Accessibility links

logo-print

რამდენიმე წლის წინ ლექსი "წესიერი ლიტერატორი" დავწერე. ამას წინათ ეს ლექსი "ასავალ-დასავალმა" ხელზე დაიხვია და აქამდე რამდენიმე სხვა ქართველ მწერალთან ერთად თუ სულ გარყვნილსა და ქართული ლიტერატურის დამღუპველს მეძახდა, ახლა ქება დამიწყო - თავისი ჭკუით, მეგობრებს დამიპირისპირა: აი, იმათგან განსხვავებით, წესიერი ლიტერატორია, თავად ამბობს ამას და მისი ბოლო კრებულიც წესიერიაო. ეტყობა, კარგად ვერ წაიკითხეს ის კრებული, თორემ რაღაც უწესობებს იქ ნამდვილად აღმოაჩენდნენ. ეს ლექსი, გარკვეულწილად, ირონიულია და ვერც იმას ვიტყვი, რომ როცა ვწერდი, წესიერი ლიტერატორის ქვეშ მაინცდამაინც საკუთარ თავს ვგულისხმობდი. და მხოლოდ ორიოდე დღის წინ, როცა იმ წიგნს ვკითხულობდი, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ, უცებ მივხვდი, რომ მისი ავტორია სწორედაც ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას ამ ლექსის ბოლო სტრიქონები: "მე ხომ უკანასკნელი წესიერი ლიტერატორი ვარ მსოფლიოში, / უკანასკნელი კი მუდამ საინტერესოა". ლაპარაკია პოეტ თემურ ჩხეტიანზე, რომლის რჩეული "ბალახის სიმაღლე" სულ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა გამომცემლობა "არტანუჯმა". რა ვიგულისხმე თემურ ჩხეტიანის "წესიერებაში", შევეცდები თანდათან ავხსნა, დასაწყისისთვის კი იმას ვიტყვი, რომ არანაირად არა "ხუთოსნობა", რუტინულობა თუ მოსაწყენობა, რასთანაც ეს სიტყვა ხშირად ასოცირდება ხოლმე. ასეთი პოეტი ჩვენ ბევრი გვყავს, მაგრამ ისინი სწორედაც რომ არ არიან "წესიერები" ჩემთვის.

თემურ ჩხეტიანის "ბალახის სიმაღლეზე" საუბარი ვთხოვე მწერალსა და კრიტიკოსს გიორგი კაკაბაძეს.

გიორგი კაკაბაძე: იმთავითვე მინდა ვთქვა, რომ თემურ ჩხეტიანი არ გახლავთ ის ავტორი, რომელსაც სახელმძღვანელოებში შეიტანენ ან რომლის ლექსებსაც დიდმუცლიანი თამადა ძალიან დიდ სუფრებზე რიხითა და დიდი პათოსით იტყვის. ალბათ, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ თემურ ჩხეტიანი არ განეკუთვნება მორალისტი პოეტების რიგს, რომლებიც დიდი პათოსით წერენ ხოლმე ბუნების აღწერას ან სამშობლოს სიყვარულზე და ა.შ. ის ძალიან მოკრძალებული პოეტია. თემურ ჩხეტიანი რეფლექსიური პოეტი გახლავთ. მისი განცდა ძალიან სუბიექტური და ძალიან პირადულია. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მისი ლექსები ტოვებენ შთაბეჭდილებას ღვთის წინაშე დამდგარი კაცის მონოლოგისა და ფიქრების. ის საკუთარი თავის შესწავლითა და სამყაროს შესწავლით ცდილობს, რომ ახსნას სამყარო. თემურ ჩხეტიანი, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, - იგი ცხოვრობს, როგორც ვიცით, დედაქალაქისაგან მოშორებით, - ჰგავს ბერს, რომელიც კელიაშია ჩაკეტილი და მთელი მისი ფიქრები, მთელი მისი განცდები არის ქრისტეცენტრული. ერთ-ერთ ლექსში, რომელსაც ჰქვია "ახალი იონა", იგი თავის თავს ადარებს იონას, რომელიც ვეშაპმა გადაყლაპა და რომელიც ვეშაპის მუცელში იძულებულია, რომ, აი, ამ შეზღუდულ სამყაროში იცხოვროს და გაიაზროს ის, რაც ჭირს მას.

გიორგი კაკაბაძე

გიორგი კაკაბაძე

ხელოვნების აპოლონურ და დიონისურ საწყისებად ნიცშესეულ დაყოფას თუ გავიხსენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თემურ ჩხეტიანი წმინდა წყლის აპოლონური ხელოვანია. ამ აპოლონურობაში, ზომიერ და ღრმა სუნთქვაში, ნიჭიერ წესიერებაში იკვეთება მისი ხელწერა და თემატიკა. "მე ვწვავ ხელნაწერს... / იფერფლება ჩუმად ქაღალდი, / ხოლო კვამლი, / თეთრი და მწარე, / უკან მიბრუნებს ცრემლებს - ლექსიდან", - წერს ის ერთ თავის მინიატიურაში და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცრემლის მარადიული მობრუნების იდეას ავითარებს. არ ამბობს დიონისური ბესიკ ხარანაულივით, ერთი ცრემლით მეტი ვარო. უბრალოდ, ამბობს, რომ მისი ცრემლი მუდამ მასთან იქნება, რომ შეიძლება ხელნაწერები იწვოდეს, მაგრამ ეს მის შინაგან მდგომარეობას ვერ შეცვლის. და, აქედან გამომდინარე, მთელ წიგნში იგრძნობა პოეტის ეს შინაგანი სტაბილურობა - ისეთი უცნაური სტაბილურობა, როდესაც აი, ასეთი სტრიქონები: "მიმოვიხედე. / "ყველაფერი რიგზეა!" - / ვთქვი და ავტირდი" - ავტორის ესთეტიკურ თუ ეთიკურ სიმყარეზე მეტყველებს. ლელა კოდალაშვილმა საკუთარ წერილში აღნიშნა, რომ "მისი ლექსები არაერთგვაროვანია - კონვენციური, ვერლიბრი, ჰაიკუ და სხვა... მაგრამ სიტყვასთან, სათქმელთან მიდგომა, ძირითადად უცვლელი რჩება. უმთავრესად, ერთმანეთის მსგავსი ფორმალური ტენდენციებით მუშაობს ის". და რომ ესაა "ტალღოვანი, რბილი გრადაცია". შარშან კი, როდესაც თემურ ჩხეტიანის წინა კრებულზე ვსაუბრობდით, პოეტმა ნუგზარ ზაზანაშვილმა მისი პოეზიის მთავარ მახასიათებლად ჰერმეტულობის და ღიაობის, მნიშვნელოვანის და უმნიშვნელოს ერთმანეთთან უჩვეულო შერწყმა დაასახელა. ვფიქრობ, ამ შეფასებებიდან უკვე კარგად ჩანს პოეტის ბუნება. ისე, ეს სიტყვათშეთანხმება მის შემთხვევაში შეგვიძლია პირდაპირაც გავიგოთ, რადგან მისი პოეზია ბუნებაში დგას, ბალახებიდან ვარსკვლავებამდე, რომლებიც "ძალიან მწარედ იკბინებიან", და იქ იღებს სახეს. ბუნების მარადიული წესრიგი მის სტრიქონებზე იწყებს არეკვლას და ამიტომაც ხდება ის საინტერესო "წესიერი ლიტერატორი".

მოვუსმინოთ კვლავ გიორგი კაკაბაძეს.

გიორგი კაკაბაძე: თვითონ წიგნის სათაურიც კი, "ბალახის სიმაღლე", არის იმ ბალახზე, რომელიც იზრდება, რომელმაც იცის, რომ ერთ დროს უნდა მოითიბოს. დადგება ამის ჟამი, მაგრამ სანამ ეს დადგება, მას აქვს ცხოვრებით ტკბობის სურვილი, ცხოვრების გააზრების სურვილი, იგი მშვენივრად ამჩნევს მზის სხივსაც, ჩიტების გალობასაც, მაგრამ, ამავე დროს, მის გვერდით შხამიანი გველის გასისინებასაც. აი, ეს არის თემურ ჩხეტიანის ცხოვრება. ის ასე განიცდის ამ ცხოვრებას. ერთ-ერთი, ჩემი აზრით, ყველაზე მიგნებული და ყველაზე საოცარი მეტაფორა საკუთარ თავზე მას აქვს ლექსში "ჩარჩოები", სადაც იგი საკუთარ თავს სარკედ წარმოიდგენს. ძალიან უცნაურია, ხომ? ადამიანი მიდის, რომ სარკეშიც საკუთარი თავი დაინახოს, რაღაც გაისწოროს, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ არ ვიცით, რას განიცდის სარკე. სარკე, რომელიც ელოდება, როდის გამოჩნდება ადამიანი, რომ მას დააკვირდეს. ეს არის სარკე, რომელშიც მთელი ჩვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, კოშმარები ირეკლება.

აი, რას წერს თემურ ჩხეტიანი ერთგან:

"მირჩევდნენ, რომ მეწერა ბევრი,

მაგრამ მე ვწერდი მხოლოდ იმდენს,

რამდენიც შემეძლო -

ვწერდი ცოტას,

რადგან თვითონ მეც ცოტა ვიყავი".

ალბათ, "ბალახის სიმაღლის" - ცხოვრების განმავლობაში დაწერილებიდან საუკეთესოების 250-გვერდიანი კრებულის - ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ ამ დიდ წიგნშიც კი არანაირად არ იგრძნობა ზედმეტობა, სიტყვაუხვობა. პოეტი "სიტყვამცირია". ამას იგი თითქოს დარდობს, მაგრამ გულისგულში ნამდვილად იცის, რომ სადარდებელი ამ მხრივ არაფერი აქვს. "ცოტა იყო / ის, რაც მართლა ღირდა სათქმელად", ამბობს ის, ეს კი ნამდვილი პოეტის განცდაა, ნამდვილი პოეტის მიდგომაა პოეზიისადმი.

ბოლოს ერთხელაც მოუსმინოთ გიორგი კაკაბაძეს.

გიორგი კაკაბაძე: თემურ ჩხეტიანი არაჩვეულებრივად ფლობს ლექსის, ფაქტობრივად, ყველა ფორმას. მისთვის ძნელი არაა ლექსის წერა არც ერთ ფორმაში და თავის სათქმელს ყველანაირად ტევს იმ ფორმაში, რომელიც იმ წუთში აქვს აღებული. ფაქტობრივად, მას აქვს თავისი ხმა ნაპოვნი, მას აქვს თავისი თემა ნაპოვნი, მასში ძალიან ძნელია სხვისი ტექსტის დაჭერა, ის სრულიად ავტონომიური, თვითკმარი პოეტია. და რა არის მისი შემოქმედების დეფინიცია? შეიძლება მთელი მისი შემოქმედება ჩაეტიოს, აი, ამ სიტყვებში: "ვიყავ, მიყვარდა, მართალი ვიყავ". ეს არის პოეტი, რომელსაც ადამიანის სულების განკურნება შეუძლია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG