Accessibility links

"მონტრეს ჯაზფესტივალი" კლოდ ნობსის გარეშე


კლოდ ნობსი, 2006 წელი

კლოდ ნობსი, 2006 წელი

კლოდ ნობსის პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წონადი მუსიკალური ფორუმის - "მონტრეს ჯაზფესტივალის" - სულისჩამდგმელი და დამაარსებელი გახლდათ.

კლოდ ნობსი 1936 წლის 4 თებერვალს მონტრეში დაიბადა. ჯერ მზარეულის ხელობას ეუფლებოდა, შემდეგ ერთ ტურისტულ კომპანიას ჩაუდგა სათავეში, კონცერტების ორგანიზებით ცდილობდა უცხოელი სტუმრების მონტრეში შემოტყუებას. 60-იანებში ის ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდია "Atlantic Records"-ს შეეკრა და, ბებერ კონტინენტზე პირველად, რობერტა ფლეკი და არეტა ფრანკლინი ჩამოიყვანა, მოგვიანებით კი "როლინგ სთოუნზის" კონცერტით გაუხარა გული ევროპელებს. რაც შეეხება ჯაზფესტივალს, ის 1967 წელს მონტრეს სამორინეში დაიბადა. კლოდ ნობსმა "პატარა" ისეთ ჩინებულ მუსიკოსებს მოანათვლინა, როგორებიც კიტ ჯარეტი, ჩარლზ ლოიდი, რონი მაკლარი და ჯეკ დეჯონეტი ბრძანდებიან. ეს ოთხეული მაშინ კვარტეტის ფარგლებში თანამშრომლობდა.



სახელოვანი ნათლიების მიუხედავად, პირველი ფესტივალი ფორმატითა თუ სტუმრიანობით მაინც მოკრძალებული გამოდგა. კლოდ ნობსმაც ფორუმის გაფართოება გადაწყვიტა, როგორც არტისტების, ასევე მუსიკალური ჟანრების თვალსაზრისით - ჯაზს რიტმენბლუზი, რეგეი, როკმუსიკა და სოული შეაშველა. ჰოდა, მომდევნო წლებში შვეიცარიულ სცენაზე ბილ ევანსს, ქაუნთ ბეისისა და ჩარლი მინგუსს ჩაკ ბერი და სანტანა ენაცვლებოდა, დიზი გილესპისა და მაილს დევისს - ბიბი კინგი და ვან მორისონი, ელა ფიცჯერალდსა და ჯო ზავინულს - "ლედ ზეპელინი" და "პინკ ფლოიდი“. და აი, 1971 წლის ფესტივალის ცნობილ მოვლენებსაც მივადექი, ფრენკ ზაპას კონცერტისას მონტრეს სამორინეში ხანძარი რომ გაჩნდა. ამბობენ, კლოდ ნობსმა ივარგა და გამოცდილი მაშველივით არაერთი მსმენელი გამოიყვანა ალმოდებული შენობიდანო. ჰოდა, ამ ამბებს ჯგუფ "Deep Purple"-ის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც იმხანად მონტრეს გასართობ კომპლექსში მეექვსე სტუდიურ ალბომზე, "Machine Head"-ზე მუშაობდნენ. განვითარებულ ცეცხლოვან მოვლენებს კი როკმუსიკის ჰიმნად ქცეული სიმღერა "Smoke On the Water" მიუძღვნეს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ იან გილანი ნობსს "ფანკი კლოდს" ეძახდა, პატივისცემის ნიშნად მონტრეს სცენაზე გვერდით დაიყენებდა და ჰარპზე აკვრევინებდა ხოლმე.



დროის სიმცირის გამო, მონტრეს ჯაზფესტივალზე გამართული ლეგენდარული კონცერტების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ამჯერად კლოდ ნობსის მიერ დამკვიდრებულ კიდევ ერთ დიდებულ ტრადიციაზე მოგახსენებთ. ორგანიზატორული ნიჭის გარდა, პროდიუსერის ალღო და მუსიკალური გემოვნებაც შესაშური ჰქონდა. პერსპექტიულ არტისტებზე ნადირობდა - სადმე თუ ნიჭიერ ახალგაზრდას მოჰკრავდა ყურს, ფესტივალზე ეპატიჟებოდა, მასტერკლასებს უსასყიდლოდ უტარებდა და დიდი სცენისკენ გზას უკვალავდა.

ცოტა ხნის წინ "იუნესკომ" მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვის რეესტრში "მონტრეს ჯაზფესტივალის" აუდიოვიდეომასალა შეიტანა. საუბარია დაახლოებით 4000 კონცერტის 5000-საათიან უნიკალურ ჩანაწერებზე, რომელთაც კლოდ ნობსი თავად იწერდა და 46 წლის მანძილზე რუდუნებით აგროვებდა. ორგანიზაციის განცხადებით, მასალას ციფრული მასტერინგი ჩაუტარდება და სულ მალე მელომანები აქამდე უცნობი ისტორიული კონცერტების ნახვასა და მოსმენას შეძლებენ. სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ თავად "არქივარიუსი" ვერ მოესწრო მისი ღვაწლის აღიარებას - ამა წლის იანვარში, თხილამურებზე სრიალისას, მძიმე ტრავმა მიიღო და გონზე მოუსვლელად 76 წლის ასაკში აღესრულა.

დიახ, წლევანდელი მონტრეს 47-ე დღესასწაული კლოდ ნობსის გარეშე ჩაივლის. ფორუმს მისი ძველი მეგობარი ლეონარდ კოენი ღვინოსავით გემოტკბილი ალბომით - "ძველი იდეებით" - გახსნის. ივლისის ბოლომდე ისეთ მუსიკოსებსა და ჯგუფებსაც ნახავს კაცი, როგორებიც ბრძანდებიან: ქუინსი ჯოუნსი, ჩარლზ ლოიდი, ზაკირ ჰუსეინი, ბონი რეიტი, პრინცი, სტინგი, დაიანა კროლი, Cat Power, Green Day, ZZ Top, Kraftwerk, Deep Purple და მრავალი სხვა. ფესტივალს კი მარკუს მილერი დახურავს, რომელიც თავის ბოლო სტუდიურ ალბომს "Renaissance"-ს წარმოადგენს და კლოდ ნობსის ხსოვნას მიუძღვნის.

XS
SM
MD
LG