Accessibility links

logo-print

საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საჭიროებისამებრ გადაეგზავნება. მანამდე პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიას მოუწოდა საკითხის განხილვაში ჩაერთოს. საუბარია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომელიც 2020 წლის არჩევნების ახალი წესით ჩატარებას შეეხება. ეს ინიციატივა პარლამენტში 8 სექტემბერს დარეგისტრირდა. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტებისა და ოპოზიცურ პარტიათა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირება საკონსტიტუციო კომისიის არსებობას აზრს უკარგავს.

სანამ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სთხოვდა საკითხის განხილვაში ჩართულიყო და თავისი პოზიცია გამოეხატა, 8 სექტემბერს პარლამენტში დარეგისტრირდა კოალიცია „ქართული ოცნების“ 81 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილებების თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით დაკომპლექტდეს. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ასეთი საკითხები საკონსტიტუციო კომისიამ განიხილოს.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე საპარლამენტო უმრავლესობაშიც არ არსებობდა კონსენსუსი, თუმცა ის მიღწეული იქნა და ახლა დაგეგმილია შეიქმნას კონსტიტუციური კანონის საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ამ ინიციატივის საზოგადოებისთვის გაცნობას:

„იმის მტკიცება, რომ კონსტიტუციური კანონის პარლამენტში განხილვა შეიძლება მოხდეს მისი პარლამენტის გარეთ განხილვის გარეშე, ეს ამ პროცედურების არცოდნას შეიძლება ნიშნავდეს, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ამ ინიციატივის საყოველთაო სახალხო განხილვა მოხდება და ეს მოხდება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში“.

ვახუშტი მენაბდე

ვახუშტი მენაბდე

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით ცვლილების განხორციელება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საკონსტიტუციო კომისია უზრუნველყოფდა მაღალ საზოგადოებრივ ჩართულობას და მაღალ კონსენსუსს, მისი გვერდის ავლით მოქმედება კი ამ მიზნის უგულებელყოფას ნიშნავს. ვახუშტი მენაბდის თქმით, როცა საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია უკვე შესული, მას საკონსტიტუციო კომისია განიხილავს თუ არა, აზრი აღარ აქვს. ეს, უბრალოდ, პოლიტიკური საკითხი იქნება და არა სამართლებრივი:

„საკონსტიტუციო კომისიაზე ამ საკითხს, ალბათ, არც გაიტანენ, ცალკეული წევრები თავის აზრს გამოხატავენ და ეს არაფერს არ შეცვლის. საკონსტიტუციო კომისია აქედან ამოვარდნილია. ამიტომ ჩემთვის ბუნდოვანია არგუმენტი იმის შესახებ, რომ 5 დღეში მაინც უნდა შევიკრიბოთ. გინდათ ერთ საათში შეიკრიბეთ, საკონსტიტუციო კომისიის მატარებელმა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით უკვე ჩაიარა“.

ვახუშტი მენაბდის თქმით, ხელისუფლება ცდილობს 2016 წლის არჩევნებისთვის დატოვოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც მას იმაზე მეტ მანდატს მისცემს, ვიდრე საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, და ამით მისი ქცევა არ განსხვავდება არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც მანამდე „მოქალაქეთა კავშირის“ ქცევისგან.

ერთადერთი „ქართული ოცნებაა“, ვინც ამ ყველაფრის გვერდის ავლით ახორციელებს ამ ცვლილებებს და ფულს მაინც რატომ ხარჯავენ ამ საკონსტიტუციო კომისიის აპარატის შენახვაზე, ეს მაინტერესებს...

მმართველ კოალიციას საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ერთპიროვნულად მსჯელობის გამო საყვედურობს, საპარლამენტოსთან ერთად, არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას 2016 წლის არჩევნებისთვის მოითხოვენ.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ის, რაც ახლა ხდება, იმის დასტურია, რომ საკონსტიტუციო კომისიის არსებობას საფუძველი ეცლება. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიას სექტემბერში მესამედ გაუგრძელდა ვადა 6 თვით და როცა ხელისუფლება ამ ფონზე მისი გვერდის ავლით ახდენს ცვლილების ინიცირებას, ეს ნიშნავს შემდეგს:

„ხელისუფლებამ აირჩია არა კონსენსუსის გზით სიარული, ფორმალურადაც კი არ მოინდომა, რომ ეს გზები გაევლო, მაშინ როცა ამ საკითხზე სრული კონსენსუსია მთელ ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი ამას უჭერს მხარს, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოითხოვა და ერთადერთი „ქართული ოცნებაა“, ვინც ამ ყველაფრის გვერდის ავლით ახორციელებს ამ ცვლილებებს და ფულს მაინც რატომ ხარჯავენ ამ საკონსტიტუციო კომისიის აპარატის შენახვაზე, ეს მაინტერესებს“.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, საკითხის საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში განხილვა მართებულია, თუმცა კომისიის სხდომა ერთ კვირაშია დაგეგმილი და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მოხვდება თუ არა ეს საკითხი საკონსტიტუციო კომისიის განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG