Accessibility links

logo-print

რუსმა მესაზღვრეებმა დაკავებული თენგიზ ყურუას სანაცვლოდ ოჯახს 30 ათასი რუბლი მოსთხოვეს


თენგიზ ყურუას სახლი

თენგიზ ყურუას სახლი

ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში რუსი სამხედროების მიერ 4 დღის წინ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ყურუას ადგილსამყოფელი ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია. დაკავებულის მეუღლის, ლუიზა ფარცვანიას განცხადებით, სამხედროებს, მოთხოვნისამებრ, 30 ათასი რუსული რუბლი უკვე გაუგზავნეს, ამიტომ მის გათავისუფლებას ოჯახი მეორე დღეა ელოდება:

„სანათესაომ, სამეზობლომ თხილი გაყიდეს წინასწარ და შეაგროვეს ფული. ჩვენ ოფიციალურად არავინ დაგვკავშირებია იქედან. ვინც იქ იყო მისული, მაგას უთხრეს, რომ ფულს თუ არ გადავიხდიდით, გუდაუთაში გადაიყვანდნენ“.

სოფელ ორსანტიაში მცხოვრები თენგიზ ყურუა რუსმა სამხედროებმა 16 ივნისს მაშინ დააკავეს, როცა მდინარე ენგურის სანაპიროზე მეზობელ მურმან ალფენიძესთან ერთად ფიჩხს აგროვებდა. ალფენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის სამხედროებს გაექცა და მეზობლის დახმარება ვერ შეძლო. მისივე განმარტებით, მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთიათ:

„გადათხრილი რომ არის, იმის აქეთ მოვდიოდით. იქ ორი კაცი ყოფილა. გვითხრეს, გაჩერდითო და ჩვენც გავჩერდით. როგორც კი შემოუხვიეს, მე გამოვიქეცი“.
დაკავების შემდეგ ფულს ახდევინებენ, ამაში ახალი არაფერი არ არის. იქ განუკითხაობაა და სადაც განუკითხაობაა, იქ, ვინ იცის, რა ხდება. ასეთი შემთხვევები ხშირია. უბრალოდ, ზოგჯერ ხმაურდება, ზოგჯერ უხმაუროდ აგვარებენ დაკავებულის ნათესავები...

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოთარ გოგოხიას განცხადებით, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მიზეზით რუსი სამხედროები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ, ძირითადად თანხის გამოძალვის მიზნით:

„დაკავების შემდეგ ფულს ახდევინებენ, ამაში ახალი არაფერი არ არის. იქ განუკითხაობაა და სადაც განუკითხაობაა, იქ, ვინ იცის, რა ხდება. ასეთი შემთხვევები ხშირია. უბრალოდ, ზოგჯერ ხმაურდება, ზოგჯერ უხმაუროდ აგვარებენ დაკავებულის ნათესავები. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამ შემთხვევაში ყურუას საზღვარი არ გადაუკვეთია. პირიქით, მესაზღვრეები გადმოვიდნენ აქეთ და გადაიყვანეს იქეთ“.

ორსანტია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ესაზღვრება, სოფლებს მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ გათხრილი ე.წ. სასაზღვრო ზოლი ყოფს. ადგილობრივების თქმით, ისინი ცდილობენ ე.წ. საზღვარს არ მიუახლოვდნენ, რადგან მას რუსი სამხედროები მუდმივად აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG