული ყველაზე ვრცელი მოთხრობით, „კანფეტით“ გავიცანი, როგორც „ახალი საუნჯის“ მთავარმა რედაქტორმა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოთხრობა მწარე სატირა იყო ფანატიზმზე, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ რთულად აწყობილ ტექსტს წარმოადგენდა, თავისი რეფლექსიებით, ფილოსოფიური, რელიგიური, სამედიცინო თუ პუბლიცისტური ენების და შესაბამისად, რიტორიკათა ირონიული ურთიერთმონაცვლეობით, გამოკვეთილი სიუჟეტური ხაზის არარსებობით და ა.შ. ანუ, თავისთავად, ეს ტექსტი იყო ეპატაჟური, მაგრამ ეპატაჟის მუდმივად თანამდევი ვულგარული ნიშან-თვისებები ჩამოცილებული ჰქონდა სწორედ იმით, რომ ავტორი ახერხებდა სოციალური სატირის წმინდა ლიტერატურულ სივრცეში ჩაძირვას. შეიძლება სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ ჟურნალში მის დაბეჭდვას მოსალოდნელი ვნებათაღელვანი არ მოჰყოლია. რიგითი მკითხველისათვის ამ მოთხრობას ეპატაჟური მიმზიდველობა არანაირად არ ახასიათებს, პირიქით, მისთვის იგი ალბათ რაღაცნაირად უსახური, უგემური, დამღლელი და ბუნდოვანია. და ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ მოთხრობას კი არ ეხება, არამედ მთელ წიგნსაც. ოთარ ჯირკვალიშვილი არ წერს და არც უნდა, რომ წეროს ლიტერატურა, რომელიც „ერთი ამოსუნთქვით იკითხება“. მისი ტექსტების წასაკითხად, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ბევრი ამოსუნთქვის გაკეთებაა ხოლმე საჭირო.

ლექსო დორეული
ლექსო დორეული

წიგნზე სასაუბროდ მოვიწვიეთ კრიტიკოსი ლექსო დორეული.

ლექსო დორეული: “ძალიან ბევრი მიფიქრია იმაზე, რა შეიძლება ამ წიგნზე ითქვას. ორ ძირითად თვისებას გამოვყოფ. და ეს თვისებები იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რა მიმართებას ამყარებს ოთარი თავის ტექსტებთან - არის ის ავტორი, არის რიგითი ინტერპრეტატორი თუ არის თავისივე ტექსტების მკითხველი. პირველი ისაა, რომ ავტორი გვევლინება როგორც გარკვეული „იმიჯქილერი“. ეს კონცეფცია ძალიან კარგად არის გამოხატული წიგნის ყდაზე. მუდმივი იმიჯები, რომლებიც ერთმანეთს ფარავენ და ცვლიან, და მუდმივი დეკონსტრუქციაა ამ იმიჯების. ავტორი კლავს ამას და ჩნდება სრულიად ახალი იმიჯები. და მეორე, ფრანგი ფილოსოფოსის, ემანუელ ლევინასის კითხვა, რომლითაც იგი თავის ერთ-ერთ სტატიას იწყებს: ვინ სვამს ამ შეკითხვას. ეს კითხვა, მგონია, რომ არის ამოსავალი წერტილი იმის განსაზღვრისათვის, თუ რა მიმართება აქვს ოთარ ჯირკვალიშვილს თავის ტექსტებთან, იმიტომ რომ ეს ტექსტები, რომლებიც ინტელექტუალური ტექსტებია და ამავე დროს პაროდიული ტექსტები, რომლითაც ხდება ინტელექტუალიზმის გადაფარვა და რაღაცნაირად ჩიხში შეყვანა და გამოთავისუფლება, მიუთითებენ საკუთარ თავზე. და როგორც ოთარი თავისი სარჩევის შესავალში წერს, ის გველაპარაკება არაფერზე არაფრიდან“.

„კანფეტის“ ერთ-ერთი რედაქტორი არის პაატა შამუგია, რომელიც თავის პატარა წინასიტყვაობაში წერს სწორედ იმაზე, თუ როგორ მიიღწევა ეს „არაფერზე არაფრიდან“ ლაპარაკი წიგნში:

„ოთარ ჯირკვალიშვილის ტექსტები არ არის არც ე.წ. ინტელექტუალური პროზა, არც ფილოსოფიური, არც ცნობიერების ნაკადი... ის აწარმოებს დიალოგს (მართალია, კონფლიქტურ დიალოგს) ამ ყველაფერთან, მაგრამ თავად არ შეერევა მას“.

ეს ტექსტები, სტილისტიკით ერთმანეთს ავსებენ თუ აგრძელებენ. შეიძლება, გარკვეულწილად ნოველა-ესეებად აღიქვას მკითხველმა. პერსონაჟები, მართლაც პირობითია...
გივი ალხაზიშვილი

ჩემი მხრივ დავამატებდი, რომ ეს ტექსტები პირდაპირ გაჟღენთილია სპეკულაციურობით. სპეკულაციური აზროვნება მოდებულია აქ ყველაფერს, ზოგჯერ აუტანლადაც კი. და სწორედ კვაზიფილოსოფიური თუ კვაზითეოლოგიური მეტყველება თუ რიტორიკა განაპირობებს სწორედ იმას, რომ ტექსტი იყოს მხატვრული და არა ფილოსოფიური თუ თეოლოგიური. გივი ალხაზიშვილი ამ მოთხრობებს საერთოდაც ნოველა-ესეებს უწოდებს. აი, რას ამბობს იგი:

„ეს ტექსტები, სტილისტიკით ერთმანეთს ავსებენ თუ აგრძელებენ. შეიძლება, გარკვეულწილად ნოველა-ესეებად აღიქვას მკითხველმა. პერსონაჟები, მართლაც პირობითია და უფრო სწორად ალუზიები და რემინისცენციები, მგონი ინტეპოლაციებიც მოქმედებენ უმთავრესად და ისინი განსაზღვრავენ ნარატივის დინებასა და სემანტიკას. უკიდურესი შეგრძნებების ამპლიტუდა მოულოდნელი და მუდამ ცვალებადია, რომელიც გვამოგზაურებს ავტორის ცნობიერსა და არაცნობიერში, რაც ფრაგმენტულია და ეკლექტური, ანუ ისეთი, როგორიც უნდოდა ავტორს. გაორებული ანგელოზის მეტაფორაა, ყველა ნოველა-ესეის რომ მიესადაგება და განსაზღვრავს მსოფლმხედველობას და მოთამაშე სტილისტიკას...“

ახლა კი ისევ ლექსო დორეულს მოვუსმინოთ:

ლექსო დორეული: „ბოდრიარს აქვს ამასთან დაკავშირებით კონცეფცია, და საუბრობს ავტორზე, რომელიც არის პაროდისტი ავტორი, ავტორი რომელიც ახდენს სტილიზებას გარკვეული ტექსტების. ვთქვათ, ინტელექტუალური პროზის, თეოლოგიური შეფერილობის, ფილოსოფიური შეფერილობის პროზის და ა. შ. და ავტორი, რომელიც ახდენს სიმულირებას ამ დისკურსების და თემების. ოთარს თან აქვს ძალიან კარგი თვისება და უნარი, რომ რეალობის ასახვისას ყოველთვის გამოდევნოს ეს რუტინულობა. ყოველთვის მიღმა რჩება ეს რუტინული დეტექტივიზმი და წინ მოდის უფრო მნიშვნელოვანი პლასტები. ბოდრიარი წეღან ტყუილად არ ვახსენე. ის ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ასრულებს გიჟის როლს, ის გიჟია. მე მგონია, რომ ავტორი, რომელიც ინტელექტუალური პროზის იდეალურ და სრულყოფილ პაროდიას ახდენს, ის არის ერთდროულად პაროდისტიც და ინტელექტუალი მწერალიც“.

მე მგონია, ლიტერატურისთვის და განსაკუთრებით ქართული ლიტერატურისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს ამ სტილისტიკით დაწერილი რომანი, რომელშიც ავტორი, ტექსტი და მკითხველი გაცვლიან ადგილებს...
ლექსო დორეული

საბოლოო ჯამში, მე მგონია, რომ ეს რაღაც საშუალო მდგომარეობაა ავტორისა. მას შეუძლია განაგრძოს ამ გზით სვლა, მაგრამ სად მივა, ჩემთვის გაუგებარია. მე მაინც მგონია, რომ ეს ძიების პროცესია და ოთარ ჯირკვალიშვილმა რაღაც მიმართულება უნდა აირჩიოს. საით შეიძლება წავიდეს იგი? ან ბოლომდე კვაზიტექსტები უნდა შექმნას, გააფართოოს, გაშალოს საკუთარი ხელოვნური, სუროგატული სივრცე, ან პირიქით, იგი დაჭმუჭნოს, დაჭეჭყოს, მაქსიმალურად ლაკონური გახადოს. სხვათა შორის, ამ წიგნში არის რამდენიმე მოთხრობა, მინიატურა, მაგალითად „პრევენცია“, ან „მწერალი და პატრიარქი“, სადაც იგრძნობა, რომ ავტორს შეუძლია ამ გზით წავიდეს. ანუ პირობითად რომ ვთქვათ, ბორხესის ურთულეს გზას დაადგეს. თუმცა ლექსო დორეულს, ჩემგან განსხვავებით, რატომღაც მიაჩნია, რომ ჯობს, ოთარი ფორმების გაფართოებისკენ ისწრაფვოდეს.

ლექსო დორეული: მე მგონია, ლიტერატურისთვის და განსაკუთრებით ქართული ლიტერატურისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს ამ სტილისტიკით დაწერილი რომანი, რომელშიც ავტორი, ტექსტი და მკითხველი გაცვლიან ადგილებს. ხან ტექსტი ჩადგება ავტორსა და მკითხველს შორის, ხან ავტორი ჩადგება ტექსტსა და მკითხველს შორის და ხან მკითხველი ავტორსა და ტექსტს შორის. და ამ მოთხრობებშივე ვხედავ, რამდენიმეში, რომანად ქცევის პერსპექტივას. მე, მაგალითად, ველი ოთარის რომანს, რომელიც ამ სტილისტიკის გაგრძელება იქნება. ეს ის სივრცეა, „ჩვენსივრცე“, სადაც შეიძლება იდგეს ყველა და შეიძლება იდგეს არავინ - ეს სივრცე მაინც იარსებებს, იმიტომ რომ ეს ლიტერატურული სივრცეა. და მჯერა, რომ ოთარი არც მკითხველისთვის წერს, არც თავისთვის, უბრალოდ, ლიტერატურისთვის წერს. მე მჯერა, რომ არსებობს ლიტერატურა ლიტერატურისთვის“.

დაბოლოს: რა არის ის კანფეტი, რომელსაც ავტორი გვთავაზობს? „მე შენ კანფეტი რომ გიყიდო, შეჭმიდან რამდენიმე საათში დაგავიწყდება, ახლა კი არ გიყიდი და ეს მთელი ცხოვრება გემახსოვრება“, - ეუბნება ბაბუა შვილიშვილს ამ სახელწოდების მოთხრობაში.

და მთლიანობაში, ესაა სწორედ წიგნის კონცეფცია: მწარედ გვახსოვდეს ის, რაც არ გაგვისინჯავს. მეტად უცნაური კონცეფციაა, მაგრამ ავტორი რაღაც მექანიზმებით ამის გაკეთებას ახერხებს.

XS
SM
MD
LG