Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვი მიწას მიაბარეს


მოსკოვში მიწას მიაბარეს რუსეთის ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი - მას შემდეგ, რაც ის ათასობით მოქალაქემ გააცილა უკანასკნელ გზაზე.

ნემცოვი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს 27 თებერვალს.

დაკრძალვამდე მისი ცხედარი ესვენა სახაროვის ცენტრის შენობაში - მოსკოვში განთავსებული ცნობილი ორგანიზაციისა, რომელიც სამოქალაქო უფლებების დაცვას ემსახურება.

სამძიმარზე მისულმა მიხაილ კასიანოვმა, რომელიც პუტინის პრეზიდენტობის პირველ ვადაში პრემიერ-მინისტრი იყო, ახლა კი მის ოპონენტად იქცა, განაცხადა, ნემცოვი ბევრისთვის იქცა მტრად, რადგან სიმართლეს ამბობდა, ბევრს კი სიმართლის მოსმენა არ სურსო.

„ბორისი 25 წლის განმავლობაში იყო ზეწოლის ქვეშ. მას არასოდეს არავისთვის უღალატიაო“, განაცხადა ანატოლი ჩუბაისმა, ერთ დროს, ბორის ელცინის წლებში, ასევე რეფორმატორმა - მაშინ მას, ნემცოვს და იგორ გაიდარს „სამ გმირს“ უწოდებდნენ.

ლატვიისა და პოლონეთის წარმომადგენელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთმა მათ არ მისცა ქვეყანაში შესვლისა და დაკრძალვაზე დასწრების უფლება. მათ შორისაა პოლონეთის სენატის სპიკერი ბოგდან ბორუსევიჩი.

რადიო თავისუფლება გაესაუბრა ნემცოვთან დასამშვიდობებლად მისულ რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს:

„ბორის ნემცოვი რუსული ინტელიგენციისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი იყო. როგორ გითხრათ, ჩვენს რიგებში სიცარიელემ დაისადგურა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო თავის გარშემო შემოეკრიბა პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული ხალხი. რა თქმა უნდა, ეს დანაკარგია“, - გვითხრა 43 წლის ელენა უსტინოვამ, დიასახლისმა.

მოსკოვის მცხოვრებმა, 78 წლის ლიუდმილა ივანოვამ კი მოკლული პოლიტიკოსი ასე დაახასიათა:

„მეც ამ მთავრობის ოპოზიციონერი ვარ. ის ჩვენი ლიდერი და ორგანიზატორი იყო, რომელიც ყველას გვაერთიანებდა. ახლა მხოლოდ [ალექსეი] ნავალნი დარჩა, ხოლო ნავალნი სადაც არის, ხედავთ - ციხეში. ბორისი იყო შესანიშნავი, კეთილი, მხიარული და კარგი. ის არ იყო რიგითი ადამიანი. მას იცნობდნენ რუსეთის გარეთაც - მათ შორის, ობამა, გერმანიაში და ასე შემდეგ. ის ნაბდვილად გლობალური მნიშვნელობის ფიგურა იყო“.

სახაროვის ცენტრთან ხალხის ნაკადი შეწყვეტილი არ იყო მაშინაც, როცა ნემცოვის ცხედარი კატაფალკით წაიღეს ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე. ფართო ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ გამოსული და სკანდირებდნენ, „რუსეთი თავისუფალი იქნებაო“.

პარლამენტში დარჩენილი რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსიდან ერთ-ერთმა, დმიტრი გუდკოვმა, განაცხადა, „მე მას არ ვემშვიდობები, რადგან გმირები არ კვდებიანო“.

სახაროვის ცენტრში, დარბაზის კედლებზე ეკიდა ნემცოვის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის ამსახველი შავ-თეთრიფოტოები.

ნემცოვის მოღვაწეობა მოიცავდა პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპს - 1990-იანი წლების მზარდი დემოკრატიიდან დღევანდელ დღემდე, როცა, კრიტიკოსების თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში სულ უფრო მეტად ძლიერდება ოპონენტების დევნა.

მოსკოველები უკანასკნელ პატივს მიაგებენ ბორის ნემცოვს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:04 0:00

პუტინის თანაშემწეები უარყოფენ ნემცოვის მკვლელობასთან რაიმე ფორმით შეხებას. ნემცოვს ოთხჯერ ესროლეს ზურგში პარასკევს, კრემლის კედლებთან ახლოს. ნემცოვის თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის ემსხვერპლა იმ სიძულვილით გაჟღენთილ ატმოსფეროს, რომელსაც რუსეთში პრეზიდენტთან დაპირისპირებული ნებისმიერი ფიგურის წინააღმდეგ აღვივებენ.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ნემცოვის მკვლელობამ შესაძლოა ახალი მუხტი შემატოს რუსეთის დაყოფილ ლიბერალურ ოპოზიციას და ქალაქებში მცხოვრებ საშუალო კლასის პროფესიონალ მუშაკებს გაუღრმავოს განცდა, რომ მათ ქვეყანაში ძლიერდება შიშის და რეპრესიის კლიმატი.

მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, მკვლელობა არ გამოიწვევს პროტესტს და ამბოხებას მთელი საზოგადოების მასშტაბით. ნემცოვის მხრიდან უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მწვავე კრიტიკა აცდენილი იყო საზოგადოების ზოგად განწყობას და, ამასთან, მის პოლიტიკურ კარიერას ჩრდილს აყენებდა მთავრობაში სამსახურის გამოცდილება ქაოსური 1990-იანების დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG