Accessibility links

logo-print

გამომცემლობა "დიოგენემ" სერია "ამერიკელების" უკვე მე-17 წიგნი გამოუშვა. ზოგიერთზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, ზოგიერთზე საუბარი წინ გვაქვს, დღეს კი ეს მე-17 ტომი გადავშალოთ, სადაც ჩარლზ ბუკოვსკის რომანი "ფოსტაა" დაბეჭდილი, ქეთი ქანთარიას მიერ ნათარგმნი.

ესაა ამ საკულტო მწერლის პირველი რომანი, რომელიც 1971 წელს გამოიცა და მას პოპულარობა მოუტანა. ტექსტი ავტობიოგრაფიულია. ბუკოვსკი 1952 წელს მოეწყო ფოსტალიონად აშშ-ის საფოსტო სამსახურში, ტერმინალ "ანექსში", სადაც ალკოჰოლიზმისა და სამუშაო რეჟიმის დარღვევების გამო მუდამ პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ 1970 წელს დატოვა ეს სამსახური და გამომცემლობა "Black Sparrow Press"-ში მოეწყო. რომანი ძალიან სწრაფად, სულ რაღაც სამ კვირაში დაიწერა. ცნობილია ისიც, რომ ამ ხნის განმავლობაში ბუკოვსკიმ დალია 20 პინტი ვისკი და ლუდის 25 შეკვრა და მოსწია 80 სიგარა. ასეთი სტატისტიკა, ცოტა არ იყოს, სასაცილოა, მაგრამ ნაწარმოების ხასიათს კარგად შეესატყვისება და ამიტომაც მისი აქ მოტანა მართებულად ჩავთვალე. რომანის მთავარი გმირი, ჰენრი ჩინასკი, ჩარლზ ბუკოვსკის ალტერ ეგოა და მის სხვა ტექსტებშიც ფიგურირებს. "ყველაფერი შეცდომით დაიწყო" - აი, ამ ფრაზით იწყებს რომანს ბუკოვსკი. მაგრამ თავდაპირველად ეს შეცდომა არ ჩანს. პირიქით: საფოსტო სამსახურში ჩინასკი უპრობლემოდ აჰყავთ, ორ კინკილა კვარტალს მიაბარებენ, ისიც ნება-ნება დასეირნობს ქალაქის ქუჩებში, საფოსტო ყუთებში საშობაო ბარათებს ჩურთავს და გზად გადაყრილ ქალებთან ფლირტის გაბმასაც ახერხებს. ჩინასკი ფიქრობს, რომ ძალიან მოხერხებულ სამუშაოს მიაგნო და ცხოვრებაც ასე იოლად და ლაღად გაგრძელდება, მაგრამ თანდათანობით სიტუაცია იცვლება.

მთელი ბუკოვსკი, იგივე ჩინასკი, იმაშია, რომ ესაა თანდაყოლილი თავისუფლების მქონე ადამიანი, რომელსაც თავისი თავის იმედი აქვს. რა გარემოშიც არ უნდა მოხვდეს, ადამიანისთვის აგრესიულში თუ არაბუნებრივში, თავს გადაირჩენს, როგორც ადამიანი...

ცხადი ხდება, რომ ფოსტალიონად მუშაობა სამოთხეში ყოფნა არაა: ბუნების კატაკლიზმებით დაწყებული, სისტემის მარწუხებით დამთავრებული, ყველაფერი ნელ-ნელა თავის სახეს აჩენს და ორთაბრძოლაც ჩაღდება: თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ცდილობს რუტინისა და მექანიკური ქმედებების სამყაროს დაუსხლტეს, ცდილობს, მიუხედავად ასეთი წნეხისა, ბოლომდე შეინარჩუნოს თავისი არეული რეჟიმი, არ იქცეს სისტემას დაქვემდებარებულ, უსახურ საჯარო მოხელედ. ესაა რომანის მთავარი თემა და სწორედ ამ თემაზე დავიწყე საუბარი მთარგმნელ ქეთი ქანთარიასთან. მოვუსმინოთ მას.

ქეთი ქანთარია: „საერთოდ ვერ ვხვდებოდი, თავისუფალი ადამიანი, ხაფანგში გამომწყვდეული, რატომ არ გადის ამ ხაფანგიდან და იქ ბოლომდე - და თან ბოლომდე თავისუფალი - რჩება, მაგრამ ის მცირე აბსურდი, რომელსაც ეს „ფოსტა“ შეიცავს, ეს რომანი, უნდა იყოს არაშემთხვევითი. აბსურდის განცდა უნდა გქონდეს და ეს აბსურდი რაღაც ისეთს უნდა უკავშირდებოდეს, რაც ადამიანისთვის უცხოა და თავსმოხვეული. მანქანასავით აღიქმება ეს საფოსტო განყოფილება, რომელიც ბოლომდე მე თვითონაც ვერ აღვიქვი, ეს, როგორც ჩვენ ვიტყოდით, "მახინა", მაგრამ ისეთი განცდაა, რომ ადამიანი თავისი ნებით და მერე უკვე ცოტათი არანებითაც მოყოლილია ამ არაადამიანურ მანქანაში.

მთელი ბუკოვსკი, იგივე ჩინასკი, იმაშია, რომ ესაა თანდაყოლილი თავისუფლების მქონე ადამიანი, რომელსაც თავისი თავის იმედი აქვს. რა გარემოშიც არ უნდა მოხვდეს, ადამიანისთვის აგრესიულში თუ არაბუნებრივში, თავს გადაირჩენს, როგორც ადამიანი. მართლა რაღაც ცნობისმოყვარეობით მიდის. ყოველ შემთხვევაში, შიში იქ არ იგრძნობა ამ ყველაფრის მიმართ. თავგადასავალია მაინც, რომელიც, უბრალოდ, ძალიან დიდხანს გაგრძელდა, 12 წელი“.

ეს თავგადასავალი არაა მხოლოდ ლოთობის, მექალთანეობის თუ დოღებზე სიარულის მარტივი ჯამი. ესაა თავგადასავალი ადამიანების ჭრელ გალერეაში. ბუკოვსკი თავის ალტერ ეგოს აღმა-დაღმა დაატარებს, ფოსტალიონის ჩანთით მხარზე, და ათასნაირ ტიპაჟს ახვედრებს. საფოსტო განყოფილებაში გამოკეტილ ჩინასკისაც კი არ აკლდება მსგავსი თავგადასავლის სიამენი: ერთი მიდის, მეორე მოდის და ტრაგიზმის, სიგიჟის, სისუსტის თუ შეპყრობილობის ნიშნით დაღდასმული ახალ-ახალი პერსონების რიცხვი არ კლებულობს. აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობაში ჩინასკი, ერთი მხრივ, თითქოს უცვლელი რჩება, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ერთიან აგდებულ დამოკიდებულებაში განწყობილებების მრავალფეროვნება მაინც შეიმჩნევა: გულგრილობა თანაგრძნობით იცვლება, გიჟმაჟობა - სევდით, დამცინავი ტონი - სიწრფელით, მსუბუქი იუმორი - მწარე თვითირონიით. ბინძური ენა რაღაც მომენტში ქრება, მერე ისევ წამოყოფს ხოლმე თავს. ყოველივე ეს მთარგმნელს ნახევარტონებში უნდა დაეჭირა, რაც მან ბრწყინვალედ შეძლო. სწორედ ამიტომ ქეთი ქანთარიას მეორე შეკითხვა ტექსტზე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით დავუსვი.

ქეთი ქანთარია

ქეთი ქანთარია

ქეთი ქანთარია: „განსაკუთრებული სირთულე არ იყო, მაგრამ თარგმნის დროს ხვდები, რომ რაღაც არის შესაცვლელი, ახალ რეგისტრზე გადადიხარ, რაღაც გემოვნების და სითავხედის ზღვარზე უნდა იმოქმედო, თან ისე, რომ პირველი პრინციპი მთარგმნელის - ტექსტზე მეტად, ვიტყოდი, ავტორის ერთგულება, - ყოველთვის უნდა იდგეს პირველ ადგილზე. რაღაც მომენტებში ვგრძნობდი, რომ თავი არის მოსათოკი და ყველა ავტორთან შეხებისას ცოტათი რაღაც როლში ხარ. მსახიობივით ხარ ასეთ დროს. არ ვიცი, სხვები როგორ შედიან ამ როლში, მე ჩემს ინსტრუმენტებს ვპოულობ ხოლმე იმ სამყაროსთან მისაახლოებლად. ხანდახან მეხმარება ძველი ამერიკული კინო. იმ პერიოდის რაღაც ატმოსფეროს შენთვის იქმნი, როცა ტექსტზე მუშაობ. თვითონ ამერიკის აღქმა, როგორც რაღაც სამყაროსი, მაქვს უფრო იმ ათწლეულების, რომელიც ცოტათი წარსულში დარჩა, ჩემი ბავშვობის პერიოდში, და მერე რაღაც სხვა წამოვიდა. ბუკოვსკი არ არის ჩემი ყველაზე საყვარელი ავტორი, მაგრამ ვგრძნობ, ყოველ შემთხვევაში“.

"ვასაღებ მხატვრულ ლიტერატურად და არავისაც არ ვუძღვნი" - ასე აქვს წაწერილი "ფოსტას". 70-იანი წლების დასაწყისში შეიძლება, რაღაც თვალსაზრისით, მართლა მხატვრულ ლიტერატურად გასაღების პროვოკაცია იყო ასეთი წიგნის დაწერა და გამოცემა. და ბუკოვსკი აქაც ბოლომდე მართალია: კონტექსტს ითვალისწინებს და მკითხველს არ ატყუებს. დღეს ეს "შემოსაღებული" ლიტერატურა ცოტა სხვანაირად იკითხება. რაც მთავარია, იკითხება უკვე ქართულადაც. "დილით კი დილა იყო და მეც ჯერ ვტოკავდი. იქნებ რომანი დამეწერა-მეთქი, გავიფიქრე. ჰოდა, დავწერე", - ასე ასრულებს რომანს ბუკოვსკი. ჰოდა, რაკი ტოკავდა და დაწერა, თქვენც გატოკდით და წაიკითხეთ: თავისუფალი ადამიანის ტრაგიკომიკური თავგადასავალი წეს-კანონებით შებოჭილ სამყაროში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG