Accessibility links

logo-print

ლია ლიქოკელმა თავისი სადებიუტო კრებულის, "დევის ცოლის სიცილის“, დაბეჭდვიდან სამი წლის შემდეგ "ქარჩხაძის გამომცემლობაში" ახალი კრებული გამოსცა, სახელწოდებით "გოგოობის კანონი" - თითქმის იმავე სისქის, თითქმის იმავე ფორმატის, და შიგნითაც რომ ჩაიხედავ, ლექსებიც თითქმის იმავე სიგრძე-სიგანის დაგხვდება, წინა წიგნში რომ იყო. ესაა პირველი გარეგნული ეფექტი, რაც თვალში გხვდება და მეც ამით დავიწყე, ეს მსგავსება აღვნიშნე, რათა მის მიღმა ვცადო და განხვავებები, სიახლეები დავინახო და გამოვკვეთო. კარდინალური, თვისებრივი სახეცვლილებები მოხდა ახალ წიგნშიო, ამას ვერ იტყვის ადამიანი - ფაქტობრივად, იგივე ხელწერაა, რითიც მოვიდა ლია თანამედროვე ქართულ პოეზიაში და რითიც მაშინვე გამოირჩა. თუმცა პირველ კრებულში ზღაპრების, მითების, ანდრეზების, წარსულიდან გამოძახებული არსებების სამყარო ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კონკრეტული ისტორია როცა ითხზვებოდა და იძერწებოდა, იგი საკმაოდ ხშირად შედიოდა ამ სამყაროსთან კონტაქტში, რაც მას ახალ განზომილებას და განსაკუთრებულ იდუმალებას სძენდა. "გოგოობის კანონში" კი ეს სამყარო რაღაცნაირად გაქრა, მხოლოდ ბექგრაუნდშიღა თუ იგულისხმება, თითქოს პოეტმა - გავიზარდე და რაღა დროს ზღაპრების ენით ლაპარაკიაო, თავის თავს უთხრა. თითქოს ისიც იფიქრა, ჩემს განცდებს და ტკივილებს ფოლკლორულ სივრცეში რომ ვაქცევ, სიმძაფრეს ვუკარგავ ამით და დროა, პირდაპირ დავიწყო ლაპარაკიო. ამიტომაა, რომ ეს მეორე წიგნი უფრო დეპრესიული ჩანს, ის ნაღველი კი, რაც მისი ტექსტებიდან სულ მოდიოდა, კიდევ უფრო შხამიანი გამხდარა.

წიგნზე საუბარი ვთხოვე პოეტ თეა თოფურიას. მოვუსმინოთ მას.

თეა თოფურია: მე ვფიქრობ, ვისაც ლიქოკელის პოეზია ჯერ კიდევ არა აქვს წაკითხული და აი, ამ კრებულით გაიცნობს, მისთვის იქნება ერთგვარი სიურპრიზი და რატომ: წიგნი, აი, ხელში რომ აიღებ, არის ვიზუალურად გაფორმებული ყვავილებით, ფერადი ქსოვილით და სათაურიც ისეთი ჰქვია, „გოგოობის კანონი“. ამიტომ სხვა სახის ლექსებს ელოდები შიგნით, რაღაცნაირად უფრო მსუბუქს, ფარფატას... სინამდვილეში გხვდება ძალიან სევდიანი, ძალიან მძიმე და რაღაცნაირად დრამატული ლექსები, როგორიც ზოგადად ახასიათებს ლიქოკელს. სიმძიმეში მე არ ვგულისხმობ, რომ ეს არის ცუდი ლექსი. არანაირად. პირიქით, ეს არის კარგად, ნიჭიერად დაწერილი ლექსები დარდზე, რომელიც ზოგადად აქვს ადამიანს. იმდენად მძიმეა თვითონ ეს პოეზია, რომ ხშირად არც გინდა, რომ ბოლომდე წაიკითხო, მიიყვანო ბოლომდე. შეიძლება ამის მერე ცუდ ხასიათზე დადგე, შეიძლება შენც გადმოგედოს ეს ყველაფერი. ზოგადად, ლიქოკელი არ წერს განყენებულ სამყაროზე, ანუ ის არ იგონებს არარსებულ სამყაროებს. თუ ეს ხდება, - ძალიან იშვიათად. უფრო წერს იმაზე, რაც მის გარშემოა, თავის თავზე, თავის ოჯახზე, თავის სოფელზე, დედაზე, მამაზე, ანუ სულ ერთი და იგივე თემებია და ეს კრებულიც ასეთია - ეს თემებია ძირითადად. ძირითადად, რითიც იგებს ლიქოკელის ლექსები, არის, მე ვფიქრობ, მაინც მეტაფორა. მას აქვს ძალიან კარგი მეტაფორები. მაგალითად: "გზის ბოლოს კაცგაქცეული ქალივით რომ დგას, ეგ არის ჩემი სოფელი"...

ასეა, ლია ლიქოკელი მხოლოდ თავის თავზე და თავისიანებზე წერს, თუმცა შეიძლება სხვანაირი ლექსებიც გამოძებნოთ ამ წიგნში. აი, მაგალითად, "ასანთის ღერების ამბავი", სადაც მოთხრობილია, თუ როგორ გაიპარებიან ასანთის ღერები კოლოფიდან, როგორ ზის ცარიელი კოლოფი გამორთული ტელევიზორის წინ და ვერაფერს ფიქრობს, რადგან ცარიელია, თავზე ცეცხლწაკიდებული ასანთის ღერები კი, სავარაუდოდ, სხვადახვა ადგილებში ხანძრებს აჩენენ. შეიძლება ამ ლექსის გამორჩევისას სუბიექტური ვარ, რადგან თავად ძალიან მიყვარს ნივთებზე ლექსების წერა, უსულო საგნების გაცოცხლება და მომწონს, სხვა პოეტებთანაც თუ მსგავსს გადავაწყდები ხოლმე, კარგად შესრულებულს. თუმცა ერთი კია, რომ ეს პოეტური სივრცე ლიასთვის თვითკმარი მაინც არ აღმოჩნდა და ბოლოსკენ ნივთების ამ სამყაროში საკუთარი თავი შემოიყვანა და იგი ცარიელ კოლოფს შეადარა. ეს საკუთარი თავის შემოყვანა ფინალისკენ მასთან ხანდახან ძალიან ეფექტურად ხდება. მაგალითად, ლექსში "უთხარით დამირეკოს". მთელი ტექსტის განმავლობაში პროტაგონისტი გულამოსკვნით ითხოვს, იქნებ სადმე მოძებნონ ის, ვინც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, რადგან გახსნილი სარკოფაგივით წევს საკუთარი ტანის ფსკერზე და ისე ელოდება მას. სატრფიალო პოეზიის კარგ ნიმუშს ჰგავს ეს ლექსი ბოლომდე, სანამ უცებ არ ირკვევა, რომ მიჯნური კი არ დაიკარგა, არამედ, ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ჩემი თავიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ჩემი თავი".

თეა თოფურია

თეა თოფურია

მოვუსმინოთ კვლავ თეა თოფურიას.

თეა თოფურია: ლიქოკელის ლექსების კითხვის შემდეგ სულ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გოგოს ცხოვრება უჭირს, ანუ მისთვის ეს ცხოვრება არ არის ადვილი, მძიმეა. და რეალურად, თუ ადამიანს აქვს პრეტენზია შემოქმედებითობაზე და მწერლობაზე, მარტივი ცხოვრება მას არ ექნება. და ეს, ალბათ, ბუნებრივიც არის. ასეთი ლექსი არის: „გააჩინე შვილი, მითხრა დედაჩემმა“. და იქ არის ასეთი ფრაგმენტი: „თუ გავაჩენ, დედი, თუ გავაჩენ, / თავი ას ნაწილად გამისკდება. / ერთზე ნაკლები უნდა გავაჩინო, / ერთი ადამიანი ბევრია მეტისმეტად. / ალბათ რამდენჯერმე უნდა გავაჩინო, / ერთხელ დაბადებული არავინ გადარჩება. / ცოცხალი არ უნდა გავაჩინო, / ცოცხლად გაჩენილი ყველა კვდება“. და კიდევ ბოლო სტროფი მინდა წავიკითხო, რითაც საერთოდ თავდება ეს წიგნი. ეს არის გრძელი ლექსი ასევე, სადაც ლიქოკელი მადლობას უხდის სხვადასხვა ადამიანებს. აი, მისი ბოლო სტროფი: „მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, / მადლობას გიხდით და ვამბობ: / მე არ ვტირი, როცა მტკივა. / მე ცხოველი ვარ. / ცხოველი, რომელსაც ჭრილობების გალოკვა შეუძლია, / და როცა სიკვდილის დრო დაუდგება, / სახლიდან მიდის / და ისე კვდება, სულ ვერავინ დაინახოს“.

ლია ლიქოკელის ლექსებისათვის დამახასიათებელი სიუჟეტურობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „სიკვდილის ნარატივია“. და კიდევ - სიბერის. ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ლექსი სიყვარულზეა, ან მეგობრობაზეა, ან კონკრეტულ ადამიანზეა, ან ხევსურეთზეა, მაგრამ არა, ნებისმიერ შემთხვევაში თხრობის გორგალი ერთი წერტილისკენ მიგორავს, ეს წერტილი იზიდავს მას და შლის, და ეს წერტილი სიკვდილ-სიბერეა. არა ცალ-ცალკე სიკვდილი და სიბერე, არამედ ერთ კომპოზიტად ქცეული. ანუ აღმნიშვნელი ბევრი აქვს ლია ლიქოკელს, აღსანიშნი კი ერთი - სიკვდილ-სიბერე. ისე, ასეთ დროს თავისთავად ჩნდება კითხვა, ხომ არაა ეს ცოტა ნაძალადევი, ხელოვნური? ერთგან ხომ მასაც ეპარება ეჭვი, რომ რასაც წერს, ეს "ლიტერატურად გასაღებული იაფი წუწუნია". ეს იმ ლექსში ხდება, ქუჩაში, ტროტუარზე რომ ზის და დაკარგულ ორას ლარს დასტირის. ჰო, ასეთიცაა ხოლმე ლია ლიქოკელის "ხმით ნატირლები". ის ხან საკუთარ თავს დასტირის, ხან თავის მკვდარ ძაღლს, ხანაც ორას ლარს, მაგრამ გოდების რეგისტრი ყველგან ერთნაირად მაღალი აქვს. დაბოლოს, კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი: ის ხშირად რაღაცნაირად უკუღმართად გოდებს. უკუღმართი ლოგიკა იწყებს ხოლმე ამ დროს მოქმედებას, უკუღმართი ურთიერთობები ყალიბდება, პირი და სარჩული ერთმანეთს ენაცვლება. „ჩემი შვილი დედაჩემი“ ამის ერთ-ერთი მკაფიო ნიმუშია:

„შავ მატყლში გავახვიო თოთო დედაჩემი.

წავიდე, შავ წყალში ხელები ჩავყარო,

სისხლი გამოვუშვა, ნაღველ-ბალღამი გამოჰყვეს.

წყალმა წაიღოს სიბერე,

წყალმა წაიღოს სიკვდილი.

დედაჩემი ვიშვილე, ვთქვა,

დედაჩემი გავაჩინე.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG